21 ივლისი, 2013
„სპარტაკი“ - სექსი და ძალადობა ერთ სერიალში
18 წლამდე ასაკის მაყურებლისთვის მაინც არ არის რეკომენდებული, აღვირახსნილი სექსის სცენების გამო, რომლებიც, ალბათ, შესაშური ფანტაზიის მქონე ადამიანებისთვისაც კი სიურპრიზი აღმოჩნდება „სპარტაკი“ , რომლის პირველმა სეზონმა 2010 წელს დაიპყრო მსოფლიო მაყურებელი, ამერიკული სერიალი გახლავთ. რასაკვირველია, სახელწოდებიდან გამომდინარე მიხვდებით, რომ საუბარია ცნობილ ისტორიულ ფიგურაზე, თრაკიელ გლადიატორ სპარტაკზე, რომელიც რომის იმპერიის წინააღმდეგ მონათა უდიდეს აჯანყებას ჩაუდგა სათავეში. სერიალის აღმასრულებელმა დირექტორებმა სტივენ დენაითმა და რობერტ ტარპეტმა გადაწყვიტეს, სპარტაკის მთელი ცხოვრება მოეცვათ, ადრეული წლებიდან ისტორიულ ეპიზოდებამდე. შოუ, რომელიც სულ სამ
სეზონს მოიცავდა და 2013 წელს დასრულდა, გამოირჩეოდა განსაკუთრებული ძალადობის, სექსის სცენებით და ასევე ლექსიკით, რომელსაც პერსონაჟები იყენებდნენ საუბრისას.

პირველი სეზონის დასრულების შემდეგ პროდიუსერები იძულებული იყვნენ, გადაღებები გაეჩერებინათ, რადგან მთავარი როლის შემსრულებელ ენდი ვიტფილდს ადრეულ სტადიაში არაჰოჩკინისეული ლიმფომა აღმოაჩნდა. ამიტომაც კომპანია „სტარზმა“ , რომელიც ზემოხსენებულ სერიალს აწარმოებდა, „სპარტაკის“ პრიკველის გადაღება გადაწყვიტა. შეგახსენებთ, პრიკველი ნიშნავს იმ ისტორიის წამოწევას, რომელიც უკვე გადაღებულ ამბავს წინ უძღოდა. „სპარტაკი - არენის ღმერთები“ მინი-სერიებად გამოვიდა.

სპარტაკის როლის შემსრულებელი თავს ძალიან ცუდად გრძნობდა და სერიალში დაბრუნებაზე უარი თქვა. პროდიუსერებმა ახალი კასტინგის ჩატარება გადაწყვიტეს, თუმცა განაცხადეს, რომ მსახიობმა ყველაფერი ჩადო ამ როლში და ისინი არ იყვნენ ღრმად დარწმუნებული, რომ შეეძლოთ, სერიალის გადაღება ენდის გარეშე გაეგრძელებინათ. შემდეგ კი თავად მსახიობმა დაარწმუნა ისინი, რომ სერიალი აუცილებლად მის გარეშე უნდა გაგრძელებულიყო. „მსურს, ეს ამბავი მაყურებელს ბოლომდე მოუყვეთ“ , უთქვამს ენდი ვიტფილდს. სამწუხაროდ, ენდი ვიტფილდის განკურნება ვერ შეძლეს და ის 2011 წლის 11 სექტემბერს გარდაიცვალა... მხოლოდ 39 წლის გახლდათ.
Rating
კომპანიამ, მისი სურვილის შესაბამისად, სპარტაკის როლზე ახალი მსახიობი შეარჩია, ავსტრალიელი ლიამ მაკინტაიარი, და მეორე სეზონზე მუშაობასაც შეუდგა. 2012 წლის 4 ივნისს კი განაცხადეს, რომ მზის სინათლეს იხილავდა ამ ეპიკური ისტორიის მესამე, დასკვნითი ნაწილიც, რომლის სახელწოდებაც იქნებოდა „სპარტაკი - დაწყევლილთა ომები“ .

„სპარტაკის“ სერიალის მთავარი ხიბლი ის გახლავთ, რომ მართალია, ძალადობა ნაჩვენებია, თუმცა - კომიქსის სტილში. დაახლოებით რომ მიხვდეთ, რაზე გვაქვს საუბარი, შეგვიძლია, „300 სპარტელი“ გავიხსენოთ. ეს სერიალიც შესაბამისი ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა, 18 წლამდე ასაკის მაყურებლისთვის მაინც არ არის რეკომენდებული, აღვირახსნილი სექსის სცენების გამო, რომლებიც, ალბათ, შესაშური ფანტაზიის მქონე ადამიანებისთვისაც კი სიურპრიზი აღმოჩნდება. როგორც ჩანს, სერიალის შემქმნელებმა ყველა ის ლეგენდა გააცოცხლეს, რაც რომაელთა კულისებსმიღმა ცხოვრებაზე შემოინახა ისტორიამ...
Rating
აღსანიშნავია, რომ ფილმის პირველი სეზონის საპრემიერო სერია მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. კრიტიკოსთა შეფასება კი შერეული გახლდათ. ზოგიერთმა მათგანმა „სპარტაკს“ 100-დან 54% დაუწერა. ზოგმა კი მიიჩნია, რომ ძალადობისა და სექსის ამგვარი დოზა სერიალისთვის არცთუ მისაღები იყო. სამაგიეროდ, კრიტიკოსებისთვის ვიტფილდის მიერ შექმნილი სპარტაკის სახე აღმოჩნდა მისაღები.
ვისაც გიყვართ მძაფრი შეგრძნებები, ისტორიული პიროვნებების შესახებ მხატვრულად აღწერილი მოვლენები და 18 წელიც შეგისრულდათ, შეგიძლიათ, ამ სერიალს დაეწაფოთ.

ნინო მურღულია
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ლილიანა
სერიალი ამერიკული კი არა, ახალი ზელანდიური გახლავთ. ძალადობრივი სცენები მართლაც ბევრია. არც სექსის ნაკლებობას განიცდის. თუმცა, ვაღიარებ, რომ საყურებლად საინტერესოა და დინამიური. არ არის გაჭიანურებული და მოსაბეზრებელი. მაგრამ არის ის, რაც ჩემს თვალში ამ ფილმს ფასს უკარგავს. გეი სექსი და ჰომოსექსუალურობის აშკარა პროპაგანდა.ეს დიდი ჩრდილს აყენებს ამ მართლაც ლეგენდარული ადამიანის ისტორიის არც თუ ისე ცუდი ეკრანიზაციის მცდელობას. ამერიკაში ასეთ გარყვნილ ტელესერიალს არცერთი წამყვანი ტელეარხი არ დააფინანსებდა. იქ მასობრივი კინოინდუსტრია საკმაოდ მკაცრი კანონმდებლობით კონტროლდება.
21:50 / 21-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS