ადგილობრივი მცხოვრებნიც ამბობენ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი ბოლო დროს ძალიან შეიცვალა. მაგრამ ამას განსაკუთრებით ისინი გრძნობენ, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ყოფილან და ხელახლა ჩავიდნენ. რას აღარ უწოდებენ დღეს ბათუმს!
ერთმანეთის მიყოლებით ჩნდება ფეშენებელური სასტუმროები. მათ გარდა ბათუმს ბევრი საოცარი შენობა და ქანდაკება ამშვენებს. შთამბეჭდავია ყველაზე მაღალი შენობა ქალაქში, რომელშიც ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნდა განთავსდეს - თუმცაღა, ეს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სურვილი იყო, ქალაქის ახალ მთავრობას კი სხვა გეგმები აქვს - მაღალ შენობაში მერიას განათავსებენ. ცათამბჯენის სიახლოვეს 64-მეტრიანი კოშკი „ანბანია“ . მასზე ქართული ანბანის ასოებია. ახლა კოშკი არ ფუნქციონირებს, მაგრამ ქალაქს ძალიან ძვირი უჯდება - წელიწადში დაახლოებით ნახევარ მილიონ დოლარამდე. შესაძლოა, მალე ის იჯარით გასცენ. მაშინ, რესტორნის გარდა, რომლის იქ განთავსება ადრეც ივარაუდებოდა, კოშკის ზედა ნაწილში სასტუმროს რამდენიმე ნომერსაც განათავსებენ.

სანაპიროზე ათასობით პალმაა. ჰყვებიან, რომ ხეები ქალაქს რომელიღაც არაბმა შეიხმა აჩუქა. საღამოობით ყველა პალმა მწვანედ ანათებს. იქვეა ველოსადგომი. სულ რაღაც ერთ დოლარად შეიძლება, მთელი საათი ისეირნო ველოსიპედით.
აჭარის დედაქალაქში იტალიური კუთხის პოვნაც შეიძლება - ეს ბათუმის პიაცაა. ის ვენეციის სან მარკოს მოედანს ჰგავს. შიდა ეზოში კაფე და რესტორანია, სადაც ფასები საკმაოდ მაღალია.
ბათუმში რომ დასეირნობ, ფიქრობ, რომ ამ ქალაქში შეუთავსებელი რაღაცებია შეთავსებული. აქ არც ისე დიდ ფართობზე უამრავი ღირსშესანიშნაობაა - ულტრათანამედროვე და საუკუნეების ისტორიის მქონე. თუმცა ხანდახან მაინც შეხვდებით „ინტერესთა კონფლიქტს“.
ბათუმის სანაპიროზე შეზლონგებია მოფენილი. სანამ ზღვის ნიავს ვეშურებოდი, 60 წლამდე ქალი მომიჯდა გვერდით. როგორც საქართველოში ხდება ხოლმე, ლაპარაკი პირველმა მან წამოიწყო. „აი, სათვალე გავიკეთე, მინდოდა დელფინებისთვის მეყურებინა, მაგრამ უკვე წავიდნენ. როგორც ჩანს, ზღვა უკვე გათბა. დელფინებს გრილი წყალი უყვართ“ . მერე სულ სხვა სივრცეში გადავიდა და მიამბო, რომ სააკაშვილმა საქართველოში ყველაფრის უფლება მისცა თურქებს. აქ ისინი საუკეთესო ტერიტორიებს იკავებენ, როგორც პლაჟზე, ისე ქალაქში. თავიანთი მაღაზიები გახსნეს, რომლებიც გვიან ღამემდე მუშაობს. „ბათუმური ინტელიგენცია თითქმის არ დარჩა. ჩვენს სახლშიც კი, ცენტრში, უკვე რამდენჯერმე შეიცვალნენ მეზობლები. ახლები შემოდიან და კარს იკეტავენ. ჩვენ კი ამას არ ვართ ჩვეული! ჩვენ კარი ყოველთვის ღია გვქონდა...“ ამბობს, რომ მუსიკის მასწავლებელია. მერე ჰყვება, როგორ გადმოხტა ცოტა ხნის წინ ფანჯრიდან მისი ახალგაზრდა მეზობელი. „დეპრესია“ , - ასე ხსნის მიზეზს.

ვემშვიდობები და მივდივარ. გზაში ვფიქრობ, რომ საქართველო და დეპრესია შეუთავსებელი ცნებებია. თუმცა იქნებ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს...
ერთ ჩვეულებრივ ბათუმურ ეზოში შევდივარ. ქალი აივანზე გადმომდგარა. ობიექტივი მივმართე მისკენ და ხელი დამიქნია. მესიამოვნა...
ტროტუარზე ვიდექი, მანქანა გაჩერდა, კაცი გამოძვრა და მეკითხება: „თქვენ უკრაინიდან ხართ?“ როგორც კი დადებითად ვპასუხობ, სიცილით ამბობს: „რა კარგია! მე და ჩემი ცოლი დავნაძლევდით - უკრაინელია თუ რუსიო? მე მოვიგე!“
ასეთი რამ აქ ასობით კი არა, ათასობითაა, თუმცა უსიამოვნო მომენტებიც არის. მათხოვრები, ბოშები...
ერთიანობაში ბათუმი მშვენიერია. აბა, წარმოიდგინეთ, როგორ ლამაზად ცეკვავენ საღამოს შადრევნები! ისმის ანდრეა ბოჩელისა და ლუი არმსტრონგის ხმები, რომელიღაც ქართული კოლექტივი უკრაინულ სიმღერასაც მღერის... გარშემო მაგნოლიების სურნელი იფრქვევა, თბილი ზღვის ჰაერი კი გელამუნება და გაგრილებს...
მომზადებულია ГЛАВРЕД-ის მიხედვით
ჟურნალი „რეიტინგი“