31 მაისი, 2013
ჰენრი კევილი - ახალი სუპერმენი
 თუ სუპერძალა გაქვთ, მაშინ სხვა ადამიანებთან თქვენი შეხების დონე უნდა აკონტროლოთ. დავუშვათ, თუ სუპერმენი ბედნიერებისგან ძალიან ჩაიხუტებს ვინმეს გულში, შეიძლება საერთოდ გაჭყლიტოს.
 30 წლის ბრიტანელი მსახიობი ჰენრი კევილი მაყურებლისთვის „ღმერთების ომითა“ და სერიალ „ტიუდორებით“ გახდა ცნობილი, 20 ივნისიდან კი გაქირავებაში გამოდის სუპერმენის მორიგი თავგადასავ¬ლები _ „ფოლადის კაცი“, რომელშიც ახალ სუპერმენად სწორედ ჰენრი კევილი მოგვევლინება.

- რა განცდა გქონდათ, როცა გაიგეთ, რომ სუპერმენის ამბები ისევ უნდა გადაეღოთ? შვიდი წელი გავიდა ბრაიან სინგერის „სუპერმენის დაბრუნების“ ეკრანებზე გამოსვლის
შემდეგ...
- გავოცდი და გამიხარდა კიდეც. ასე მალე? შესანიშნავი სიახლეა! როგორც კი გავიგე ამის შესახებ, ჩემს აგენტს დავურეკე, მანაც გასაუბრება დამინიშნა. პირველ გასაუბრებაზე სტანდარტული გმირული მონოლოგი ამოვიკითხე. მერე კოსტიუმიც მოვისინჯე, ტანზე მომდგარი. საშინლად უხერხულად ვიყავი, კუნთებიც არადამაჯერებლად გამოიყურებოდა. გვარიანი დროის გატარება მომიხდა სპორტულ დარბაზში, რომ კოსტიუმსა და ამ გმირს მოვრგებოდი.
- აღიარეთ, სუპერმენი ერთ-ერთი ის პერსონაჟია, რომელსაც სიღრმე და გააზრება აკლია! მის შესახებ ამბები მეტისმეტად ბავშვურია. „ფოლადის კაცი“ რით განსხვავდება სუპერმენის შესახებ გადაღებული სხვა ამბებისგან?
- ჩვენი ფილმი შორს არის ხალისიანი ფენტეზი-სამყაროსგან, სადაც ადამიანები ჩვეულებრივ ხვდებიან მათ გვერდით სუპერგმირების არსებობას. აქ განიხილება სიტუაცია, როცა უცხოპლანეტელი არსება საკუთარ თავს დედამიწაზე აღმოაჩენს და სწავლობს ახალ პლანეტაზე ცხოვრებას.
- ბოლო დროს ჰოლივუდში ხშირად იწვევენ სუპერგმირების როლზე ბრიტანელ მსახიობებს: კრისტიან ბეილს, ენდრიუ გარფილდს. ეს ტენდენციაა?
- ეს დამთხვევაა. ისე მოხდა, რომ ბრიტანეთში რამდენიმე ისეთი მსახიობი აღმოაჩინეს, რომლებიც სუპერგმირების როლებს შეეფერებიან. საჭირო გარეგნობა, ასაკი, საჭირო გამოცდილება - და აი, ბრიტანელები იდეალურად მოერგნენ მსგავს პროექტებს, რეჟისორებისა და პროდიუსერების თვალსაზრისით.
- როგორია უცხოპლანეტელობა?
- თუ სუპერძალა გაქვთ, მაშინ სხვა ადამიანებთან თქვენი შეხების დონე უნდა აკონტროლოთ. დავუშვათ, თუ სუპერმენი ბედნიერებისგან ძალიან ჩაიხუტებს ვინმეს გულში, შეიძლება საერთოდ გაჭყლიტოს. ის ვერ იგებს, ვინ არის, საიდან აქვს ეს შესაძლებლობები. საკმაოდ გულისხმიერია და ადამიანების მიმართ მომთმენიც.
- რა ისწავლეთ სუპერგმირისგან?
- ვისწავლე, მრავალწილად ვაჯობო საკუთარ თავს, რაც განსაკუთრებით ფიზიკურ ამტანობას ეხება. გადაღებებზე საათობით ვმუშაობდი - გავითანგე, გადასაღებ მოედანზე ვყვინთავდი, ტრეილერში ხუთწუთიან ძილზე ვოცნებობდი... მაგრამ მერე ვიღვიძებდი და ისევ ახალი ძალებით ვიწყებდი მუშაობას, ვითომ არაფერი, და ამით კოლოსალურ სიამოვნებას ვიღებდი!

ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS