14 იანვარი, 2014
მიხაელ შუმახერი - ''წითელი ბარონის'' საუკეთესო გამონათქვამები
რეკორდს მხოლოდ იმისთვის ამყარებ, ვინმემ რომ გააუმჯობესოს. თუ ასე არ არის, საკუთარ თავზე შეყვარებული იდიოტი ხარ და მეტი არაფერი ''ფორმულა-1''-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი და არაერთი რეკორდის ავტორი მიხაელ შუმახერი 29 დეკემბერს საფრანგეთის სამთო-სათხილამურო კურორტ მერიბელში თხილამურებით სრიალისას დაეცა და ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა მიიღო.

დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ გერმანელი ავტომრბოლელის დამცავი ჩაფხუტი ორად გაიპო...

ლეგენდარული პილოტი საკუთარ დაბადების დღესაც, 3 იანვარს, როცა ''წითელი ბარონი'' 45 წლის გახდა, გრენობლის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში შეხვდა. ექიმებს ის ხელოვნურ კომაში
ჰყავთ და ყოველდღიურად უტარებენ ტვინის სკანირებას.

პროგნოზები არცთუ დამაიმედებელია - თუ შუმახერი გადარჩა, შესაძლოა, სხეულის მარჯვენა მხარე პარალიზებული დარჩეს და მეტყველების პრობლემებიც შეექმნას. თუმცა, ამ ეტაპზე მთავარია, შუმი კომიდან გამოვიდეს, სარეაბილიტაციო პროცესზე კი მერე ვილაპარაკოთ.

ახლა, როცა ყველა მიხაელ შუმახერზე ლაპარაკობს, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ლეგენდარული ავტომრბოლელის ''ცხოვრების წესები''. ამ წესების შესახებ შუმის სხვადასხვა დროს ულაპარაკია და ბევრ ისეთ პასუხსაც აღმოაჩენთ, შუმახერის დღევანდელ მდგომარეობას რომ გაგახსენებთ...

ბენზინი სისხლში მაქვს. მამაჩემი კიოლნთან ახლოს მდებარე კარტოდრომზე მუშაობდა. ოთხი წლის ვიყავი, როცა ზედ ჩვენი სახლის წინ, ტროტუარზე დაიწყო კარტინგში ჩემი განსწავლა. მახსოვს, მაშინ ვიღაცამ წამოიძახა: ''მგონი, დროა, ბიჭუნამ ტრეკზე გადაინაცვლოს''.

''დიდი ფული პირველად 21 წლის ასაკში ვიშოვე. თანაც, ნაღდი ფულით, მთელი ჩემოდანი კუპიურებით იყო სავსე! ჩვენი ოჯახი ვალებში იხრჩობოდა და ჩემოდანი მამას მივუტანე. თავდაპირველად არც დამიჯერა, ეგონა, რომ ვეხუმრებოდი''.

''ზოგი იმისთვის იბადება, რომ გაიმარჯვოს. მაგრამ ეს მოსაწყენია. მე დავიბადე, რათა შევეჯიბრო!''

''ჩემი ამოცანა მუდამ გამარჯვება გახლდათ და არა ის, რბოლა უფრო სანახაობრივი რომ გამეხადა''.

''ღმერთი იმაზე მეტ სიამოვნებას მანიჭებს, ვიდრე ხალხს შეუძლია წარმოიდგინოს''.

''როდესაც აირტონ სენა სასიკვდილოდ დაიმტვრა, მივხვდი, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, წავსულიყავი და ანდერძი მეც შემედგინა (სენას ანდერძის თანახმად, მთელი მისი ქონება საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხა. - ავტ.) წავედი და დავწერე. მოგვიანებით კი მივხვდი, რომ ანდერძის დასაწერად მრბოლელობა სულაც არ არის აუცილებელი!''

''სენას დაკრძალვას არ დავსწრებივარ, რადგან არის რაღაცები, რის სახალხოდ დემონსტრირებისთვის მზად არ ვარ''. ''ასეთი წესი მაქვს: თუ ტრავმა მოიშუშე, აღარასოდეს გაიხსენო!''

''ჟურნალისტებზე წარმოდგენა მაშინ დავკარგე, როცა იმ დღეს, როცა დედაჩემი გარდაიცვალა, სახლთან მელოდნენ, ჩემი კომენტარი რომ ჩაეწერათ...''

''სინამდვილეში, ცხოვრებას არანაირი წესები არ აქვს!''

''არ ვიცნობ ერთ ადამიანსაც კი, ვისთვისაც სისწრაფე თავისუფლებასთან არ ასოცირდება''.

''არაფერი განსაკუთრებული არაა იმაში, ავტომანქანას 300 კმ/სთ მილის სიჩქარით მართავდე. მთვარია, ამ დროს სულელურმა აზრებმა არ შეგაწუხოს''.

''საქალაქთაშორისო მაგისტრალზე ჩვეულებრივი ავტომანქანის მართვა ასჯერ უფრო საშიშია, ვიდრე ის, რასაც მე ვაკეთებ.''

''ლამაზი ავტომანქანები თითქმის ყოველთვის სწრაფად დაქრიან.''

''ცოცხალი ლეგენდა - ყველაზე საშიში ტიტულია მათ შორის, რომელთა მოწებებასაც ჩემთვის ცდილობენ.''

''ჟურნალისტები ყოველთვის ცდილობენ, იმაზე მეტი გრძნობა და ემოცია მოძებნონ ჩემში, ვიდრე სინამდვილეში მაქვს.''

''ჩემი მთავარი ოცნებაა, მარტოხელა არ გავხდე.''

''ყველაზე მთავარი, რაც შეგიძლიათ, ბავშვებს მისცეთ, თქვენი დროა, რადგან ამქვეყნად ყველაზე მეტად ბავშვებს სწორედ თქვენ სჭირდებით!''

''ტყუილია, თითქოს ასაკის მატებასთან ერთად, რამის კეთება უფრო ადვილი ხდება.''

''როგორც კი რაღაცას მიაღწევ, ერთგვარი სიცარიელე გეუფლება. მაგრამ სწორედ ეს გაიძულებს, კიდევ გაიმარჯვო.''

''დიდი გამარჯვებები მხოლოდ დიდ უიღბლობას მოჰყვება''.

''რეკორდს მხოლოდ იმისთვის ამყარებ, ვინმემ რომ გააუმჯობესოს. თუ ასე არ არის, საკუთარ თავზე შეყვარებული იდიოტი ხარ და მეტი არაფერი.''

''ადრენალინი და რბოლა შეუთავსებელია. საკმარისია, ადრენალინი მორიგ მოსახვევში შესვლისას მოგემატოს, რომ... გამარჯვების შანსი მხოლოდ მათ აქვთ, ვისაც ცივი გონება და მტკიცე ნერვები აქვს.''

''თუ ბრაზდები, როცა შენი მეგობარი იმარჯვებს, ე.ი. მეგობრები არ გყავს!''

''ჭორები ჩემი შემოსავლების შესახებ იმდენად გაზვიადებულია, ზოგჯერ, საკუთარი თავის თავად მშურს''...

''ყველაზე დიდი საშინელებაა, როცა საკუთარი თავის ვინმესთან შედარებას იწყებ.''
''ორი ბორბალი - არც ისე ცოტაა.''

''შემცვლელი ნებისმიერს შეგიძლიათ მოუძებნოთ - მეც კი!''

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
:(
აფსფს ეს ასე უნდა იყოს და მისა და უგულავა ცოცხლები? ანდა წიკლაური, ტფუი,. რა ჯიშია
02:51 / 30-04-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS