05 ივლისი, 2013
თვითმარქვია პრინცესა კარაბუ
რთული აღმოჩნდა მისი საწოლში ჩაწვენაც, ჯერ იატაკზე დაწოლა გადაწყვიტა, მაგრამ სასტუმროს დიასახლისის მონდომებით, როგორც იქნა, დააძინეს. 1617 წელს დიდ ბრიტანეთში, გლოსტერშირში გამოჩნდა ეგზოტიკურად ჩაცმული, თავზე დოლბანდწაკრული ახალგაზრდა გოგონა, რომელიც გაურკვეველ ენაზე ლაპარაკობდა. ენის იდენტიფიკაციისთვის ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ბევრ უცხოელს მიმართეს, სანამ ერთმა პორტუგალიელმა მეზღვაურმა არ ''გადათარგმნა'' მისი ამბავი. როგორც აღმოჩნდა, ქალიშვილი ინდოეთის ოკეანის კუნძულებზე მცხოვრები პრინცესა კარაბუ ყოფილა, თუმცა სინამდვილეში ავანტიურისტი პრინცესას გვარ-სახელი მერი ბეიკერ-უილკოქსი გახლდათ.

პირველი გამოჩენა

1817 წლის აპრილში გლოსტერშირის პატარა დასახლება ალმონსბერიში უცნაურად
ჩაცმული ქალიშვილი პირველად ადგილობრივმა მეწაღემ შეამჩნია. იმის გამო, რომ არ იცოდა, რა ექნა, ცოლის თანხლებით უცნობი ადგილობრივ ღარიბთა თავშესაფარში გაგზავნა. თვითმხილველების თქმით, რომლებიც იმ დროს თავშესაფარში იყვნენ, უცნობმა მიანიშნა, რომ თანახმა იყო, რაღაც დროით იქ ეცხოვრა. ქალიშვილი დაღლილი იყო და მოძრაობა უჭირდა.

სამწუხაროდ, მისი ლაპარაკი ვერავინ გაიგო. თავშესაფრის მზრუნველმა მისტერ ფილმა თავი ვალდებულად ჩათვალა, დახმარებისთვის საგრაფოს საერთაშორისო მსაჯულ სემიუელ უორალისთვის მიემართა, რომლის ერთ-ერთი მოსამსახურე ბერძენი იყო და რამდენიმე უცხო ენა იცოდა. უცნობი უხალისოდ, მაგრამ მაინც დათანხმდა უორალის მამულში სტუმრობას. სამწუხაროდ, ვერც ბერძენმა და ვერც სხვა ვერავინ ვერ მოახერხა გოგონას ენის გაგება. მეწაღე და მისი ამერიკელი ცოლი ჟესტების ენით ცდილობდნენ გამოერკვიათ, ჰქონდა თუ არა თან უცნობს რაიმე დოკუმენტები. ბოლოს და ბოლოს, გოგონა მიხვდა, რასაც სთხოვდნენ, ჯიბიდან გახეხილი, სხვა ვერსიით კი ყალბი ექვსპენსიანი, ნახევარპენსიანი მონეტა და შალში გახვეული საპონი ამოიღო. ამის გარდა არაფერი ებადა. ამ ფაქტს შესაძლოა სერიოზულად გაეუარესებინა მისი მდგომარეობა, რადგან, იმდროინდელი კანონების მიხედვით, ყალბი ფულის მქონე პირს სიკვდილით სჯიდნენ. მაგრამ უცნობი ვერ ხვდებოდა, რამდენად მძიმე იყო მისი მდგომარეობა. ამ ფაქტმაც შეუწყო ხელი დამატებით მტკიცებულებას, რომ იგი საიდანღაც შორიდან მოვიდა.

დოკუმენტებში ზედმიწევნითაა გადმოცემული ქალიშვილის ტანსაცმელი: შავი შალის კაბა და მუსლინის ნაოჭაყრილი საყელოიანი საცვლის მაისური ეცვა. თავზე დოლბანდად გადაქცეული შავი ტილოს შალი ჰქონდა წაკრული, მხრებზე შავ-თეთრი შალი ჰქონდა მოსხმული, ფეხზე შავი წინდა და შავი ტყავის ფეხსაცმელი ეცვა.
ხუთ ფუტზე მაღალი იყო, შავგვრემანი, შავი თვალები და წაბლისფერი თმა ჰქონდა, ეტყობოდა, საყურეს ატარებდა. მის ნაზ ხელებს თითქოს არაფერი გაეკეთებინოს, დახვეწილი და რბილი მანერები ჰქონდა.

იმდროინდელი კანონებით, მაწანწალებს ციხე ან გამოსასწორებელი სახლი ემუქრებოდათ. საეჭვო უცხოელები იმ დროს, ნაპოლეონის ომის დამთავრებისთანავე, პოლიტიკურ აგენტებად ან დივერსანტებად მიიჩნეოდნენ. გოგონა შრომით ბანაკში წასვლის წინააღმდეგი იყო.

ცოლთან მოთათბირების შემდეგ, საერთაშორისო მსაჯულმა, სანამ ბოლომდე გამოიძიებდა მის ვინაობას, ორი მოახლის თანხლებით გოგონა ღამის გაასათევად სოფლის სასტუმროში გაგზავნა.
როდესაც სასტუმროში მისულმა გოგონამ კედელზე დახატული ანანასი დაინახა, აღგზნებულმა რამდენჯერმე წამოიძახა ''ანანა'' _ ასე ეწოდება ამ ხილს ბერძნულად და ბევრ სხვა ენაზე. ასევე მიანიშნა გარშემო მყოფებს, რომ მისთვის ნაცნობი იყო ეს ხილი და თითქოს ანანასი იმ ადგილებში ხარობდა, სადაც ცხოვრობდა.
Rating
პირველი ღამის გასათევი

მისის უორალი, რომელიც ვერაფრით ვერ ხვდებოდა, საიდან იყო მისი სტუმარი, ფიქრობდა, რომ მის წინაშე ესპანელი ან ბერძენი იდგა, მაგრამ ბოლო ვარაუდი გამორიცხეს, რადგან მისმა ბერძენმა მსახურმა უცხოელს ვერაფერი გააგებინა. უცნობის ჩინური წარმომავლობაც გამორიცხეს - გოგონას სახის ნაკვთები მის ევროპელობაზე მეტყველებდა. როდესაც ქალიშვილს ჩაი მიართვეს, სანამ დალევდა, თვალები დახუჭა და გაუგებარ ენაზე ლოცვა დაიწყო. მორიგ ფინჯან ჩაიზე უარი თქვა, ჟესტებით ჭიქის გარეცხვა მოითხოვა, ილოცა და მხოლოდ ამის შემდეგ მიირთვა ჩაი. რთული აღმოჩნდა მისი საწოლში ჩაწვენაც, ჯერ იატაკზე დაწოლა გადაწყვიტა, მაგრამ სასტუმროს დიასახლისის მონდომებით, როგორც იქნა, დააძინეს.

შემდეგი დილა

მისის უორალმა, რომელსაც გულით ეცოდებოდა უცნობი, დილაუთენია მიაკითხა. ქალიშვილი ღუმელთან იჯდა, სახეზე მარტოობის განცდა და დაღლა აღბეჭდვოდა. ადგილობრივმა მღვდელმა რამდენიმე ნახატებიანი წიგნი მიუტანა, რომელშიც ეგზოტიკური ქვეყნები იყო გამოსახული. უხალისოდ დათვალიერების შემდეგ, ქალიშვილმა ჩინური ცხოვრების ამსახველ რამდენიმე აკვარელზე შეაჩერა ყურადღება და მიანიშნა, რომ სადღაც სამხრეთიდან ნავით ან გემით ჩამოაღწია. იმ ჯერზე მეტი ვერაფერი გაარკვიეს, მაგრამ მისის უორალმა მტკიცედ გადაწყვიტა, უცნობი თავისთან წაეყვანა და მის დასახმარებლად ყველაფერი გაეკეთებინა.

მამულში მოსასვენებელი ოთახი გამოუყვეს. ჩინური სამშვენისებით აღფრთოვანებულმა სტუმარმა მიანიშნა, რომ წარმოშობით იმ ქვეყნიდან იყო, ან იქ იმოგზაურა. მისის უორალი,
რომელიც ბოლომდე არ ენდობოდა, შეეცადა მისთვის ნამდვილი სახელი ეთქმევინებინა. მორჩილებისთვის ჯილდოდ საჭმელსა და ფულს შეჰპირდა. ყველა მცდელობა ფუჭი აღმოჩნდა, გოგონას სახეზე გაურკვევლობა ეწერა.

დიასახლისმა ფურცელზე თავისი სახელი დაწერა და ამის შემხედვარემ რამდენჯერმე ხმამაღლა გაიმეორა, თვითმარქვია შეეცადა ასევე მოქცეულიყო, უცნობმა უცებ წამოიძახა _ ''კარაბუ!'' და თითით თავისკენ მიანიშნა. სადილობის დროს ხორციან კერძზე უარს ამბობდა, ზიზღით უყურებდა ღვინოსა და ლუდს, წყლის გარდა არაფერს სვამდა. რადგანაც გოგონას ვინაობა ვერ დაადგინეს, კანონის თანახმად, ღარიბების საავადმყოფოში მოათავსეს.

მისის უორალმა, რომელიც მხედველობიდან არ იშორებდა ქალიშვილს, შეიტყო, რომ გოგონას ეზიზღებოდა საავადმყოფო, არ ჭამდა, უარი თქვა საწოლზეც. აქედან გამომდინარე, მოსამართლის ცოლმა საბოლოოდ გადაწყვიტა, გოგონა თავისთან წაეყვანა.

ვინაობის დადგენის პირველი ცდები

ქალაქში უცნობის გამოჩენის ამბავი უმალვე გავრცელდა და საავადმყოფოს უცხოელები მიაწყდნენ, რომელებიც უცნობის ვინაობის დადგენას შეეცადნენ. ყველა ცდა უშედეგოდ დამთავრდა.
შემონახულია საინტერესო დოკუმენტი, მეზღვაურის წერილი, რომელიც კარგად იცნობდა ხმელთაშუა ზღვის აუზებსა და მის გარშემო მდებარე ქვეყნებს. აი, რა ეწერა წერილში: ''მადამ, მგონია, რომ კარაბუ თქვენი სტუმრის კი არა, მისი ქვეყნის სახელია. მგონია, რომ ის წარმოშობით კასპიის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე უბე კარაბუდანაა. გოგონას ადვილად შეეძლო, აქ სპარსეთის ყურიდან ან შავი ზღვიდან მოხვედრილიყო, რადგან ამ წლის დასაწყისში ხმელთაშუა ზღვიდან ევროპაში უამრავი გემი შემოვიდა. იქნებ თქვენმა სტუმარმა ეს ადგილი რუკაზე ამოიცნოს. იმედი მაქვს, ჩემი ინფორმაცია გამოგადგებათ. თქვენი ერთგული მოსამსახურე'' .

თვითმარქვია პრინცესას ამბავი
ბოლოს და ბოლოს, გამოჩნდა მალაიელი მეზღვაური, პორტუგალიის ქვეშევრდომი ვინმე მანუელ ეინესო, რომელმაც განაცხადა, რომ გოგონას ენა ესმოდა და უცნობის ამბავი შემდეგი სახით გადმოსცა: მისი სიტყვებით, კარაბუ არისტოკრატი იყო და სადღაც ინდოეთის ოკეანის კუნძულებზე ცხოვრობდა. მამის სახლიდან მეკობრეებმა მოიტაცეს. როდესაც გემი ბრისტოლთან ახლოს მიცურავდა, ბორტიდან გადმოხტა და ნაპირამდე გამოცურა. პორტუგალიელი ამტკიცებდა, რომ კარაბუს ენა ყველასთვის გაუგებარი იმიტომ იყო, რომ იგი სუმატრის სანაპიროსთვის დამახასიათებელი ნარევი დიალექტით ლაპარაკობდა. ამ ამბის შემდეგ მისტერ უორალს საბოლოოდ გაეფანტა ეჭვები და ბრძანა, რომ ქალიშვილი უკან, მამულში დაებრუნებინათ. შემდეგი ცხრა კვირა უორალების მამული ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესის საგანი გახდა. იქ პრინცესა თავს შესანიშნავად გრძნობდა. მას უამრავი ქსოვილი მიუტანეს და მკერავმა მისივე შერჩეული დიზაინით კაბები შეუკერა.

ქცევა და ჩვევები

თვითმხილველების თქმით, თვითმარქვია როლს ბრწყინვალედ ასრულებდა. არასოდეს არ დაუშვია შეცდომა თავის ''ენაზე'' . ლაპარაკისას არ შეუცვლია აქცენტი, არ შეშლია სიტყვები. მოგვიანებით მოსამსახურეებმა აღიარეს, რომ ხანდახან ღამით, იმის მოლოდინში არ იძინებდნენ, რომ ძილში ალაპარაკდებოდა და თავს გაამჟღავნებდა. იმასაც აღნიშნავდნენ, რომ გოგონას ანალიზის კარგი უნარი ჰქონდა.

პირველი ეჭვები

გამოცდილი მოგზაურები, რომლებიც კარგად იცნობდნენ წყნარი ოკეანის კუნძულებს, თანდათან ამჩნევდნენ, რომ რაღაცები არ ემთხვეოდა პრინცესა კარაბუს ჩვევებსა და სამხრეთი ქვეყნების წეს-ჩვეულებებს შორის. თუმცა ამ საკითხზე მისი თანდასწრებით ლაპარაკობდნენ, რაც საშუალებას აძლევდა კარაბუს, მაშინვე გაეთვალისწინებინა და გამოესწორებინა ''შეცდომები'' .
გარდა ამისა, მისის უორალის ვაჟმა თვითმარქვია პრინცესას პირში მიახალა, მატყუარა ხარო, აღშფოთებულმა პრინცესამ დაუყვირა: ''კარაბუ მატყუარა არ არის!'' ეს ამბავი მას შემდეგ მოხდა, რაც კარაბუმ ''ვითომ'' რამდენიმე ინგლისური სიტყვა ისწავლა. ამიტომ გარშემო მყოფებს ამ ფაქტისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ.
იმდროინდელ პრესაში ხშირად იბეჭდებოდა სტატიები კარაბუს შესახებ, ამან გოგონას გამოაშკარავების შიში გაუჩინა და ორჯერ სცადა უორალების სახლიდან გაქცევა, მაგრამ უშედეგოდ...
Rating
გამოაშკარავება

თუმცა სიმართლე მაინც გაირკვა. თვითმარქვია იმან დაღუპა, რომ ვინმე დოქტორმა უილკინსონმა გულთან ახლოს მიიტანა და სერიოზულად აღიქვა კარაბუს ამბავი და მისი ენის, ზნე-ჩვეულებებისა და ხასიათის შესწავლას შეუდგა. მან ადგილობრივ ჟურნალ-გაზეთებში პრინცესა კარაბუზე რამდენიმე სტატიაც გამოაქვეყნა. ''ბრისტოლის ჟურნალში'' გოგონას ფოტოც დაიბეჭდა და ვინმე მისის ნილმა პრინცესა კარაბუში უითერიჯელი მეწაღის ქალიშვილი მერი უილკოქსი (ქმრის გვარი ბეიკერი) ამოიცნო. როგორც აღმოჩნდა, რაღაც დროის განმავლობაში მერი მისის ნილის მდგმური იყო. მისის ნილი ირწმუნებოდა, რომ მერი ხშირად ეთამაშებოდა მის პატარა ქალიშვილებს და თავისივე გამოგონილ ენაზე ელაპარაკებოდა. მისის ნილი ასევე ამტკიცებდა, რომ სახლიდან წასვლისას მერიმ შალი თავზე ჩალმასავით შემოიხვია. ამ ჩვენების შემდეგ მერი იძულებული გახდა, სიმართლე ეღიარებინა და იქაურობიდან საერთოდ გადახვეწილიყო.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მერი
ჰა,ჰა,ჰა არ გააცუცურაკა ამდენი ხალხი?ყოჩაღ მაგას.
15:14 / 08-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS