25 ივლისი, 2013
შავი ქვრივი - გასული ასწლეულის ყველაზე ულმობელი მკვლელი ქალი
ოთხი წლის განმავლობაში ნარკობარონ პაბლო ესკობარის მარჯვენა ხელი იყო. ის ხელმძღვანელობდა სამხრეთ შტატებში ნარკოტიკების მიწოდებას ავანტიურისტი, გასული ასწლეულის ყველაზე ულმობელი მკვლელი, 16 ტერორისტული აქციის მონაწილე, მას ეძებდა ინტერპოლი, გამოძიების ფედერალური ბიურო, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო. მისი დაჭერისთვის დაწესებული იყო ჯილდო 100 ათასი დოლარის ოდენობით. ინტერპოლის ფაილებში მოიხსენიებოდა მეტსახელით ''შავი ქვრივი'' . უამრავი ქვეყანა მოიარა სხვადასხვა სახელით: მარია ფონ შტეფენბერგი, ლუიზა მორო, ელზა გრიუნი, ირმა კოხი, კლაუდია რამირესი... მაგრამ თავისი ცხოვრების ყველაზე დიდი ნაწილი, პირველი 18 წელი,
საბჭოთა კავშირში გაატარა ნამდვილი სახელითა და გვარით - მარია ბერგერი.

მარია 1956 წელს დაიბადა მოსკოვში, ებრაელი ინტელიგენტების ოჯახში. მამა მეცნიერებათა დოქტორი იყო, სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ერთ-ერთ განყოფილებას ხელმძღვანელობდა. დედა ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში უცხო ენებს ასწავლიდა. მარია მათი ერთადერთი და უსაყვარლესი შვილი იყო, ამასთან, ძალიან ლამაზი - ეშხიანი შავგვრემანი, მეტყველი ნაცრისფერი თვალებით. რაც მთავარია, საოცარი ნიჭიერებით გამოირჩეოდა. კონსერვატორიასთან არსებული მუსიკალური სკოლა დაამთავრა, ფორტეპიანოს კლასით. თავისუფლად ფლობდა ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ ენებს. მარიას ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი ერთ წამში შეიცვალა...
მარიას მშობლები საშინელ ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ. მაშინ გოგონა 14 წლის იყო. მისი აღზრდა დეიდამ ითავა. დეიდა კლარა ცნობილი ვიოლონჩელისტი და მდიდარი ელიტური ქალბატონი იყო, ამასთან, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციით გამოირჩეოდა და ბავშ-ვების აღზრდაზე წარმოდგენაც არ ჰქონდა. კლარა მხოლოდ 15 წლით იყო დისშვილზე უფრო-სი... გოგონა მალე აღმოჩნდა მის საწოლში. უკვე 15 წლის მარიამ გაცილებით ბევრი რამ იცოდა რეალურ ცხოვრებაზე, ვიდრე მისმა თანატოლებმა. დაუფარავად ეწეოდა სიგარეტს, სტუმრობდა ელიტურ თავყრილობებს, სადაც თავისუფლად შეეძლო სპირტიანი სასმელების დალევა. ყველა ასაკისა და მდგომარეობის მამაკაცის ყურადღებას იპყრობდა. საპირისპირო სქესის წარმომადგენლები დანახვისთანავე თავს კარგავდნენ შავთმიან ებრაელ ლამაზმანზე. თავად მარია კი არანაირ გრძნობას არ ამჟღავნებდა, არაფერს განიცდიდა მათ მიმართ. მარ-თალია, ეს ყველაფერი სიამოვნებდა, მაგრამ მაშინვე აღმოაჩინა საკუთარი ბუნების სერიოზული დეფექტი - მას არ შეეძლო სიყვარული - არც ადამიანის, არც ცხოველის, არც საგნების. მათდამი არც თანაგრძნობა ახასიათებდა და არც შეჩვევა. საოცრად გულგრილი, ცივი და ანგარიშიანი იყო. ამაში იყო მისი სისუსტე... და ძალაც.

პირველი მკვლელობა

1973 წელს, როცა მარია 18 წლის იყო, დეიდა კლარამ ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. დოკუმენტების მომზადებას და მარიას გამოსაშვები გამოცდების ჩაბარებას ნახევარი წელი დასჭირდა. გამგზავრება ივლისის შუა რიცხვებისთვის იყო დანიშნული. დაიწყო მეგობრებთან გამოსამშვიდობებელი ხანგრძლივი პროცესი. გამგზავრებამდე ორი დღით ადრე მარიამ თავისი პირველი მკვლელობა ჩაიდინა. საღამოს თავის დიდი ხნის თაყვანისმცემელთან, თეატრის მხატვარ ტოფიკ ბაირამოვთან შეიარა გამოსამშვიდობებლად. ბაირამოვი უგონოდ და უიმედოდ იყო შეყვარებული გოგონაზე. იმაზე ფიქრმა, რომ მას მეტად ვეღარ ნახავდა, გონება დაუბნელა. მარიას ყავაში დასაძინებელი აბები ჩაუყარა და ძილ-ბურანში მყოფი გააუპატიურა. ღამით მარიას გამოეღვიძა და როცა აღმოაჩინა, რომ მსუქან, მელოტ და სიბერეშეპარულ ლოველასთან ერთად ეძინა, მის მიმართ საშინელი ზიზღი იგრძნო. ადგა, იბანავა, ყავა დალია, შემდეგ აბაზანიდან სამართებელი გამოიტანა და ცივსისხლიანი მკვლელისთვის დამახასიათებელი სიმშვიდით მძინარე მოძალადეს ყელი გამოჭრა. ტოფიკ ბაირამოვი ძილშივე გარდაიცვალა. მარიამ მკვლელობის ყველა კვალი წაშალა, იქაურობა მოასუფთავა და მშვიდად გაემგზავრა ისრაელში.
Rating
გაქცევა ისრაელიდან

ისრაელში ჩასვლიდან ერთი თვის შემდეგ მარია სახელმწიფო არმიაში გაიწვიეს. გოგონა სირიის საზღვართან სახიფათო მონაკვეთზე აღმოჩნდა, რაც მის გეგმებში სულაც არ შედიოდა, მკვლელობის შემდეგ თითქოს რაღაცამ აიწყვიტა მასში. ყველა შემაკავებელი ფაქტორი სადღაც გაქრა. ახლა უყოყმანოდ მოქმედებდა, ყოველგვარი ეჭვის გარეშე - გაბედულად და სწრაფად. ერთ დღესაც, როცა ქალაქში თავისუფლად გასვლის უფლება მისცეს, სამოქალაქო ტანსაცმელი გადაიცვა, ლიბანთან საზღვარი გადაკვეთა და ბეირუთამდე მიაღწია. იქიდან კი ავიაკომპანია ''პან ამერიკენის'' რეისით პარიზში გაემგზავრა.
პირველ ხანებში ძალიან გაუჭირდა უცხო ქალაქში მარტო, მეგობრების გარეშე. ფულიც მალე გაუთავდა. იძულებული გახდა, ხან ჭურჭლის მრეცხავად ემუშავა, ხან იაფფასიან კაფეებში დაეკრა. ზოგჯერ მამაკაცებსაც მიჰყვებოდა ფულისთვის, თუ სიმპათიური და მდიდარი შეხვდებოდა. ისევე, როგორც მოსკოვში, აქაც ბოჰემური ცხოვრება იტაცებდა. გაიცნო ახალგაზრდა მემარცხენე ტერორისტული დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი, ღამის ცხოვრებას და ნარკოტიკებს გაუსინჯა გემო. მხატვრები, მუსიკოსები, მსახიობები გაიცნო. თავადაც ცდილობდა ხატვას და სიმღერას, რამდენჯერმე შეუყვარდა კიდეც, მაგრამ მისი სიყვარულის ობიექტი ყოველთვის ქალი იყო.

ტერორისტული აქციები

პარიზში მარიამ ახალგაზრდული მემარცხენე ტერორისტული დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი გაიცნო. გაცნობიდან ორი კვირის შემდეგ გოგონა ახალ მეგობრებთან ერთად ერთ-ერთი გარეუბნის ბანკის გაძარცვაში მონაწილეობდა, მაგრამ ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა. რამდენიმე წუთში პოლიციამ ბანკს ალყა შემოარტყა. სანამ ტერორისტები პოლიციასთან მო-ლაპარაკებებს აწარმოებდნენ, მარიამ ერთ-ერთი თანამშრომელი დაიმარტოხელა და თავი შეაცოდა, თითქოს გარემოების მსხვერპლი იყო. ლამაზმა ტერორისტმა ახალგაზრდა მამაკაცს გული აუჩუყა. მან ფარული საკანალიზაციო გასასვლელის ლუქი აჩვენა გოგონას. მარიამ ბანკის თანამშრომელი იქვე გამოასალმა სიცოცხლეს, ლუქში ჩაძვრა და შიგნიდან გადაკეტა, რომ მდევარი შეეფერხებინა. საკანალიზაციო არხით რამდენიმე კვარტალი გაიარა და შეუმჩნევლად გავიდა სამშვიდობოს. მარიას გაუმართლა - ბანკის შტურმის დროს ყველა მძარცველი დაიღუპა.
პარიზში დარჩენა სახიფათო იყო. მარიამ მომთაბარე ცხოვრება დაიწყო - ლონდონი, ამსტერდამი, მილანი, მიუნხენი, სტოკჰოლმი, ლისაბონი, ბარსელონა. ყველგან სხვადასხვა სახელით ჩადიოდა. უცვლელი მხოლოდ ცხოვრების სტილი ჰქონდა - ბოჰემური თავყრილობები, ნარკოტიკები, მემარცხენე რადიკალური იდეები. კვლავინდებურად ცივსისხლიანი და ულმობელი იყო. დროთა განმავლობაში მან გარკვეული ავტორიტეტი მოიპოვა. ბარსელონაში მარია ბერგერი ბასკურ ტერორისტულ ორგანიზაცია ''ეტაში'' გაერთიანდა. რამდენიმე წარმატებული შეკვეთილი მკვლელობისა და ტერორისტული აქტის შემდეგ საერთაშორისო ავტორიტეტი მოიპოვა. ცნობილი სახელმწიფო მოხელეების მკვლელობებისა და ამერიკელი დიპლომატ გორდონ ჯეიკობსის გატაცების შემდეგ ინტერპოლმა მასზე ძებნა გამოაცხადა. ამ დროისთვის მას უკვე ჰქონდა მეტსახელი ''შავი ქვრივი'' . მისი პოვნისთვის ფულადი ჯილდო 100 ათასი დოლარი დააწესეს. მას უკვე ფედერალური ბიურო და ცენტრალური სადაზვერვო სამსახურიც ეძებდნენ, თუმცა მარიამ ამჯერადაც გაქცევით უშველა თავს.
1978 წელს ნიკარაგუის სპეციალურ ტერორისტულ დაჯგუფებას შეუერთდა. მონაწილეობა მიიღო პარაგვაიში დიქტატორ სამოსის განადგურებაში. მაშინ მას კლაუდია რამირესი ერქვა. შემდეგ კი ოთხი წლის განმავლობაში ნარკობარონ პაბლო ესკობარის მარჯვენა ხელი იყო. ის ხელმძღვანელობდა სამხრეთ შტატებში ნარკოტიკების მიწოდებას.
Rating
ორმაგი აგენტი

1984 წელს ''შავ ქვრივზე'' გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტი მელვილ სტორმი გავიდა. მან მოახერხა მარიას დარწმუნება, რომ ვერსად გაიქცეოდა და დიდი საფრთხე ემუ-ქრებოდა. მისი სახით კი შეიძლებოდა საიმედო მფარველი გაეჩინა. მარიას მხოლოდ ორი არჩევანი ჰქონდა - ან გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის უნდა ემუშავა, ან უკვალოდ გამქრალიყო. იმ დღიდან მოყოლებული, სამი წლის განმავლობაში მარია ბერგერი ორმაგი აგენტის როლს ასრულებდა და ოსტატურად ართმევდა თავს ორივე მხარის დავალებებს. თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი. ესკობარის კონტრდაზვერვამ რაღაც იეჭვა. მარიას წამებით სიკვდილი ელოდა, მაგრამ მან შესთავაზა, რომ თავისი სიცოცხლის სანაცვლოდ გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტს გადასცემდა. ამისთვის ესკობარის კონტრდაზვერვის უფროსს, მეტსახელად დონს, მისთვის სტორმთან შეხვედრა უნდა მოეწყო. ესკობარი დათანხმდა.

პირველი და უკანასკნელი შეცდომა

მარიამ სტორმის გაცურება შეძლო. საწოლშივე გამოსტყუა მთავარი ინფორმატორების სახელები. სტორმი დიდხანს ელოდა ამ წუთს, ამიტომაც საწადელის ასრულებით გონებადაბინდულმა, მარიას თავისი ინფორმატორების სახელები გაუმხილა. მარიამ დონს აგენტების სახელები დაუსახელა, ოღონდ ერთი ერთზე. მათ საუბარს არავინ დასწრებია. ეს მისი პირველი და უკანასკნელი შეცდომა იყო, თუმცა ეს შეცდომაც არ იყო, უბრალოდ, პირველად ცხოვრებაში ბოლომდე ვერ გათვალა. სახელები მხოლოდ ესკობარისთვის უნდა ეცნობებინა. საქმე ის არის, რომ ერთ-ერთი ინფორმატორი დონის ღვიძლი ძმა იყო...
მარია ბერგერისა და მელვილ სტორმის ნახევრად დამწვარი გვამები უფსკრულში გადაჩეხილ ''ოპელ-ადმირალში'' აღმოაჩინეს. ეს ტიპური ''უბედური შემთხვევა'' იყო.
P.შ. ''შავი ქვრივი'' - მომაკვდინებლად შხამიანი ობობა, განსაკუთრებით საშიშნი მდედრები არიან. როგორც კი მამრი განაყოფიერების ამოცანას შეასრულებს, მდედრი ულმობლად კლავს და შთანთქავს მას.

ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
ჰოლი
ბულშით
15:49 / 05-08-2013
გამოხმაურება / 0 /
რეზო
ამ სტატიის ორიგინალის წაკითხვა სად შეიძლება? მადლობელი ვიქნები, თუ ვინმე მიმითითებს
15:38 / 27-07-2013
გამოხმაურება / 0 /
გივი
გაწევრიანდა და გაერთიანდა, აი ეს რომ არ შეშლოდა მთარგმნელს... რა უბედურება გჭირთ ხალხო რა ყველაფერზე იბოღმებით
23:30 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ცუცა
მართალია, თარგმანი უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყო. ორიგინალში წაკითხვა ნამდვილად უკეთესია. მადლობა მარკს...
20:37 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ქარ
არია ბერგერი ბასკურ ტერორისტულ ორგანიზაცია ''ეტაში'' გაერთიანდა და ამის მერე ჟურნალისტს კიდე პრეტენზია ექნება. გაერთიანდა რა შპს იყო თუ კომპანია თუ სამშენებლო ფირმა. ადამიანები წევრიანდებიან ორგანიზაციებში!
16:59 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS