30 იანვარი, 2019
დუდუ დადიანი - 90-იანების პრინცი
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...

ჩვენი ოთახი დიდი, ოთხკუთხედი ფოიეს განაპირა მხარეს იყო და თუ კარი ღია გქონდა, მხედველობის არეალში გყავდა ყველა ადამიანი, ვინც გრძელი დერეფნიდან შემოდიოდა, თუმცა შემომსვლელთა დაკვირვება არასდროს ყოფილა ჩემი გატაცება, მაგრამ ახლა თვალი ვერ მოვწყვიტე ქალს, რომელიც პირდაპირ ჩემი ოთახისკენ მოდიოდა. მაღალი იყო, გრძელი, ქერა თმა ქონდა და რაღაცნაირად მოდიოდა ნელა, თავდაჯერებულად და თითქოს ძალიან "პრინცესულად".


_ ვინ არის? _ ვიკითხე.
_ მაკა დადიანია, დუდუ დადიანის და, ჩვენთან იმუშავებს.
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო, არადა თითქმის 20 წელზე მეტია გასული იმ უძვირფასესი პერიოდიდან, როდესაც არსებობდა უმაგრესი ტელეკომპანია მე-2 არხი და მეც ამ დღესასწაულის ნაწილი ვიყავი, დღესასწაულის, რომელიც, რა დროც უნდა გავიდეს და სადაც უნდა ვიყო, ყოველთვის ჩემთან დარჩება.

Rating

`მაკა დადიანია, დუდუ დადიანის და~ _ ასე დაიწყო ჩვენი ნაცნობობა და შემდეგ უკვე მრავალწლიანი მეგობრობა.
ყველაფერი, რაც ამ ინტერვიუში უნდა ვკითხო, მგონი უკვე ვიცი _ მასზე, მის მხატვრობაზე, ოჯახზე, დუდუზე, ამიტომ ჩვენი საუბარი მოგონებებს უფრო ემსგავსება. საუბარს მაინც ბავშვობიდან ვიწყებ, ვიცი, სულ პატარები იყვნენ, დედა რომ გარდაეცვალათ...

_ დედაჩემი, გურანდა ტყავაძე, არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, თავისი დედა ყველას არაჩვეულებრივი ჰგონია, მაგრამ ის მართლა ასეთი იყო _ ულამაზესი, მშვიდი. სულ ახალგაზრდა გარდაიცვალა სიმსივნით. მე იმ წელს სკოლას ვამთავრებდი, ჩემი მეორე ძმა, ლევანი, მეექვსე კლასში იყო, დუდუ კი სულ პატარა. დედა თითქმის ვერც დაიმახსოვრა. დედას ოცნება იყო პიანისტი გავმხდარიყავი, კონსერვატორიაში ჩასაბარებლად ვემზადებოდი, მაგრამ იმ წელს ისეთი ტრავმა მივიღე, რომ ინსტრუმენტს საერთოდ ვერ ვეკარებოდი. გამოცდებზე გასვლაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ხატვა ბავშვობიდანვე მიყვარდა და გადავწყვიტე, ჩემს პროფესიად ამერჩია, მაგრამ პიანისტობის სურვილი სულ მქონდა. როდესაც საცხოვრებლად შვეიცარიაში გადავედი, გადავწყვიტე, დედაჩემის და ჩემი ოცნება ამესრულებინა და ციურიხის კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტი დავამთავრე.
დუდუს კალათბურთელობაც დედას ოცნება იყო. კალათბურთზე გიჟდებოდა და უნდოდა, მისი შვილი პროფესიონალი კალათბურთელი ყოფილიყო, თანაც მაინცდამაინც დუდუ.
სულ გული მწყდებოდა, რომ დედას არ უნახავს დუდუს თამაში და მისი წარმატებები.
რამდენადაც დედა რბილი იყო და ძალიან გვათამამებდა, იმდენად თავშეკავებულები ვიყავით მამასთან, ოღონდ დუდუსთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობდა, გარდა ერთისა, რომელიც ყველას ეხებოდა განურჩევლად.


_ ასეთი რა იყო?
_ ჩვენს ოჯახში კატეგორიულად იკრძალებოდა კარტის თამაში და, საერთოდ, ყველანაირი აზარტული თამაში, ნარდიც კი.



Rating
_ დადიანებში ნარდის თამაში რატომ იყო აკრძალული?

_ ზუსტად დადიანობის გამო. ცოტა შორიდან დავიწყებ; მამაჩემის მშობლები, დედაც და მამაც, ორივენი დადიანები იყვნენ, ოღონდ სრულიად სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები, არანაირი ნათესაური კავშირი არ ჰქონდათ, მარტო მოგვარეები იყვნენ. ორივეს ოჯახი ძალიან მდიდარი იყო. მე ბაბუა არ მახსოვს, ბებიაჩემი კატია დადიანი კი ნამდვილი თავადის ქალი იყო. თავის ახალგაზრდობას რომ იხსენებდა, სიამაყით გვიყვებოდა, როგორ დადიოდნენ პირადად მასთან იუველირები, ვაჭრები, დაჰქონდათ არაჩვეულებრივი ქსოვილები, როგორი კაბები ეცვა. მე კაბების ამბები

მაინტერესებდა, ჩემს ძმებს _ ცხენებისა და თოფ-იარაღის. მონუსხულები ვუსმენდით მის მონაყოლს, განსაკუთრებით დუდუ. მგონი, ამ დროიდან შეუყვარდა ასე ცხენები და, საერთოდ, თავადური რომანტიკა. მისთვის დადიანობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

სულ მინდოდა, იმ ულამაზესი ნივთებიდან, რომლებსაც ბებიაჩემი იგონებდა, თუნდაც ერთი მაინც საკუთარი თვალით მენახა, მაგრამ ჩვენ არაფერი გვქონდა, საერთოდ არაფერი, თითქოს, რასაც ბებია ყვებოდა, მხოლოდ და მხოლოდ ზღაპარი იყო, ან სიზმარი, რომელიც გაქრა... რომ არა დღემდე ჩემს სახლში შენახული, ბებიას შეგროვილი მე-19 საუკუნის პეტერბურგში გამოცემული ჟურნალ-გაზეთების უზარმაზარი კოლექციისა, რომლებშიც ზოგჯერ ჩვენი ოჯახის შესახებაც წერდნენ, კატია დადიანის მოთხრობილი ამბები მართლა სიზმარი მეგონებოდა, მაგრამ ბებია ამ ამბებს რატომღაც მხოლოდ მაშინ გვიყვებოდა, როდესაც მარტონი ვრჩებოდით. მამაჩემის თანდასწრებით ის თავიანთი ოჯახის ძველ დიდებას და სიმდიდრეს არასდროს ახსენებდა.

Rating

_ ალბათ, გასაბჭოების შემდეგ ჩამოართვეს დადიანების მთელი ქონება, თქვენ რაღა მოგესწრებოდათ...


_ საქმეც მაგაშია, რომ არაფერი ჩამოურთმევიათ. ბებიაჩემმა და ბაბუაჩემმა მანამდე წააგეს კარტში ყველაფერი, რაც გააჩნდათ. სრულიად უსახსროდ დარჩნენ. მამაჩემმა ბავშვობა საშინელ გაჭირვებაში გაატარა, ბებია ამბობდა, რად მინდოდა ის ქონება, მაინც მოვიდოდნენ კომუნისტები, ყველაფერს წაიღებდნენ და ძალიანაც კარგი ვქენი, როგორც მინდოდა ისე რომ გავფლანგეო. საერთოდ, ძალიან უდარდელი იყო, მართალია, არაფერი გააჩნდა და მისი თავადობა და დადიანობაც არავის აინტერესებდა, მაგრამ მბრძანებლური ხასიათი ბოლომდე შერჩა, ყველაფერს თავის ნებაზე აკეთებდა, ერთი ეს იყო, მამაჩემის თანდასწრებით კარტის და ნარდის თამაშს ვერ ბედავდა. ჩვენც კატეგორიულად გვეკრძალებოდა თამაში, მე დიდი სურვილი არც მქონდა, მაგრამ ბებია მიიჩნევდა, რომ კარგად აღზრდილი ადამიანი კარტს აუცილებლად უნდა თამაშობდეს და თანაც ფულზე. ფული არ ჰქონდა ხოლმე და პენსიას ელოდებოდა, რომ ჩვენთან ფულზე ეთამაშა. ყველაზე მეტად დუდუ აქტიურობდა. მთელი დღე კატიასთან ერთად იყო და თუ თამაშის პერიოდი იყო, ანუ თუ ბებიას პენსია ჰქონდა აღებული, სახლიდან არ გადიოდა, დილიდან საღამოს 7 საათამდე, მამაჩემის სამსახურიდან დაბრუნებამდე, თამაშობდნენ. ერთ დღეს ძალიან შეყვნენ თამაშს და მამას მოსვლა გამოეპარათ, მოულოდნელად მოვიდა და რას ხედავს, დედამისი და მისი შვილი ისეთი გატაცებით თამაშობენ, ვერაფერს ამჩნევენ. მაშინ ვნახე პირველად, როგორ დაიყვირა მამამ ბებიას თანდასწრებით და როგორ დასაჯა დუდუ, რომელიც ყოველთვის მისი ფავორიტი იყო. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS