29 ნოემბერი, 2019
მერი შერვაშიძე – „შანელის“ მოდელი და ქალი, რომელიც პარიზული მოდის ხატად იქცა
ალბათ, არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვი, რომ ქართველებს ყოველთვის გვყავდა და გვყავს გამორჩეულად ლამაზი ქალები, რომელთა მშვენებასაც არაერთხელ გაუოცებია უცხოელები; რომელთა სილამაზეც მსოფლიოს მასშტაბით არაერთი მწერლის, პოეტისა და მხატვრის მუზა გამხდარა.

მერი შერვაშიძე სწორედ ასეთ ქალთა რიცხვშია. ის უდავოდ იყო მე-19-მე-20 საუკუნეების ქართული სილამაზის ელჩი მსოფლიოში. მერი იყო ქალი, რომელიც „შანელის“ მოდის სახლის მოდელად მუშაობდა; ქალი, რომელმაც 1921 წელს მსოფლიო სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა; რომელიც რუსმა მხატვარმა, საველი სორინიმ თავის ყველაზე პოპულარულ ნამუშევარში აღბეჭდა და ქალი,
რომელმაც, როგორც ამბობენ, გალაკტიონს ლექსების მთელი ციკლი შეაქმნევინა.


მერი შერვაშიძე 1888 წელს ბათუმში დაიბადა. მისი მამა გენერალ-მაიორი პროკოფი შერვაშიძე იყო. ოჯახი პეტერბურგში ცხოვრობდა, სადაც მერის სილამაზე შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და ის იმპერატრიცას ფრეილინა გახდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დედოფალ ალექსანდრა ფიოდოროვნას სეფექალი იყო.
1917 წლის რევოლუციის შემდეგ, მერი იძულებული გახდა, ოჯახთან ერთად საქართველოში დაბრუნებულიყო. 1918 წელს მერის საქმრო, გიგუშა ერისთავი, რომელიც იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ადიუტანტი იყო, საქართველოში დაბრუნდა და ცოლად შეირთო მერი.

1921 წელს, როდესაც საქართველოს ბოლშევიკების მიერ აღებამდე რამდენიმე დღე რჩებოდა, მერი ჯერ სტამბოლში, ხოლო შემდეგ პარიზში გაემგზავრა.


მერი და სილამაზის კონკურსი

მერი შერვაშიძემ 1921 წელს სტამბოლში მსოფლიოს სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა. მისი განსაკუთრებული ქარიზმა, დახვეწილი მანერები, მომნუსხველი თვალები შეუმჩნეველი არ დარჩენილა და მერი შერვაშიძე ამ კონკურსის გამარჯვებული გახდა.

მერი და კოკო შანელი
1921 წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა, მერი და მისი მეუღლე იძულებულები გახდნენ, საქართველო დაეტოვებინათ. ჯერ სტამბოლში დაჰყვეს გარკვეული პერიოდი, ხოლო შემდეგ პარიზში გადავიდნენ საცხოვრებლად. ემიგრაციაში მყოფ ცოლ-ქმარს ძალიან გაუჭირდა ფინანსურად.
განებივრებული თავადის ქალი იძულებული გახდა, მუშაობა დაეწყო. ის შეხვდა კოკო შანელის მეგობარს, თავად დიმიტრი პავლოვიჩს, რომელიც თურმე აღაფრთოვანა მერის გარეგნობამ და სწორედ მან წარუდგინა კოკო შანელს.
გარდა იმისა, რომ მერი მომხიბვლელი გარეგნობით გამოირჩეოდა, ამავდროულად, დახვეწილი მანერებიც ჰქონდა, ამიტომაც არ გასჭირვებია მოდელის პროფესიის ათვისება. მას პარიზში წარმატებული ცხოვრება ჰქონდა. იწვევდნენ არისტოკრატთა წვეულებებზე. გადმოცემის თანახმად, მერი შერვაშიძე „შანელის“ იმდროინდელ მოდის სახლში ყველაზე გამორჩეულ მოდელად მიიჩნეოდა. მისი ჩაცმის სტილი კი პარიზულ მოდაზე თურმე დიდ გავლენას ახდენდა.

როგორც ცნობილია, ტრენდად ქცეული შანელის მარგალიტის მძივი, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას, პირველად პოდიუმზე მერი შერვაშიძემ გამოიტანა. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS