02 სექტემბერი, 2013
როდესაც სილამაზე და ნიჭი ერთმანეთს ხვდება...
მას ჰქონდა ურთიერთობა ჰოვარდ ჰიუზთან, ჰემინგუეისთან და რასაკვირველია, გვერდს ვერ ავუვლით ფრენკ სინატრასა და ავას სიყვარულის ამბავსაც, რომელიც ქორწინებით დაგვირგვინდა ამერიკული კინო ყოველთვის გამოირჩეოდა ულამაზესი ქალბატონებით, რომლებიც წლების გასვლის მიუხედავად წარსულიდან ისევ გვიმზერენ ჩვეული ბრწყინვალებით. რიტა ჰეივორტი, ინგრიდ ბერგმანი, ოდრი ჰეპბერნი - ეს იმ ლამაზმანების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც ეკრანებიდან მსოფლიო დაიპყრეს. დღეს გასული საუკუნის ვარსკვლავი ლამაზმანებიდან რამდენიმეს წარმოგიდგენთ.

„ამერიკული კინოს ინსტიტუტმა“ ის ყველა დროის 25 საუკეთესო მსახიობ ქალბატონს შორის დაასახელა. ავა გარდნერი, რომელმაც კინოში 1941 წელს
შეაბიჯა, თავიდან მცირე როლებს სჯერდებოდა, სანამ 1946 წელს „მკვლელებში“ არ გამოჩნდა. 1953 წელს ის „ოსკარის“ ნომინანტიც გახლდათ, თუმცა იმ წელს ოდრი ჰეპბერნმა აიღო ოქროს ქანდაკება „რომაული არდადეგებისთვის“ .

მას მერე უამრავ კინოფილმში მიიღო მონაწილეობა და საკმაოდ ხანგრძლივი კინოკარიერა ჰქონდა. მისი განუმეორებელი სილამაზე და ხიბლი კინოფირმა შემოინახა. თავისი დროის მამაკაცებზე კი ავა დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენდა, მას ჰქონდა ურთიერთობა ჰოვარდ ჰიუზთან, ჰემინგუეისთან და რასაკვირველია, გვერდს ვერ ავუვლით ფრენკ სინატრასა და ავას სიყვარულის ამბავსაც, რომელიც ქორწინებით დაგვირგვინდა...

საინტერესოა, რომ ერთხელ ჰემინგუეის სახლში ავას სრულიად შიშველს აუზში უბანავია, რის შემდეგაც მწერალს მსახურებისთვის უბრძანებია, აუზი არ გაეწმინდათ... ლეგენდარული კინოვარსკვლავი 1990 წელს ლონდონში პნევმონიით გარდაიცვალა.

ლორენ ბეკოლი ამერიკელი კინოვარსკვლავი, თეატრის მსახიობი და მოდელი გახლავთ. ის პირველად 1944 წელს გამოჩნდა ჰემფრი ბოგარტის ფილმში - „გქონდეს და არც გქონდეს“ . შემდეგ წლებში მან საკმაოდ ბევრი კინოროლი შეასრულა, მათ შორის მერილინ მონროსთან ერთად ცნობილ ფილმში - „როგორ გავთხოვდეთ მილიონერზე“ და გრეგორი პეკსაც გაუწია პარტნიორობა 1953 წელს.

1986 წელს ის წლის ქალბატონად დაასახელეს, 1996 წელს კი ფილმისთვის „სარკეს ორი სახე აქვს“ „ოსკარზე“ წარადგინეს. ამ როლისთვის მან ეს ჯილდო ვერ მიიღო, „ოქროს გლობუსს“ დასჯერდა. ის კინოფილმების ეპოქის დასაწყისის ერთ-ერთ წამყვან სახედ მიიჩნევა. 

რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, ის ჰემფრი ბოგარტის მეუღლე გახლდათ, მისი გარდაცვალების შემდეგ ჰქონდა ურთიერთობა ფრენკ სინატრასთან, შემდეგ მეორედ გათხოვდა, მაგრამ მის მეუღლეს ალკოჰოლთან პრობლემები ჰქონდა და მსახიობი განქორწინდა. ამჟამად ლორენი 88 წლის გახლავთ.

რიტა ჰეივორტი - წარმოშობით ესპანელმა მარგარიტა კარმენ კანსინომ თავისი მშვენიერებითა და საოცარი პლასტიკით ამერიკული კინოს ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა. თავიდან რიტა კანსინოს სახელით გამოჩნდა, თუმცა შემდეგ დედის გვარზე გადავიდა და სწორედ ამ სახელითა და გვარით დაამახსოვრდათ მსოფლიო კინომოყვარულებს.

შეუძლებელია, „ჯილდაში“ ერთხელ მაინც მოგეკრათ თვალი ამ ქალბატონისთვის, ან გენახათ მისი ცეკვა ფრედ ასტერთან ერთად და ერთი ნახვით არ შეგყვარებოდათ წითელთმიანი, ვნებიანი კინოვარსკვლავი. თუმცა პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა, რამდენიმე ურთიერთობიდან არაფერი გამოვიდა და სიცოცხლე მარტოობაში დაასრულა, ალკოჰოლით სავსე ჭიქით ხელში...

ის თავისი დროის სექსსიმბოლოდ მიიჩნეოდა და სხვადასხვა ჟურნალის გარეკანს საკმაოდ თამამი ფოტოებით ამშვენებდა. მას ეკუთვნის ცნობილი გამონათქვამი: „ყველა მამაკაცი, ვისაც მე ვიცნობდი, იძინებდა ჯილდასთან და იღვიძებდა ჩემთან ერთად...“ როგორც ჩანს, მთელი ცხოვრება ის საკუთარი პოპულარობის ჩრდილქვეშ ცხოვრობდა.

ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS