04 ოქტომბერი, 2015
ტუალეტის მრეცხავი, ოპერატორი, ჯამბაზი - საიდან დაიწყეს ჰოლივუდის ვარსკვლავებმა კარიერა
ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ წარმატებისკენ გზა ბევრი ვარსკვლავისთვის ურთულესი იყო და ხშირად ფასტფუდებზე, სამშენებლო მოედნებსა და სხვა დაწესებულებებზეც კი გადიოდა. თქვენ წინაშე ის ვარსკვლავები არიან, რომლებიც კარიერის აწყობამდე ნებისმიერ, ჭუჭყიან საქმესაც კი ჰკიდებდნენ ხელს. ოღონდაც, თავიანთი ბედნიერი ვარსკვლავის სჯეროდათ და მიზანდასახულები იყვნენ.

ჰიუ ჯეკმანი

„მე კოკოს მეძახდნენ და სულ რაღაც ხუთ დოლარად შემეძლო ადამიანების გაცინება, - იხსენებს „როსომახის“ ვარსკვლავი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მამაკაცი თავის მუშაობას... ჯამბაზად, - მომწონდა მაიმუნობა და საბავშვო ზეიმებზე ბავშვების გართობა,
ტყუილად კი არ ვიყავი ამით დაკავებული მთელი სამი წელი და დღემდე მენატრება ის მხიარული დღეები“.

ჯენიფერ ანისტონი

სანამ ჩაეწერებოდა კასტინგზე სერიალისა „მეგობრები“, „თავებზე მონადირეების“ ვარსკვლავი უბრალო კურიერად მუშაობდა და ტელეფონით ყიდდა საქონელს. „დიახ, ბავშვობაში ტუალეტების რეცხვაც კი მიცდია, რომ ჯიბის ფული მეშოვა, - აღიარა მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში, - შესანიშნავადაც გამომდიოდა“.

შონ კონერი

სიამოვნებით რომ ვუყურებთ, როგორ „დებს კუბოში“ ჯეიმს ბონდი ბოროტმოქმედებს, ვერც კი წარმოვიდგენთ, რომ თვითონ მსახიობი ერთ დროს სწორედ ამ კუბოებს... აპრიალებდა. „მახსოვს, ერთხელ დაღლილმა გადავწყვიტე, ერთი საათით ერთ-ერთ კუბოში დამეძინა, რომელიც სულ ახალი გაპრიალებული მქონდა, - იხსენებს შონი თავის მუშაობას დამკრძალავ ბიუროში, - ხოლო როცა გავიღვიძე, ვერაფრით ვერ ვიხსენებდი, მოვკვდი თუ კიდევ ცოცხალი ვიყავი“.

გვენ სტეფანი

როგორ უნდა გაასუფთაოს იატაკები გაბრწყინებამდე, ნოუ დოუთის ვარსკვლავმა პირადი გამოცდილებით იცის. სანამ „გრემის“ პრემიის ლაურეატი გახდებოდა, ჩვრითა და სათლით შეიარაღებული ერთ-ერთ რესტორანში მუშაობდა საათობით. ასეთი სამუშაოს შემდეგ მაღაზიაში კონსულტანტის თანამდებობა მისთვის ნამდვილი სამოთხე იყო.

კიანუ რივზი

XX საუკუნის 80-იანი წლების შუალედში ნეო ჯერ ვერც კი იეჭვებდა, რომ ოდესმე მსოფლიოს მატრიცისგან დახსნის დიდ მისიას შეასრულებდა, ამიტომაც ნებისმიერ საქმეს ჰკიდებდა ხელს, რასაც ბედი გადმოუგდებდა. „კოკა-კოლასა“ და ჩიპსების რეკლამაში გადაღებით არ შემოიფარგლა, არანაკლებ ეფექტურად ჭრიდა ხეებს, ვაჭრობდა დახლთან, შვეიცარიც იყო და გორგოლაჭებსაც კი აპრიალებდა.

ჰელენ მირენი

ოსკაროსან მსახიობს შესანიშნავად გამოსდის არა მხოლოდ დედოფლების როლი, არამედ... ატრაქციონების პარკის მეთვალყურისაც. ბრიტანეთის ქალაქ საუტენდ-ონ-სიში, „კოდაკის“ კინოთეატრის წითელი ხალიჩიდან ათასობით კილომეტრის იქით, მსახიობმა მრავალი საათი გაატარა ამერიკულ მთებსა და ტირზე ბილეთების გაყიდვაში.

კოლინ ფარელი

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე „ცუდი ბიჭი“ ერთ დროს ჩვეულებრივი ცეკვის მასწავლებელი იყო. თავისი პირველი როლიც ტყუილად როდი მიიღო მინისერიალში „მოცეკვავის შეყვარება“.

ჯონი დეპი

თუ ახლა ავტოგრაფს ავტოგრაფზე არიგებს და ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია, კარიერის დასაწყისში ჯონი ტელეფონით ყიდდა ბურთებს. წარმოიდგინეთ, რა ტალანტს დაკარგავდა კინემატოგრაფი, ბურთების გაყიდვის საქმე რომ კარგად წასულიყო.

ბრიუს უილისი

მსოფლიო რომ ეხსნა აპოკალიფსისგან, „პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მამაკაცურ მსახიობს“ რამდენიმე წელი ქარხანაში მოუხდა თავისი ხასიათის გამოწრთობა. ვინ იცის, დაუკავშირებდა თუ არა მსახიობობას თავის ბედს კერკეტი კაკალი, ერთხელაც ქარხანაში უბედური შემთხვევა რომ არ მომხდარიყო. მას მერე ხიფათს ბრიუსი მხოლოდ ეკრანზე თუ შეხვდება.

ჰარისონ ფორდი

„ თავი ყოველთვის იღბლიანად მიმაჩნდა, მაშინაც კი, როცა დურგლად ვმუშაობდი“, - აღიარებს „ინდიანა ჯონსის“ ვარსკვლავი. ლეგენდის თანახმად, ერთხელაც რეჟისორმა ჯორჯ ლუკასმა იქირავა, რომ კარადა შეერემონტებინა, მერე კი უბრალო მუშაში მოულოდნელად აღმოაჩინა მსახიობის ნიჭი და გადაიღო კომედიაში „ამერიკული გრაფიტი“.

ვუპი გოლდბერგი

უკანასკნელი, რაც შეიძლება გაიფიქრო ამ მხიარული ქალის დანახვისას ის არის, რომ ეს ქალბატონი... ღამის დარაჯად მუშაობდა, მორგში მკვდრებს ღებავდა და მშენებლობაზე აგურებს ალაგებდა, სანამ იქიდან არ გამოაძევეს.

რასელ კროუ

ჯერ კიდევ უცნობია, ვისი „მორჯულებაა“ უფრო რთული, ხარის თუ... უკმაყოფილო კლიენტის. სანამ „გლადიატორის“ ტიტულს მიიღებდა, მსახიობი ცდილობდა ერთ-ერთი რესტორნის კლიენტების ნებასურვილზე ევლო. თანაც, ოფიციანტის თანამდებობა მხოლოდ მას მერე მიიღო, რაც ჭურჭლის მრეცხავად იმუშავა „წარმატებით“.

დენი დე ვიტო

სანამ ადამიანი პინგვინის როლს მოერგებოდა, „ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი ჯუჯა“ საკმაოდ წარმატებით მუშაობდა პარიკმახერად თავისი დის ანჯელას სალონში. მალე იშოვა მუდმივი კლიენტებიც, იმის მიუხედავად, რომ ხშირად იძულებული იყო სკამზე დამდგარიყო, თმას რომ მისწვდომოდა კარგად.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS