01 მარტი, 2015
6 რამ რასაც ვერასოდეს ეუბნება ქალიშვილი მამას - „შეცდომების დაშვების უფლება მომეცი...“
სავარაუდოდ თუ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ მამრობითი სქესის წარმომადგენელი ხართ, მამა ან მომავალი მშობელი. ( შეიძლება ის გოგონაც აღმოჩნდეთ, რომელსაც მამასთან დაძაბული ურთიერთობა აქვს.) თქვენ ალბათ საკუთარ თავ უსვამთ კითხვას, როგორ უნდა ვიყო კარგი მამა ჩემი ქალიშვილისთვის?

უპირველესყოვლისა, საჭიროა მისი ფინანსური უზრუნველყოფა და თქვენ ამას, სხვისი რჩევის გარეშეც, ხვდებით. თქვენი შვილი მადლიერი იქნება ჯიბის ფულისა და ფუფუნებისთვის, მაგრამ, ამასთან ერთად, მისთვის სხვა პრიორიტეტული საკითხებიც არსებობს. აი ისინი:

1. მამა, მომწონს როცა ჩემით ამაყობ და ხალხს ჩემს
მიღწევებზე სიხარულით ესაუბრები

მერიდება, როდესაც მაქებ და ხანდახან სირცხვილისგან ვწითლდები კიდეც, მაგრამ ბედნიერი ვარ როცა ვგრძნობ, რომ ჩემით ამაყობ. მინდა მრავალი ისეთი ნაბიჯი გადავდგა, რაც გათქმევინებს: ,, ეს ჩემი შვილია!" მსურს არასდროს შეგარცხვინო, არ მინდა თავს ხრიდე ან ვინმეს თვალს არიდებდე, როდესაც ჩემზე ჩამოვარდება ლაპარაკი.

2. ხშირად მითხარი, რომ ძალიან ლამაზი ვარ

მე არც ისეთი თავდაჯერებული ვარ, როგორიც გეჩვენები. მინდა ვიცოდე, რომ შენ მაინც ნამდვილად მთვლი ლამაზად.

3. მინდა თავს დაცულად ვგრძნობდე

შენ ხუმრობაზე, რომ 40 წლამდე უფლებას არ მომცემ პაემანზე წავიდე, ვბრაზობ, მაგრამ გულის სიღრმეში მსიამოვნებს, რომ ცდილობ გულისტკენა ამრიდო. მსურს თავს დაცულად ვგრძნობდე, მაგრამ ეს ხელს არ მიშლიდეს სრულფასოვან ცხოვრებაში.

4. ბედნიერი ვარ როდესაც დედას ეფერები და ანებივრებ

არაფერი მახარებს იმაზე მეტად, როდესაც ვხედავ რომ დედა ჯერ კიდევ გიყვარს, იმის მიუხედავად, რომ დიდი ხანია რაც ერთად ხართ. თქვენი შემხედვარე მჯერა იღბლიანი ქორწინებების. ვრწმუნდები, რომ ღირს ისეთი სერიოზული ნაბიჯის გადადგმა, რასაც ოჯახის შექმნა და მამაკაცისთვის სამუდამოდ თავის მიძღვნა ჰქვია. მგონია, რომ ჩემი ქმარიც კარგად მომექცევა და დამაფასებს.

5. არ მინდა შეყვარებულს ვმალავდე

გასაგებია, რომ იდეალურთან მიახლოებული კაცის დანახვა გსურს ჩემ გვერდით, მაგრამ მომეცი საშუალება თავად გავაკეთო არჩევანი. მე სულაც არ მჭირდება სრულყოფილი მამაკაცი, ჩემთვის საკმარისია ვუყვარდე, მავსებდეს და მაბედნიერებდეს. ნუ ატეხავ სკანდალს, როდესაც მასთან ერთად დამინახავ და ნუ დაემუქრები მოკვლით, როდესაც გაგაცნობ.

6. შეცდომების დაშვების უფლება მომეცი

დედამიწაზე არ არსებულა ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც არ დაუშვია შეცდომა... არასწორი ნაბიჯებისთვის ნუ გამკიცხავ. გთხოვ, თუ წავიქცევი, შემეშველე რომ არ დავეცე... და თუ ძირს აღმოვჩნდები წამომაყენე. შენი იმედი მაქვს, არ დამაღალატო.

თათული ღვინიანიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS