02 ნოემბერი, 2014
კაცი, რომელიც მესამე ცოლმა დაღუპა - "შვილი მიყვარდა, მაგრამ მისთვის მზად არ ვიყავი..."
მშობლები დამეხოცა, სრულიად მარტო დავრჩი და ვიფიქრე, მშვიდად და მყუდროდ გავატარებ დარჩენილ წლებს-მეთქი ეს მამაკაცი წლების განმავლობაში ცდილობდა „სათავისო ქალის“ პოვნას, ორჯერ იყო დაოჯახებული და ქალებთან თანაცხოვრებით მიღებული გამოცდილების შედეგად, კიდევ ერთხელ ამ ნაბიჯის გადადგმას აღარ გეგმავდა. თუმცა სიტუაცია ისე განვითარდა, რომ მან კიდევ ერთხელ გადაწყვიტა დაოჯახება და როცა უკვე მომავალი ნათელ ფერებში ესახებოდა, მძიმე დარტყმა მიიღო...

არჩილი, (44 წლის):

- პირველად რომ ცოლი მოვიყვანე, 17 წლის ვიყავი. მაშინ, მგონი, ამ სიტყვის მნიშვნელობა არც კი ვიცოდი
(იცინის). ძმაკაცებთან ერთად რესტორანში ვქეიფობდით, მაგარი დავთვერი. იქვე გვერდით სუფრასთან გოგონები ისხდნენ. მათ შორის ყველაზე ლამაზს ხელი დავტაცე და ძმაკაცის აგარაკზე გავაქანე. იმ გოგოს მარტო სახელი ვიცოდი, მეტი არაფერი. მეორე დილას თვალი რომ გავახილე და გვერდით ეს უცხო გოგონა გამხვდა, უცბად ისიც კი ვერ გავიხსენე, მისთვის როგორ მიმემართა. მერე თანდათან აღვიდგინე მომხდარი. მას სალომე ერქვა, ჩემზე ერთი წლით პატარა იყო და სკოლაში მეთერთმეტე კლასში სწავლობდა. სრულიად ბავშვი იყო, უმწეოდ იყურებოდა და ძალიან შემეცოდა. მაშინვე ვუთხარი, ჩაიცვი და ჩემს ოჯახში წავიდეთ-მეთქი. სანამ სალომეს სახლში მივიყვანდი, დედ-მამასთან გადავრეკე და ცოლის მოყვანის ამბავი ვახარე. ჩემებს ძალიან გაუკვირდთ, მაგრამ როგორც კი სალომე დაინახეს, მაშინვე შევატყვე, რომ რძალი მოეწონათ. ნათესავები მოვიდნენ, გაიშალა სუფრა, დაიწყეს გამოკითხვა, სად და როგორ გავიცანით ერთმანეთი, რამდენ ხანს ვხვდებოდით. აბა, როგორ ვიტყოდი, რომ სალომეს მხოლოდ რამდენიმე საათი ვიცნობდი?! რაღაცები მოვიტყუე, სხვებთან ერთად სალომეს უხმოდ მისმენდა. მოკლედ, ასე შევრჩით ერთმანეთს, თუმცა სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ჩემმა პირველმა ქორწინებამ სამ წელიწადს გასტანა.
- პირველი ქორწინებიდან ბავშვი გყავთ?
- კი, ქორწინების წლისთავზე სალომემ ბიჭი გამიჩინა. აუჰ, მაშინ უნდა გენახათ ჩემი სახე, როცა პირველად ჩემი შვილი ხელში ავიყვანე. მამობა დიდად ვერ გავაცნობიერე, მაგრამ რაღაცნაირი სიამაყის გრძნობა მქონდა. ეს თავიდან, თორემ მერე ბავშვი რომ ღამით ტიროდა, ნერვები მეშლებოდა. როცა ჩემი ცოლი მთხოვდა, ადექი, მომეხმარე და ჩვენს შვილს ახლა შენ მიხედეო, მეზარებოდა. განა შვილი არ მიყვარდა, მაგრამ მისთვის მზად არ ვიყავი.
- ცოლს ამიტომ გაშორდით?
- არა, სხვა ქალი შემიყვარდა. ნინომ ყველაფერი დამავიწყა - შვილიც, ცოლიც და ყველანაირი ვალდებულება. ის ჩემი მეგობრის და იყო და ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი. ყველაფერი უცებ მოხდა. ერთ დღეს სახლში მივედი და სალომეს ვუთხარი, რომ აჯობებდა ჩვენს შვილთან ერთად მშობლებთან დაბრუნებულიყო. საერთოდ, წყნარი ხასიათის გოგონაა. ბევრი არაფერი უკითხავს, ისე დაბრუნდა მშობლებთან.
- ნინოს ცოლად მოყვანა გქონდათ გადაწყვეტილი?
- დიახ, ეს ნაბიჯი სწორედ იმიტომ გადავდგი. ამჯერად ჩემმა „ოჯახურმა იდილიამ“ ხუთ წელიწადს გასტანა. მერე მივხვდი, რომ ნინოს და მე საერთო ინტერესები არ გვქონდა.
- იქნებ ჯობდა, ეს მანამდე გაგერკვიათ, სანამ ხელმეორედ დაოჯახდებოდით?
- არა, თქვენ ვერ გაიგეთ. როგორც გითხარით, ის ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი იყო. თავიდან ბავშვივით იქცეოდა, ხანდახან მეგონა, რომ ის კი არა, მე ვიყავი მასზე უფროსი. მაგრამ თანდათან შეიცვალა. სამსახურში რომ დააწინაურეს, ხომ საერთოდ, ჩემზე ბატონობა დაიწყო. ეტყობა სიამოვნებდა, დედაშვილურად რომ მექცეოდა და ჭკუას მარიგებდა. ეს ვერ ავიტანე და ნინოსაც დავშორდი.
- შვილი?..
- კი, მე და ნინოს შვილი გვყავს, გოგონა შეგვეძინა.
- ამის შემდეგ თქვენს ცხოვრებაში რა მოხდა?
- გადავწყვიტე, ცოლი საერთოდ აღარ მომეყვანა. სალომესა და ნინოსთან თანაცხოვრებამ ბევრი რამ მასწავლა. მე თუ მკითხავ, კაცმა ცოლი არ უნდა მოიყვანოს. ეს ზედმეტი პასუხისმგებლობაა და მეტი არაფერი. ბევრი უნდა დათმო, აიტანო, მე კი ეს არ შემიძლია. გეფიცებით, მშურს იმ კაცების, რომლებსაც ერთი ქალის გვერდით შეუძლიათ მთელი ცხოვრების გატარება. სულ მეგონა, მე ასე ვერ ვიცხოვრებდი. შეიძლება ამას იმიტომ ვამბობ, რომ ცხოვრებაში საჩემო ქალი ვერ ვიპოვე, თუმცა, როცა მეგონა, რომ ვიპოვე...
- იქნებ ჯერ გვითხრათ, „სათქვენო ქალი“ როგორია?
- სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ ვიცი. ნინოს შემდეგ არაერთი ქალი მყოლია, მაგრამ ვერც ერთთან დიდხანს ვერ ვჩერდებოდი. ვერ ვიტყვი, რომ ის ქალები, რომლებთანაც ურთიერთობა მქონდა, არ მიყვარდა, მაგრამ სიყვარული თანდათან ქრებოდა და მეც მორიგი თავგადასავლის ძიებას ვიწყებდი. ასე გაგრძელდა წლების განმავლობაში და ერთხელაც სრულიად განსხვავებულ ქალს შევხვდი. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეგონა. ლანას ქმარი ავარიაში ჰყავდა დაღუპული. შვილი საზღვარგრეთ სწავლობდა. მარტო ცხოვრობდა. ლამაზი არ იყო, მაგრამ უცნაური და ყველასაგან გამორჩეული ხასიათი ჰქონდა. დიდი ხანი ვცდილობდი მასთან დაახლოებას, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. ისეთი განერვიულებული დავდიოდი, მეგობრებიც ვერ მცნობდნენ. ბოლოს ჩემმა ერთმა ძმაკაცმა თაზომ მითხრა, მაგ ქალს დიდი ხანია ვიცნობ, თუ მასზე სერიოზულად არ ფიქრობ, აზრი არ აქვს, გასართობად და დროებით შენთან ურთიერთობას არ დაიწყებს. თუ გინდა შენ მაგივრად მე მივალ და დაველაპარაკებიო. ჯერ ბევრი ვიფიქრე, მერე სხვა გამოსავალი ვერ ვიპოვე და ვთხოვე, როგორმე დამხმარებოდა. მოკლედ, ეს ჩემი ძმაკაცი ლანასთან მივიდა და უთხრა, რომ მასზე დაქორწინება მსურდა და არა გართობა. ამის შემდეგ ლანა შეიცვალა და უხეშობას უკლო. მეც უკვე გადაღლილი ვიყავი დროებითი რომანებით და ვიფიქრე, რაც არის არის, ამ სიბერეში კიდევ ერთხელ გავრისკავ და ცოლს მოვიყვან-მეთქი.
- მაშინ რამდენი წლის იყავით?
- 43-ის ვხდებოდი. ჩემი შვილები უკვე თავ-თავიანთ გზას ადგნენ და მამასთან მხოლოდ ფულის სათხოვნელად თუ შემოირბენდნენ. მშობლები დამეხოცა, სრულიად მარტო დავრჩი და ვიფიქრე, მშვიდად და მყუდროდ გავატარებ დარჩენილ წლებს-მეთქი, მაგრამ... ლანა ჩემთან გადმოვიყვანე საცხოვრებლად. პატარა ქორწილის გადასახდელად ვემზადებოდი, მეგობრების წრეში ვფიქრობდით ამ დღის აღნიშვნას. პატარა ბიჭივით მიხაროდა ყველაფერი და თავს ბედნიერად ვგრძნობდი. ერთ დღესაც სამსახურში რომ წავედი, სახლში მობილური დამრჩა. რამდენიმე საათი სახლში შერბენა ვერ მოვახერხე, როგორც კი თავისუფალი დრო გამოვნახე, მივედი... დღემდე მახსოვს ის სურათი. სახლში რომ შევედი, სწორედ იმ დროს აბაზანიდან ჩემი ძმაკაცი თაზო ჩემს ხალათში გახვეული გამოვიდა... აზრზე რომ მოვედი, ხელები სისხლში მქონდა მოთხვრილი. ლანა კედლზე იყო აკრული და ჩუმად ტიროდა... მისთვის ხელი არ დამიკარებია, მხოლოდ ვუთხარი, მე მივდივარ, სასწრაფოში დარეკე, მე რომ დავბრუნდები შენ და ეს მძორი აქ აღარ დამხვდეთ-მეთქი და წამოვედი. ჩემი მეგობარი ექიმებმა ძლივს გადაარჩინეს. მას შემდეგ ერთი წელი გავიდა. სერიოზული დეპრესია მქონდა, მაგრამ ახლა თანდათან აზრზე მოვდივარ. ქალისკენ გახედვა აღარ მინდა. ყელში მაქვს ყველაფერი ამოსული...

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
ნანა
რისი ღირსიც იყო ის მიიღო,საერთოდ არ მეცოდება,მესამე ნამდვილად მისი შესაფერი შეხვედრია! იდიოტი არსებაა და უტვინო,სიმარტოვე და უმწეობა აწი ნახოს,ჯერ სადაა...
20:33 / 22-01-2015
გამოხმაურება / 0 /
versace
ახია შენზე და შენსნაირებზე,მარტოობაში ამოგძვრება სული,მოგალატეეე
01:22 / 30-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ani
Me same DA samartalio...axia!
23:40 / 21-11-2014
გამოხმაურება / 0 /
დიანა...გიო
ალალია..გმერტმა მიაგო მისაგები
21:04 / 21-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინიკოო
თვითონ მოღალატეს სხვისი ღალატი რატო გაუკვირდა?გადაუხადა ღმერთმა და დაანახა როგორია გულის ტკენა
00:13 / 09-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS