19 მაისი, 2013
„ვიქტორიას სიკრეტს“ ყალბი ანგელოზი აუმხედრდა
კაილის თურმე სურვილი გაუჩნდა, გააფრთხილოს ყველა, ვისაც პოდიუმზე სურს მოხვედრა და ცნობილი ბრენდის „ვიქტორიას სიკრეტის“ მისამართითაც არ დაიშურა შენიშვნები. ვერც წარმოიდგენთ, რამდენი გოგონა ოცნებობს... ანგელოზობაზე. „ვიქტორიას სიქრეტის“ ანგელოზობაზე. ცნობილი ბრენდის ჩვენებაზე ცნობილ ვარსკვლავებთან - ადრიანა ლიმასთან, ალესანდრა ამბროსიოსა და მირანდა კერთან ერთად გამოსვლა ბევრის ოცნებაა. რამდენიმე წლის წინ ეს ოცნება კაილი ბისუტისაც აუხდა.

2009 წელს კაილიმ გაიმარჯვა მოდელების კონკურსში „გახდი ვიქტორიას სიკრეტის ანგელოზი“ და ბედნიერებისგან ანათებდა. მონტანის შტატის მცხოვრები გოგონას ოცნება ახდა, თუმცა კაილი „ანგელოზებს“ შორის
ერთადერთხელ გამოჩნდა - 2009 წლის შოუზე. მას მერე არც ერთ ჩვენებაზე აღარ დაუძახეს. ბისუტი არც არასდროს ყოფილა ამ ბრენდის „ანგელოზი“, ეს დეფილე მას მხოლოდ პრიზად ერგო.
ჩვენც დავივიწყებდით მას, თვითონ რომ არ გამოეცა წიგნი და მსოფლიოსთვის არ შეეხსენებინა თავისი ამბავი. მან წიგნში იმაზე დაწერა, თუ რატომ მიატოვა მოდელის კარიერა. კაილის თურმე სურვილი გაუჩნდა, გააფრთხილოს ყველა, ვისაც პოდიუმზე სურს მოხვედრა და ცნობილი ბრენდის „ვიქტორიას სიკრეტის“ მისამართითაც არ დაიშურა შენიშვნები: „ვერც დავიჯერებდი, რომ სამოდელო ბიზნესი ამდენად ამაზრზენია, თვითონ რომ არ გამომეცადა საკუთარ თავზე. მე იმაში მიხდიდნენ, რომ გავშიშვლებულიყავი და გამომწვევად მეპოზიორა მამაკაცების წინაშე“.

საბოლოოდ კაილი რელიგიამ გაიტაცა და გადაწყვიტა, სამოდელო ბიზნესი მიატოვებინა, თავი ღმერთისთვის, ოჯახისა და ქმრისთვის მიეძღვნა. მონტანის შტატში დაბრუნდა, შეწყვიტა გამუდმებული დიეტები და სპეციალურად ქრისტიანებისთვის შექმნილი იაფი სამოსის რეკლამას მიჰყო ხელი. ალბათ, სწორედ ლოცვების კითხვას შორის შესვენებებში დაწერა წიგნი „მე არ ვარ ანგელოზი“. წიგნში ბევრი წერია ცნობილ ბრენდზე და მის არაადეკვატურ დამოკიდებულებაზე მოდელი გოგონების მიმართ.

„ვიქტორიას სიკრეტიდან“ მას ასე უპასუხეს:
„ქალბატონი ბისუტი ამახინჯებს ფაქტებს „ვიქტორიას სიკრეტთან“ მისი ხანმოკლეურთიერთობიდან. მან მოდელების სამოყვარულო კონკურსი მოიგო და პრიზის სახით მონაწილეობა მიიღო ჩვენს ერთ-ერთ შოუში. ის არასდროს ყოფილა „ანგელოზი“ კონტრაქტით. და მისი მტკიცების მიუხედავად, არასდროს შეგვითავაზებია მისთვის შემდგომი თანამშრომლობა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ამის სურვილი ნამდვილად ჰქონდა. ის ურთიერთობები, რაზეც ბისუტი ლაპარაკობს, უბრალოდ, არ ყოფილა“.

ჟურნალი „რეიტინგი“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნონა
გადაურჩენია სული ამ გოგოს! რაში სჭირდება მაგათი "ანგელოზობა"
14:24 / 19-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS