დოსიე
მილა იოვოვიჩი 1975 წელს დაიბადა კიევში, ჩერნოგორიელი მამის ბოგდან იოვოვიჩისა და რუსი მსახიობის გალინა ლოგინოვას ოჯახში. იოვოვიჩები მალე გადავიდნენ საცხოვრებლად ამერიკაში და მილამაც მსახიობობა იქ დაიწყო.
მილა ცნობილი მსახიობის შონ ენდრიუსისა და რეჟისორ ლიუკ ბესონის
მილა ასევე არის მოდელი და კარგადაც მღერის. კანის ბოლო კინოფესტივალზე ''ლორეალის'' წარმომადგენელი იყო და ამ ცნობილი კოსმეტიკური ბრენდის სარეკლამო სახეც არის.
- რამდენად მნიშვნელოვანია სილამაზე ცხოვრებაში?
- ვფიქრობ, ის ზოგადად ცხოვრებას აიოლებს. მაგრამ ახლობელი ადამიანების ბედნიერება და საკუთარ შინაგან სამყაროზე მუშაობა გაცილებით მნიშვნელოვანია. დედა ყოველთვის მასწავლიდა: ლამაზი სახე კარს გაგიღებს, მაგრამ მხოლოდ ჭკუა და სული დაგეხმარება იმაში, რომ ოთახში დარჩე'' . ეს ძალიან მნიშვნელოვანი რჩევაა, ვცდილობ, ის ჩემს ქალიშვილამდეც მივიტანო.
- ხშირად ამბობდით, რომ დედობა ყველაზე მთავარია ცხოვრებაში და კიდევ ერთი შვილის გაჩენა გსურდათ. კვლავ ასე ფიქრობთ?
- რა თქმა უნდა! ჩემი ქალიშვილი ჩემს ცხოვრებაში უმთავრესი ადამიანია. ვერც კი წარმომიდგენია, ადრე როგორ ვცხოვრობდი უმისოდ. მან მთლიანად შემცვალა, მთელი ჩემი სამყარო შეცვალა. იცით, ყველა მსახიობი და მოდელი,
ასევე შემოქმედებითი ადამიანები ხშირად ეგოისტები და საკუთარ თავზე კონცენტრირებულები არიან, მაგრამ მას მერე, რაც ევა გაჩნდა, მე სხვა გავხდი. ეს წელიწადი მთლიანად მას მივუძღვენი, საბავშვო ბაღში აპირებს წასვლას და გადავწყვიტე, რომ მინდა, მასთან ურთიერთობით დავტკბე. მინდა საუზმე მოვუმზადო, ვასეირნო - ერთი სიტყვით, ვიყო უბრალოდ დედა. მით უმეტეს, სანამ ჩემი ქმარი გადაღებებზეა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მე ვიქნები ევერთან. ძალიან მინდა კიდევ ერთი შვილი, მაგრამ ორსულობა ძალიან მძიმე გამოცდაა, მე კი ძნელად დავუბრუნდი უწინდელ ფორმას.
- ბავშვის აყვანაზე არ გიფიქრიათ?
- მაინც იმედი მაქვს, რომ გავაჩენ. ალბათ, შემდეგ წელს დავფიქრდები ამაზე სერიოზულად, რადგან შემოდგომაზე გადაღებები მაქვს. ბავშვის აყვანას კი ნებისმიერ შემთხვევაში ვაპირებ.

''მე და ჩემს ქმარს ბევრი გვაქვს საერთო''
- მთელი კარიერის განმავლობაში ალბათ არასდროს გქონიათ ამხელა პაუზა?
- დიახ, 11 წლიდან ვმუშაობ და არც კი მიფიქრია, რომ შევძლებდი ჩვეულებრივი ადამიანებივით ცხოვრებას: შინ დავხვდებოდი ქმარს, ბავშვს მოვუვლიდი. ასე რომ, ბედნიერი ვარ!
- ქმართან იდეალური ურთიერთობები გაქვთ. რაშია საიდუმლო?
- ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი, პატივს ვცემთ და ვუგებთ ერთმანეთს. როცა პოლთან ვთამაშობდი მის ფილმში ''ბოროტების სამეფო'' , ყველა მეკითხებოდა: ''როგორ ახერხებთ, რომ არ ჩხუბობთ, როცა ამდენ დროს ატარებთ ერთად?'' საიდუმლო მარტივია: ყოველთვის ვფიქრობთ ერთმანეთის გრძნობებზე. როცა რაღაც არ მოგწონს, არ არის საჭირო ყვირილი, უნდა გაისეირნო და განელდე. მერე კი მშვიდად განიხილო პრობლემა. თანაც, მართლა გვაინტერესებს ერთად ყოფნა. ბევრი გვაქვს საერთო, ყოველთვის ვაძლევთ ერთმანეთს რჩევებს, განვიხილავთ წიგნებს, ფილმებს.
''ცხოვრებაში მთავარი ბალანსის პოვნაა''
- ბავშვობაში ოცნებობდით მსახიობობაზე?
- ბავშვობაში უფრო მუსიკით ვიყავი დაკავებული. ახლა ალბომს ვწერ, ჩემი სტუდია მაქვს ლოს-ანჯელესში, ჩვენი სახლის ეზოში. თუმცა როცა ევერი გაიზრდება, მე კი გადაღებებს მოვრჩები - ან ფილმების პარალელურად - მინდა, დიზაინერი გავხდე. სამოდელო ბიზნესში მინდა საქმიანობა. მსურს, დაგროვილი გამოცდილება გამოვიყენო და შევქმნა ნივთები სახლისთვის. ოღონდ, არაძვირი, რადგან მიმაჩნია, რომ ყველას არ აქვს შესაძლებლობა, ბევრი ფული დახარჯოს სახლის მოსაწყობად. სილამაზე ყველასთვის უნდა იყოს მისაწვდომი.

- მოდა გიყვართ?
- ადრე გაგიჟებული ვიყავი! ახლა გაცილებით მშვიდად ვუყურებ, თუმცა ტანსაცმელს არასდროს ვაგდებ: ერთხელ ეს ყველაფერი შეიძლება შესანიშნავ ვინტაჟად იქცეს. თუმცა დიდი საწყობი მჭირდება, რადგან ჩემი გარდერობი უკვე აღარსად ეტევა. ჩემი სისუსტე ფეხსაცმელია. მოგზაურობის დროს ცალკე ჩემოდანი მაქვს ფეხსაცმლისთვის და ქალს რომ ვუყურებ, პირველ რიგში, ფეხსაცმელი მხვდება თვალში.
- ფორმას როგორ ინარჩუნებ?
- უბრალოდ, ვცდილობ სწორად ვიკვებო, ბევრი ვისეირნო და ვსვა წყალი. ბედნიერი ვარ, რომ სიგარეტის მოწევას თავი დავანებე. ვცდილობ, დიეტებითა და ვარჯიშით არ ვიტანჯო თავი, სისულელეებზე არ ვინეირვიულო, თუ ძალიან დავიღლები - წიგნებს ვკითხულობ. ეს ჩემი გატაცებაა. საერთოდ კი, ცხოვრებაში მთავარი ბალანსია. თუ მას იპოვით, თქვენი ცხოვრების თითოეული წუთით ტკბობას შეძლებთ!
ჟურნალი ''რეიტინგი''