02 ივლისი, 2013
უდიდესი ბრძენი

ინდიელებისთვის თაგორი არა მარტო კლასიკოსი, არამედ მთელი ეპოქაა. ''ჰიმანჯალის'' ავტორი პირველი იყო არაევროპელებს შორის, რომელმაც 1913 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მოიპოვა. რაბინდრანათ თაგორი 1861 წლის 7 მაისს ჩრდილოეთ კალკუტაში, ჯორასანკო თხაკურ ბარის მამულში ბრაჰმან დებენდრანატჰა თაგორისა და შარადა დევის მდიდარ ოჯახში დაიბადა.

რაბინდრანათი დედმამიშვილში ნაბოლარა იყო. თაგორები მსხვილი მიწათმფლობელები და უძველესი გვარის წარმომადგენლები იყვნენ. მწერლის ერთ-ერთი წინაპარი ადი დჰარმის რელიგიის დამაარსებელი გახლდათ.

თაგორის უფროსი ძმა, დვიჯენდრანატჰი, მათემატიკოსი, პოეტი და მუსიკოსი იყო, ორი შუათანა ძმა -
ცნობილი ფილოსოფოსები, პოეტები და დრამატურგები.
მისმა ძმისშვილმა კი თანამედროვე ბენგალური ფერწერული სკოლა დააარსა. თაგორების
სახლში გამოჩენილი მწერლები, მუსიკოსები და პოლიტიკოსები ხშირად იკრიბებოდნენ. ასეთ გარემოში იზრდებოდა მომავალი ბრძენი.

თაგორი 5 წლის იყო, როდესაც აღმოსავლურ სემინარიაში მიაბარეს სასწავლებლად, მაგრამ შემდეგ ჩვეულებრივ სკოლაში გადაიყვანეს, სადაც უკეთესი სწავლის დონე იყო. მიუხედავად ამისა, რაბინდრანატმა კარგი ოჯახური განათლება მიიღო, შეისწავლა არითმეტიკა, გეომეტრია, ისტორია, ინგლისური ენა და სანსკრიტი, აგრეთვე სხვა საგნებიც. გაეცნო უძველესი პერიოდის უდიდესი ინდოელი დრამატურგისა და პოეტის კალიდასის შემოქმედებას.

სწავლისგან თავისუფალ დროს თაგორს მამულის შემოგარენის გარშემო ფეხით სეირნობა უყვარდა.

პოეტად ჩამოყალიბება

მომავალმა მწერალმა ლექსების წერა პატარაობიდანვე დაიწყო. 16 წლის ასაკში პირველი დრამა და ნოველები დაწერა. თავისი პირველი ლექსი მზის ლომის ფსევდონიმით გამოაქვეყნა.

11 წლის ბიჭუნამ მამასთან ერთად კალკუტა დატოვა. რაბინდრანათის მამა, რომელიც შემდგომში ბრაჰმანი გახდა, ინდოეთის წმინდა ადგილების მოსალოცად ხშირად დადიოდა. 1873 წლის 14 თებერვალს მამა-შვილი რამდენიმე თვით ერთად გაემგზავრა სამოგზაუროდ. მათ მოინახულეს შანტინიკეტანის საოჯახო მამული და ამრიტ სარში გაჩერდნენ. მომლოცველობითმა მოგზაურობამ დიდი გავლენა მოახდინა მომავალ პოეტზე, უფრო ახლოს გაიცნო ქვეყნის ბუნება და ისტორია, ქვეყნის კულტურული ცხოვრება.

ბიჭუნა 14 წლის იყო, დედა რომ გარდაეცვალა. 1877 წელს რაბინდრანათმა მაიტჰილის სტილში გრძელი პოემა დაწერა. 1878 წელს თაგორმა ბრაიტონის საჯარო სკოლაში ჩააბარა. პირველი რამდენიმე თვე ბრაიტონთან ახლოს, ჰოუვაში მდებარე თაგორების კუთვნილ სახლში იცხოვრა. მასთან ერთად მისი ძმისშვილებიც იყვნენ, რომლებიც ინგლისში თაგორის მსგავსად სასწავლებლად ჩავიდნენ. იგი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში სამართალს სწავლობდა, მაგრამ კოლეჯი მალე მიატოვა და ლიტერატურის შესწავლას შეუდგა - სიამოვნებით გაეცნო კლასიკოსების ნაწარმოებებს. 1880 წელს ბენგალიაში ხარისხის გარეშე დაბრუნდა. სამაგიეროდ, ინგლისის გაცნობამ და იქ მიღებულმა ცოდნამ დადებითი გავლენა მოახდინა მისი გვიანდელი პერიოდის შემოქმედებაზე როგორც ლიტერატურაში, ისე მუსიკაში.

1883 წლის 9 დეკემბერს მრილანილ დევიზე იქორწინა. წყვილს ხუთი შვილი ეყოლა - სამი გოგონა და ორი ვაჟი.
1891-1895 წლები თაგორის შემოქმედებაში ნაყოფიერი გამოდგა. 40-ზე მეტი მოთხრობა დაწერა, რომლებიც მოგვიანებით მის სამტომეულ ''გალპაგუჩჰაში'' შევიდა. თავის შემოქმედებაში თაგორმა ხატოვნად აღწერა ბენგალიის ცხოვრება.

XIX საუკუნის ბოლოს გამოვიდა ჯერ მისი სიმღერებისა და პოეზიის კრებულები ''ოქროს ეტლი'' , მოგვიანებით პოეზიის კრებული ''გაელვება'' . ლიტერატურის გარდა თაგორი სამეურნეო საქმეებითაც იყო დაკავებული. 1890 წელს შილაიდაჰში უზარმაზარი მამულის მოვლა-პატრონობამ მოუწია, მოგვიანებით მასთან ცოლ-შვილიც ჩავიდა. ერთი წლის შემდეგ კვლავ ჩავიდა შილაიდაჰში, იქიდან შანტინიკენტნში გადავიდა და აშრამი დააარსა. იქ იყო ექსპერიმენტული სკოლა, ბიბლიოთეკა, მარმარილოსიატაკიანი სამლოცველო, აგრეთვე ხეივნები და ბაღები.

რევოლუციის ტალღა

1902 წელს თაგორის მეუღლე გარდაიცვალა, რაც მწერალმა მძიმედ გადაიტანა. დიდი ხნის განმავლობაში ლიტერატურას ჩამოსცილდა, უნუგეშოდ იყო. შემდეგ ნელ-ნელა ჩაერთო საზოგადოებრივ ცხოვრებაში, დაიწყო ხალხთან ურთიერთობა. გამოსცა კრებული ''ხსოვნა'' , რომელიც მეუღლეს მიუძღვნა.

დიდ ტკივილს უფრო დიდი უბედურება მოჰყვა - ცოლის გარდაცვალები 
დან ერთ წელიწადში ტუბერკულოზით ქალიშვილი გარდაეცვალა, 1907 წელს ქოლერით პოეტის უმცროსი ვაჟი დაიღუპა.

დიდმა დანაკლისმა და ტკივილმა სულიერად ვერ გატეხა პოეტი და სიცოცხლის სურვილი ვერ ჩაუკლა. მწერალი არა მარტო ქმნიდა, არამედ აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. კოლონიური ხელისუფლების მიერ ცნობილი ინდიელი რევოლუციონერის ტილაკის დაჭერის შემდეგ, თაგორი მის დასაცავად გამოვიდა, პატიმარი რევოლუციონერის დასახმარებლად ფულის შეგროვებაც ითავა.

1905 წელს ბენგალიის გაყოფის გამო პროტესტანტთა ტალღამ იმძლავრა,
ჩამოყალიბდა ''სავადეშის'' მოძრაობა და თაგორი ამ მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახდა. ამ დროს დაწერა ისეთი პატრიოტული სიმღერები, როგორებიც არის ''ბენგალიის მიწა'' და ''ოქროს ბენგალია'' . 1910 წელს გამოვიდა თაგორის ცნობილი ლექსების კრებული ''გიტან ჯალის'' სახელწოდებით.
Rating
თაგორი ბევრს მოგზაურობდა, იყო ამერიკაში, იაპონიაში, ჩინეთში, ევროპაში, სსრკ-ში.
ლონდონში თავის მეგობარს, გამოჩენილ მხატვარ როტენშტაინს ინგლისურად მისივე ნათარგმნი ლექსები წაუკითხა. როტენშტაინი აღაფრთოვანა თაგორის ლექსებმა, ''ინდური საზოგადოების'' დახმარებით ინგლისურად ითარგმნა და ლონდონში დაიბეჭდა პოეტის უმეტესი შემოქმედება.
1930-იანი წლების დასაწყისში რაბინდრანათი შეეცადა საზოგადოების ყურადღება ქვეყნის კასტური პრობლემებისა და ხელშეუხებლობისკენ მიეპყრო. იგი გამოდიოდა სახალხო ლექციებზე და ამბობდა, რომ ''ხელშეუხებელთა'' შორის უმეტესობა ღირსეული ადამიანი იყო. ბოლოს და ბოლოს, კრიშნასა და გურუავიურეს ტაძრების მონახულების უფლებას მიაღწია.

მოგზაურობა და სარწმუნოებაში გაძლიერება

რაც უფრო მეტს მოგზაურობდა მსოფლიოში რაბინდრანატი, მით მეტად რწმუნდებოდა, რომ და ადამიანების დაყოფა კარგს არაფერს მოიტანდა. 1932 წელს ერაყის უდაბნოში ბედუინების ბანაკს ეწვია, მას ტომის ბელადი მიუახლოვდა და ასეთი სიტყვები უთხრა: ''ჩვენმა წინასწარმეტყველმა თქვა, რომ ნამდვილი მუსლიმანი ისაა, რომლის სიტყვის ან მოქმედების შედეგად არც ერთი ადამიანი არ დაშავდება'' . ამ სიტყვებმა დიდი გავლენა მოახდინა პოეტზე და კიდევ უფრო გააძლიერა სარწმუნოებაში, დაარწმუნა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია.

საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართული თაგორი ლიტერატურასაც არ ივიწყებდა. წერდა პოემებს, პროზას, სიმღერებს, მუსიკას ცეკვებისთვის. სიცოცხლის ბოლო წლებში კი მეცნიერებამ გაიტაცა და დაწერა ესეების კრებული ''ჩვენი სამყარო'' . საინტერესოა, რომ მისი სამეცნიერო კვლევები ასტრონომიაში, ფიზიკასა და ბიოლოგიაში ლიტერატურულ შემოქმედებაში პოვებდნენ ასახვას. სამწუხაროდ, სიცოცხლის ბოლო ოთხი წელი თაგორი მძიმედ ავადმყოფობდა, 1937-1940 წლებში კომაში ვარდებოდა და ხანგრძლივი დროის განმავლობაში სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე იმყოფებოდა.

1941 წლის 7 აგვისტოს თაგორი ჯორასანკოს მამულში გარდაიცვალა. მთელი ბენგალია მძიმედ განიცდიდა ამ დანაკლისს. თაგორი არა მარტო პოეტი და მწერალი იყო, არამედ კომპოზიტორი, მხატვარი. მისმა შემოქმედებამ ბენგალიის ლიტერატურასა და მუსიკაზე დიდი გავლენა მოახდინა.

თაგორმა დაწერა ინდოეთის ჰიმნისთვის ლექსიც და მუსიკაც. შექმნილი აქვს 2500-ზე მეტი ნახატი, რომლებიც გამოიფინა ინგლისში, ევროპასა და აზიაში.
უდიდესი ბრძენკაცისა და მამულიშვილის დაბადების დღე დღესაც დიდი დღესასწაულია ინდოეთის ყველა მოქალაქისთვის.

ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ტარო
ინდიელი არა რაა.ინდოელია.მოიძიეთ პეპელაზე დაწერილი ლექსი.ულამაზესია.მაგარი კაცი იყო
18:34 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS