01 ივლისი, 2013
პრეზიდენტთა წყევლა
ლინკოლნის მკვლელი ჯონ ბუტი დანაშაულის ადგილიდან გაიქცა, ამაში მას ვინმე ოსვალდი დაეხმარა. ამავე გვარს ატარებდა მოყვარული სნაიპერი, რომელმაც ჯონ კენედის ესროლა. აბრაამ ლინკოლნი და ჯონ ფიცჯერალდ კენედი ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლიდერები არიან ქვეყნის მთელი ისტორიის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ მათ თითქმის მთელი საუკუნე აშორებთ, ამ ორი ადამიანის ცხოვრება, ბედი და სიკვდილის გარემოებები საოცრად ჰგავს ერთმანეთს.

რეინკარნაციის შესახებ

აბრაამ ლინკოლნიც და ჯონ კენედიც განათლებით იურისტები იყვნენ, ორივე 46 წლის ასაკში გახდა კონგრესმენი. პრეზიდენტად ორივე...
60 წელს ნოემბერში აირჩიეს, თავთავიანთ საუკუნეებში, ცხადია, და ორივე, შეძლებისდაგვარად, სამოქალაქო თავისუფლებებისა და რასების თანასწორობისთვის იბრძოდა.
აბრაამიც და ჯონიც ოჯახში მეორე ბავშვები იყვნენ და სახელები პაპების პატივსაცემად დაარქვეს. უყვარდათ სარწეველა სავარძელი. ორივე 30 წელს გადაცილებული დაქორწინდა შავგვრემან მზეთუნახავზე და მათ სხვა თაყვანისმცემლები ჩამოაშორეს. მათი ცოლები თავისუფლად ლაპარაკობდნენ ფრანგულად და თეთრი სახლის ნამდვილი დიასახლისები გახდნენ.
ორივეს არჩევამდე დაეღუპა ორი შვილი ოთხიდან. ლინკოლნის ვაჟი მერი იუნისზე დაქორწინდა, ხოლო კენედის დას მერი იუნისი ერქვა. სახელგანთქმული პრეზიდენტების პირად ექიმებს ასევე ერთი სახელი ჰქონდათ - ჩარლზ ტაფტი. ლინკოლნის მეგობარსა და მრჩეველს უილიამ გრეჰემი ერქვა და კენედისაც ჰყავდა მრჩეველი ასეთივე სახელით.
ლინკოლნი ფორდის თეატრში, ნომერ მე-7 ლოჟაში მოკლეს. კენედის მაშინ ესროლეს, როცა მისი ავტომობილი „ფორდ-ლინკოლნი“ (!) ესკორტში რიგით მეშვიდე მიემართებოდა. ორივე კეფაში ნასროლი ტყვიით, თავიანთი ცოლების თვალწინ დაიღუპა. და ბოლოს, ორივე მათგანი შეცვალეს ვიცე-პრეზიდენტებმა, რომელთა გვარიც ჯონსონი გახლდათ.
არ არის საკმარისი? კიდევ შეგვიძლია გავაგრძელოთ...
ლინკოლნის მკვლელი ჯონ ბუტი დანაშაულის ადგილიდან გაიქცა, ამაში მას ვინმე ოსვალდი დაეხმარა. ამავე გვარს ატარებდა მოყვარული სნაიპერი, რომელმაც ჯონ კენედის ესროლა. თავდასხმის შემდეგ ბუტმა სასწრაფოდ დატოვა თეატრი და შემდეგ პატარა საწყობში დაიჭირეს, ხოლო უიღბლო მსროლელი ოსვალდი, თავის მხრივ, წიგნსაცავიდან გაიქცა და კინოთეატრში დააკავეს. ერთიცა და მეორეც დააპატიმრა პოლიციელმა გვარად ბეიკერმა. კილერთა ბედიც საოცრად ჰგავს ერთმანეთს: ისინი ყოველგვარი სასამართლოს გარეშე დახვრიტეს. და უკვე სრულიად ბუნებრივად გამოიყურება ის, რომ ორივე პრეზიდენტის დაკრძალვაც წვრილმანებში ჰგავს ერთმანეთს. კენედის ისეთივე ლაფეტით, კატაფალკითა და წითელი ხის ისეთივე კუბოთი მიასვენებდნენ, როგორითაც თავის დროზე პრეზიდენტ ლინკოლნს.

ტეკუმსეს წყევლა

თუ ყურადღებით დავაკვირდებით ამერიკის პრეზიდენტთა ისტორიას, შესაძლოა ერთი უცნაური კანონზომიერება აღმოვაჩინოთ. მას ხშირად უწოდებენ „ტეკუმსეს წყევლას“ - გავლენიანი ინდიელი ბელადის სახელის მიხედვით. ლეგენდას სათავე სენატორმა უილიამ ჰარისონმა დაუდო, რომელიც „რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლით“ წითელკანიანთა მათი მიწებიდან გასახლების ბრძანებას ასრულებდა. მაგრამ ჰარისონი საკმაოდ მკაცრად ექცეოდა მკვიდრ მოსახლეობას, ხოლო მათ, ვინც წინააღმდეგობას უწევდა, ულმობლად ანადგურებდა. ბელადმა შაუნი ტეკუმსემ („გაფრენილი ისარი“ ) შეძლო რამდენიმე ტომის გაერთიანება წინააღმდეგობის გასაწევად. სასიკვდილო სარეცელზე მყოფმა ბელადმა სენატორს წერილი გაუგზავნა, რომელიც „ტეკუმსეს წყევლის“ სახელითაა ცნობილი: „ჰარისონი მბრძანებლობის დროს მოკვდება. და მას შემდეგ თითოეული დიდი ბელადი, რომელსაც ყოველ ოც წელიწადში აირჩევენ, მოკვდება. და ყოველთვის, მისი სიკვდილის ჟამს, დაე ყველამ გაიხსენოს ჩვენი ხალხის დაღუპვა...“
წყევლა აღსრულდა. ჰარისონი უმაღლეს პოსტზე 1840 წელს აირჩიეს. ინაუგურაციაზე, რომელიც მარტის ცივ ამინდში, ღია ცის ქვეშ მიმდინარეობდა, იგი მსუბუქად ჩაცმული გამოცხადდა და გაცივდა. ერთ თვეში „ველურებზე გამარჯვებული“ გარდაიცვალა. მისი სიკვდილი ერთგვარ საბედისწერო სიგნალად იქცა ამერიკის პრეზიდენტებისთვის, რომლებსაც ნულზე დამთავრებულ წლებში ირჩევდნენ. ზუსტად ოცი წლის შემდეგ, 1860 წელს, აშშ-ის პრეზიდენტად აბრაამ ლინკოლნი აირჩიეს. 1865 წლის 14 აპრილს იგი ოჯახთან ერთად გაემგზავრა ვაშინგტონის თეატრში სპექტაკლ „ჩვენი ამერიკელი ბიძაშვილის“ სანახავად. მსახიობმა ჯონ უილკს ბუტმა პრეზიდენტის ლოჟის კარი გააღო და ლინკოლნს თავში ესროლა...
აშშ-ის პრეზიდენტთა ტრაგიკული ისტორია, რომლებსაც ნულზე დამთავრებულ წლებში ირჩევდნენ, საზარელი სიზუსტით გრძელდებოდა:
ჯეიმს გარფილდი - აირჩიეს 1880 წელს, მოკლეს 1881 წელს;
უილიამ მაკ-კინლი - ხელახლა აირჩიეს 1900 წელს, მოკლეს 1901 წელს;
უორენ ჰარდინგი - აირჩიეს 1920 წელს, გარდაიცვალა 1923 წელს;
ფრანკლინ რუზველტი - განმეორებით აირჩიეს 1940 და 1944 წლებში, გარდაიცვალა 1945 წელს;
ჯონ კენედი - აირჩიეს 1960 წელს, მოკლეს 1963 წელს.
ამის შემდგომ საბედისწერო წლებში არჩეულ პრეზიდენტებს რატომღაც უფრო მეტად „გაუღიმათ ბედმა“ . 1980 წელს არჩეული როლანდ რეიგანი თავდასხმის შედეგად მძიმედ დაიჭრა, მაგრამ მედიკოსთა წყალობითა და ოსტატობით გადარჩა. აქვე უნდა გავიხსენოთ ჯორჯ ბუში-უმცროსიც, რომელიც 2000 წელს აირჩიეს და რომელსაც კიდევ უფრო მეტად გაუმართლა - მისკენ ნასროლი ხელყუმბარა ბედნიერი შემთხვევის გამო არ აფეთქებულა.

სიკვდილი მოიცდის...

მსოფლიოში, სამწუხაროდ, არც თუ ისე იშვიათად ხდება ტექნოგენური ავარიები, კატასტროფები, სტიქიური უბედურებები, ტერორისტული აქტები, რასაც ზოგჯერ უამრავი მსხვერპლი მოჰყვება. მკვლევრებმა უკვე დიდი ხანია მიაქციეს ყურადღება ამ მოვლენებთან დაკავშირებულ უცნაურ კანონზომიერებას: პრაქტიკულად ყოველი მძიმე შემთხვევის დროს ზოგიერთი პოტენციური მსხვერპლი ამა თუ იმ ამოუხსნელი გარემოებით თავს აღწევს ფატალურ სიტუაციას, მაგრამ როგორ ხდება ეს?

მანდარინის ქერქი
ავიაკომპანია „ეს ფრანსის“ სტიუარდესა იზაბელ სარნო 2000 წელს მორიგ რეისში უნდა გაფრენილიყო, მაგრამ დილით თითი გაიჭრა, შემდეგ კი მის ბიჭუნას სიცხემ აუწია. იზაბელმა დედას დაურეკა და სთხოვა, ბავშვთან დარჩენილიყო, მაგრამ დედას კარის ზღურბლთან დაგდებულ მანდარინის ქერქზე დაუცურდა ფეხი და ხელი მოიტეხა. ამის შემდეგ იზაბელს სხვა აღარაფერი დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ უფროსობისთვის დაერეკა და მისი შეცვლა ეთხოვა. აფრენიდან რამდენიმე წუთში ლაინერი ნამსხვრევებად იქცა...

სავაჭრო ცენტრის იღბლიანი თანამშრომლები
2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მრავალი თანამშრომელი ასევე ბედნიერი შემთხვევის წყალობით გადარჩა. მაგალითად, გრეგ ეპშტეინი შენობაზე თვითმფრინავის დაჯახებამდე მცირე ხნით ადრე 67-ე სართულზე მდებარე ოფისიდან სიგარეტის საყიდლად გაემართა. ვინმე ბილ თრინქლმა სამუშაოზე დააგვიანა - სახლში თავის პატარა ქალიშვილთან თამაშში გაერთო და ვეღარ მიუსწრო დილის მატარებელს, ხოლო გოგონა სახელად მონიკა ო-ლირი ზუსტად ტრაგედიის წინადღით გათავისუფლდა სამსახურიდან...

მფარველი ანგელოზი?..
კატასტროფებს გადარჩენილი მრავალი ადამიანი ამტკიცებს, რომ ისინი მათმა მფარველმა ანგელოზმა იხსნა. ამის მაგალითია ცნობილი არგენტინელი ავტომრბოლელის ხუან მანუელ ფანხიოს ისტორია.
1958 წლის 23 თებერვალს იგი კუბელმა მეამბოხეებმა გაიტაცეს. ეს მოხდა „ფორმულა-1“ -ის მორიგი ეტაპის - „ჰავანის დიდი პრიზის“ - დაწყებამდე ერთი დღით ადრე. 28 საათის შემდეგ აჯანყებულებმა გაათავისუფლეს ფანხიო - მათ განაცხადეს, რომ ეს აქტი იმ მიზნით განახორციელეს, რათა მთელ მსოფლიოს გაეგო აჯანყების შესახებ ფულხენსიო ბატისტას დიქტატურის წინააღმდეგ.
რბოლის დროს, რომელშიც ფანხიომ ვერ შეძლო მონაწილეობის მიღება, საშინელი კატასტროფა მოხდა, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამის შემდეგ ფანხიომ განაცხადა, რომ მის ბედში თავად უფალი ჩაერია და უარი თქვა რაიმე ჩვენების მიცემაზე თავის გამტაცებელთა წინააღმდეგ.

იდუმალი სტატისტიკა
ამერიკელმა სოციოლოგმა ჯეიმს სტაუნტონმა, რომელმაც გააანალიზა 50 ავია და სარკინიგზო კატასტროფა, დაწყებული 1900 წლიდან, შენიშნა, რომ უმრავლეს შემთხვევებში ტრაგედიების დროს სატრანსპორტო საშუალებები მხოლოდ 60%-ით იყო შევსებული. იმ შემთხვევებში, როდესაც ეს მაჩვენებელი 75%-ს აღემატებოდა, ავარიები ძალზე იშვიათად ხდებოდა.
ამ სტატისტიკით დაინტერესებულმა სტაუნტონმა მრავალი ადამიანი გამოკითხა, რომლებიც შემთხვევით გადაურჩნენ სიკვდილს სატრანსპორტო კატასტროფების დროს. აღმოჩნდა, რომ ბევრ მათგანს წინადღით არავითარი წინათგრძნობა არ ჰქონია: კატასტროფაში მოხვედრისგან ისინი თითქოსდა უბრალო გარემოებამ იხსნა. ზოგს აეროპორტში წასვლამდე მუცელი ასტკივდა, ზოგს მოულოდნელად გარდაეცვალა ახლობელი, ვიღაცას კიბეზე ჩასვლისას ფეხი გადაუბრუნდა და მატარებელს ვეღარ მიუსწრო... და ასეთი მაგალითი უამრავია!
სტაუნტონის გამოკვლევამ ნამდვილი აჟიოტაჟი გამოიწვია კატასტროფათა პროგნოზირების თემასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ენთუზიასტი, რომელმაც ამ თემაზე ჩაატარა კვლევა, გახლდათ ცნობილი ამერიკელი მწერალი სტივენ კინგი.
„მას შემდეგ, რაც პირველად წავიკითხე ჯეიმს სტაუნტონის სტატია, „მაჯესტიკ ეირლაინზის“ თვითმფრინავი ლოგანის აეროპორტში დაიმსხვრა, - მოგვითხრობს კინგი, - ლაინერში მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. როდესაც მღელვარება ოდნავ დაცხრა, ამ კომპანიის ოფისში დავრეკე. განვაცხადე, რომ ჟურნალისტი ვარ - ეს პატარა ტყუილი იყო კეთილი განზრახვით. ვთქვი, რომ სტატიის დაწერა გვინდოდა ამ ავიაკატასტროფის შესახებ და ვთხოვე ჩემთვის ეცნობებინათ, ბილეთის მქონე რამდენი ადამიანი არ გაფრენილა ამ რეისით. ასეთი სულ თექვსმეტი აღმოჩნდა. კითხვაზე, საშუალოდ რამდენი მგზავრი იგვიანებს ხოლმე დენვერი-ბოსტონის რეისზე, მიპასუხეს, რომ არაუმეტეს სამისა. გარდა ამისა, კიდევ თხუთმეტმა ადამიანმა განაცხადა უარი ამ რეისით გაფრენაზე, მაშინ, როცა, ჩვეულებრივ, ამ კატეგორიის რაოდენობა ათსაც არ აღწევს. გამოდის, რომ როცა გაზეთები ერთხმად გაჰკიოდნენ: „ავიაკატასტროფამ 94 ადამიანი იმსხვერპლა“ , მათ შეიძლებოდა ასეთი რამეც დაებეჭდათ: „31 ადამიანი ავიაკატასტროფაში დაღუპვას გადაურჩა“ .
მრავალი მეცნიერის აზრით, სხვადასხვა ტრაგედიის, ავარიისა და კატაკლიზმის მიზეზები დედამიწაზე კოსმოსური გამოსხივების ზემოქმედებას უკავშირდება. ზოგიერთი ადამიანი, როგორც ჩანს, გრძნობს ამ ზეგავლენას, რის გამოც ახერხებენ ეს მოვლენები მათ ამოქმედებამდე „დაინახონ“ და გაუცნობიერებლად ისე მოიქცნენ, როგორც მათი გადარჩენისათვის არის საჭირო.

პაატა გეგელაშვილი 
ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS