01 ოქტომბერი, 2014
პირველი ირანელი სერიული მკვლელი და სახალხოდ დარტყმული 214 როზგი
სერიული მკვლელებისთვის ნამდვილი "სამოთხე" უფრო მეტად დასავლურ ქვეყნებში იყო, ძალიან ბევრი მკვლელი, რომელმაც ამ საქმიანობას "ხელი შეაჩვია", ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძნობდა თავს კომფორტულად, ეს ფენომენი ასევე კარგად იყო ცნობილი დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, XX საუკუნის ბოლო ათწლეულში კი საკმაოდ გავრცელდა რუსეთსა და სამხრეთ აფრიკაშიც.

სერიული მკვლელისთვის ისლამური სახელმწიფოს, ირანის დედაქალაქში ნამდვილად არ იყო შესაფერისი გარემო, ამიტომაც ჩვენი მონათხრობის მთავარი გმირის გამოჩენა ნამდვილად მოულოდნელი გახდა ყველასთვის...

ალი რეზა ყურან ყორდიე 27 წლის გახლდათ, როდესაც 1997 წელს დააკავეს.
მისი დაჭერის მიზეზი საკმაოდ საინტერესო იყო - ალის ბრალად სულ მცირე ცხრა ქალის მკვლელობა ედებოდა, მათ შორის, რაც უნდა წარმოუდგენელი შეიძლებოდა ყოფილიყო, იყვნენ მისი დედა და 10 წლის ქალიშვილი. მანამდე მისი კრიმინალური წარსულის შესახებ მხოლოდ მცირე ინფორმაცია იყო ცნობილი.

კერძოდ ის, რომ 1993 წელს დააპატიმრეს მოტაცებისა და გაუპატიურებისთვის. მაშინ ალიმ პოლიციისგან გაქცევა მოახერხა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ბრალდებული პოლიციის ესკორტს სასამართლოში მიჰყავდა. მან მოახერხა მართმსაჯულებისგან მიმალვა იმისთვის, რომ საზარელი დანაშაულებების ჩასადენად მომზადებულიყო. სრული 4 წლის განმავლობაში შეძლო დარჩენილიყო სამართალდამცავების ყურადღების მიღმა.

მეთოდი

ის ერთსა და იმავე მეთოდს მიმართავდა იმისთვის, რომ თავისი მორიგი მსხვერპლი გაება მახეში. ირანის დედაქალაქ თეირანში ტაქსით დასეირნობდა, თუ ვინმე თვალში მოუვიდოდა, ტაქსის მძღოლის პროფესიას ამოფარებული ცდილობდა მის ''დასაკუთრებას'' და თავის ''საქმეს'' ისე აკეთებდა, ხელს ვერავინ უშლიდა. როგორც კი ქალი მანქანაში ჩაუჯდებოდა, ის შესაფერის ადგილას მიჰყავდა, აუპატიურებდა და შემდეგ სასიკვდილო ჭრილობებს აყენებდა. ერთი გოგონა 30-ჯერ მაინც გააუპატიურა, შემდეგ მის სხეულს ბენზინი გადაასხა და დაწვა, რათა არანაირი მტკიცებულება არ დარჩენილიყო მის წინააღმდეგ.

ყორდიეს მსხვერპლთა რიცხვის გაზრდისთანავე ამ ფაქტს საზოგადოებამაც მიაპყრო ყურადღება. თეირანში ხალხი უკვე ტერორში ცხოვრობდა. პრესა ყორდიეს ''თეირანელ ვამპირად'' მოიხსენიებდა, რაც კიდევ უფრო მეტი მისტიკური საბურველით ფარავდა მის პერსონას და ხალხს უფრო მეტ საფიქრალს უჩენდა. ვამპირს კი იმიტომ უწოდებდნენ, რომ ის მკვლელობებს მხოლოდ ღამით სჩადიოდა.

პოლიციას თავდაპირველად არანაირი მტკიცებულება არ გააჩნდა და ვერც ხვდებოდნენ, რა გზით უნდა ევლოთ, რომ დამნაშავისთვის მიეკვლიათ. მერე კი ერთდროულად ორი ქალი გამოცხადდა პოლიციაში, მათ დროის მცირე სხვაობით, შეძლეს გაქცეოდნენ მანიაკს და სამართალდამცავებს მისი აღწერილობა გადასცეს.

ამ დროიდან მცირე ხანში პოლიციის თანამშრომლებმა ყურადღება მიაპყრეს ყორდიეს, რადგან ერთ-ერთ მაღაზიაში ძალიან უცნაურად იქცეოდა. თანაც, პოლიციელებმა ის გარეგნულად ძალიან მიამსგავსეს თეირანელ ვამპირს. სამართალდამცავებმა მყისვე მის მანქანას მიაშურეს და ჩხრეკა დაიწყეს. იქ სისხლის ნაკვალევები აღმოაჩინეს.

ყორდიე დააპატიმრეს და დაკითხვის შედეგად მან აღიარა, რომ თეირანელი ვამპირი თავად იყო. მისი თქმით, 4 თვის განმავლობაში სუსტი სქესის ცხრა წარმომადგენელი მოკლა, მათ შორის იყვნენ 10 წლის გოგონაც და 47 წლის ქალიც. ამ აღიარების მიუხედავად, პოლიციას არ გაუმხილა, რა მოტივი იდგა მისი დანაშაულებების უკან. მოგვიანებით მისი ერთ-ერთი მსხვერპლი იხსენებდა, როგორ დაუძვრა ხელიდან მანიაკს.

გოგონას თქმით, როდესაც მიხვდა, რომ ტაქსის მძღოლს მანქანა უჩვეულოდ ჩაბნელებული გზისკენ მიჰყავდა, გაქანებული მანქანიდან გადმოხტა და გაიქცა. გოგონა მიიჩნევდა, რომ იმისთვის, რაც ჩაიდინა, ალი უარეს აღსასრულს იმსახურებდა, თუმცა მოსამართლემ მისთვის შესაფერისი სასჯელი მაინც მოიფიქრა...

სასჯელი

სასამართლოზე მსხვერპლის ნათესავები ითხოვდნენ, მათთვის ალის გასამართლების უფლება მიეცათ. მათ უნდოდათ, ქვებით ჩაექოლათ ყორდიე, თუმცა სერიულ მკვლელს ათგზის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. საერთოდ, ირანში საჯარო დასჯას ერიდებიან, თუმცა ამ გახმაურებულ საქმემდე მცირე ხნით ადრე, წინა თვეში 12 კრიმინალი მეზობელ ავღანეთში ნარკოტიკების გადატანისთვის ჩამოახრჩეს, რაც ასევე საჯაროდ მოხდა.

ყორდიეს სასამართლო პროცესი კი ირანული ტელევიზიის ღია ეთერში გადასცეს. ეს ყოველივე ნამდვილ სენსაციად იქცა. მას ჩამოხრჩობა მიუსაჯეს, თუმცა მანამდე 214-ჯერ გაამათრახეს. საინტერესოა, რომ სასამართლომ გადაწყვიტა, პროცესის მსგავსად, მისი დასჯაც საჯარო ყოფილიყო. აღსრულების ადგილად ერთ-ერთი სოფლის მოედანი დაადგინეს. ეს სოფელი საკმაოდ ახლოს იყო ქალაქთან, სადაც ბევრი მკვლელობა მომხდარა. 1997 წლის 12 აგვისტოს ქალაქისკენ მიმავალი გზა გადაჭედილი იყო.

საცობები შექმნა ათასობით ცნობისმოყვარემ, რომელიც სეირის სანახავად მიაწყდა პატარა სოფელს. ყველას უნდოდა, საკუთარი თვალით ენახა ირანელი სერიული მკვლელის დასჯა, მკვლელის, რომელმაც თავისი გამოჩენით ირანში ნამდვილი შოკი მოახდინა. პოლიცია იძულებული გახდა, გადაეკეტა სოფლამდე მისასვლელი გზა, წესრიგს ათასამდე პოლიციელი იცავდა.

სასჯელი აღსრულდა, ალი გაროზგეს და ჩამოახრჩვეს, თუმცა სანამ ამ ყველაფრის მოწმე იქ მყოფი 20 ათასი ადამიანი გახდებოდა, მანამდე სახელმწიფოს წარმომადგენელმა, რომელიც ამ პროცესს ესწრებოდა, ხალხს მიმართა და აღნიშნა: ''უდანაშაულო ადამიანის დაღვრილი სისხლის გამო ყოველთვის ვიძიებთ შურს. ეს არის სასჯელი დამნაშავისთვის, თუმცა ჩვენთვის, ამ სასჯელის მოწმეთათვის, ეს იქნება გაკვეთილი, რომელიც კარგად უნდა ვისწავლოთ!..

'' მხოლოდ ამ სიტყვების შემდეგ დაიწყეს ყორდიეს დასჯის პროცედურა. მსხვერპლთა ნათესავებს წინასწარ დაურიგეს ტყავის მძიმე მათრახები, ალი მიწაზე დააგდეს და ყველას, ვისაც ხელთ მათრახი ეპყრა, მისცეს საშუალება, ათჯერ, ან მეტჯერ დაერტყათ მისთვის. სულ 214-ჯერ დაარტყეს. ხალხი იდგა და უყურებდა, როგორ სცემდნენ სასიკვდილოდ კრიმინალს, რომელიც ახლა სწორედ იმ მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი, რაშიც მან სულ მცირე ცხრა ქალი მაინც ჩააგდო...

ამის შემდეგ მისი სხეული სპეციალურად მიტანილ ამწეზე ჩამოკიდეს, დამსწრენი უყურებდნენ, როგორ სწევდა მაღლა მკვლელის უკვე უსიცოცხლო სხეულს ამწე. მისი ბოლო სიტყვები შემდეგი იყო: ''მე არავისგან მისესხებია ფული და არც არავისთვის მაქვს ჩასასესხებელი. ღმერთს ვთხოვ, შემინდოს ის, რაც ჩავიდინე!..'' ყურანიდან ეს ამონარიდი ფრაზები ყველას ესმოდა, ვინც იქ იდგა, რადგან ადგილზე ხმის გამაძლიერებლები და მიკროფონები იყო მიტანილი.

ეს სასტიკი სასჯელი, წესით, კარგი მაგალითი უნდა ყოფილიყო მათთვის, ვისაც ალის მსგავსი დანასაულებების ჩადენის სურვილი გაუჩნდებოდა, თუმცა ამ სანახაობის გასაჯაროებას სამართალდამცველებისთვის წარმატება არ მოუტანია.

რამდენიმე თვის შემდეგ თეირანის პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა გაუპატიურების მცდელობისთვის. მან სამართალდამცველებს უთხრა - ''მე ვაპირებ, შემდეგი თეირანელი ვამპირი გავხდე...'' ზუსტად იმავე წელს აჰმად თაქიაბადი დააკავეს. ის გაასამართლეს კიდეც. აჰმადმა ირანის სამხრეთულ ქალაქ შირაზში 12 ბავშვი გაიტაცა, მათგან 6 გააუპატიურა, ხოლო 3 მოკლა.

ყორდიეს სახალხო გასამართლებამ შესაბამისი ეფექტი ვერ მოიტანა და სერიული მკვლელის ფენომენი, რომელიც ირანში ადრე უცნობი იყო, ისევე შეიჭრა ამ ქვეყნის ცხოვრებაში, როგორც ეს გაცილებით ადრეულ პერიოდში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოხდა.

ჟურნალი ''რეიტინგი''


ბეჭდვა