04 აგვისტო, 2013
ამერიკული დაზვერვის უფროსი ჯეიმს ბონდის იარაღზე ოცნებობდა
როგორც გაირკვა, ცივი ომის პერიოდში ამერიკის სადაზვერვო სამსახური სერიოზულად მუშაობდა კომანდანტეს ლიკვიდაციის ოპერაციებზე. ვერსიებს შორის განიხილებოდა, მაგალითად, ფეთქებადი სიგარა ამერიკელები თავის დროზე აღტაცებული იყვნენ იან ფლემინგის გამოგონებებით. ცნობილია, რომ დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ლეგენდარული მეთაურის ალენ დალესის მაგიდაზე იდო იან ფლემინგის წიგნი ჯეიმს ბონდის შესახებ.

ამბობენ, რომ ეს წიგნი დალესს თვით პრეზიდენტმა კენედიმ აჩუქა და ამ საჩუქარმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საიდუმლო სამსახურის უფროსზე. შპიონაჟის დიდი მაესტრო აღტაცებული იყო ბრიტანელი მწერლით, რომელსაც 1950-იან წლებში შეხვდა კიდეც და მის
მიერ ნახსენები იარაღიც შთააგონებდა. იქამდე მივიდა საქმე, რომ აგენტი 007-ის მიერ გამოყენებული იარაღის დამზადება მოისურვა ამერიკული დაზვერვისთვის.

„დალესი საგანგებოდ ჩაფრინდა ლონდონში, სადაც შეკრიბა ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ ამზადებდნენ ბრიტანელი კოლეგები თავიანთ იარაღს. მერე კი თავის ინჟინრებს დაავალა, რაღაც მსგავსი დაემზადებინათ“, - ამბობს კრისტოფერ მორანი, რომელმაც დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს საიდუმლო მასალები შეისწავლა და საგანგებო კვლევაც მიუძღვნა ამას. მისივე თქმით, ამ იარაღს შორის იყო ქალის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი სამართებლით, რომელიც ფლემინგის წიგნებშია ნახსენები, ასევე პაწაწინა ელექტრომოწყობილობა, რომელიც მანქანაში მაგრდებოდა და მის მოძრაობას ადევნებდა თვალს.

როგორც მორანი ამტკიცებს, ამერიკელები ფლემინგს რჩევასაც ეკითხებოდნენ, როგორ მოეშორებინათ თავიდან კუბის ლიდერი ფიდელ კასტრო. ბრიტანელი მწერალი სხვადასხვა ვარიანტს სთავაზობდა, რომლებიც სასაცილო და უცნაური იყო, თუმცა დალესი ყველაფერს სერიოზულად აღიქვამდა. როგორც გაირკვა, ცივი ომის პერიოდში ამერიკის სადაზვერვო სამსახური სერიოზულად მუშაობდა კომანდანტეს ლიკვიდაციის ოპერაციებზე. ვერსიებს შორის განიხილებოდა, მაგალითად, ფეთქებადი სიგარა.

ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS