18 მაისი, 2013
რამ დაღუპა კენედების კლანი, გრიმალდები, განდები და ანიელები
ინდოელები ამას ცუდ კარმას ეძახიან, ქრისტიანები - ოჯახურ წყევლას. ვიღაცამ შეიძლება ეს ამბავი ცრურწმენად მიიჩნიოს, მაგრამ ზოგიერთი ოჯახის ისტორია, რომელთა წევრებიც მრავალი წლის განმავლობაში ბუნებრივი სიკვდილით არ მომკვდარან, ყველაზე ურწმუნო სკეპტიკოსებშიც კი ეჭვს იწვევს. კენედების კლანი
წყევლა: უცნაური დაავადებებით სიკვდილი და ავტოკატასტროფა
ვინ დაწყევლა: მაკნორმანის გვარის ქალებმა
მიზეზი: მკვლელობა
1850 წელს ტეხასში პატრიკ კენედის ბანდა სერ მაკნორმანის დილიჟანსს დაესხა თავს. ლედი მაკნორმანს თავისი ქალიშვილი ქორწილში მიჰყავდა. ნადავლი ძვირფასი იყო - დილიჟანსი მდიდარი საპატარძლოს მზითვით იყო დატვირთული,
მაგრამ ბანდიტები ნაქურდალს არ დასჯერდნენ. თავიდან მეეტლე და მთელი ამალა ამოჟლიტეს, შემდეგ ქალები, რომლებმაც, ეტყობა, წინააღმდეგობა გაუწიეს ბანდიტებს. სიკვდილის წინ დედა-შვილმა მკვლელები დაწყევლა... რვა წლის შემდეგ პატრიკ კენედი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა და თავის ცოლ მერი ჯოანსა და ახალშობილ ვაჟ პატრიკ ჯოზეფს ურიგო მემკვიდრეობა არ დაუტოვა. მიუხედავად იმისა, რომ პატრიკ კენედის მემკვიდრეები დამნაშავეები არ იყვნენ, მაკნორმანების წყევლა მათზეც გადავიდა.
პატრიკის შვილიშვილმა, პარალიზებულმა ჯოზეფ პატრიკმა ცხოვრება ინვალიდობაში განლია, მისი შვილები კი ერთი მეორის მიყოლებით იღუპებოდნენ.
ჯოზეფ პატრიკის ქალიშვილი როზმარი საგიჟეთში გარდაიცვალა: 1941 წელს წარუმატებლად გაუკეთეს ლობოტომია, რის შემდეგაც აზროვნების უნარი დაკარგა და უმართავი გახდა. უმცროსი ქალიშვილი, კეტლინი, მეორე მსოფლიო ომის დროს დაქვრივდა, ხოლო 1948 წელს ავიაკატასტროფაში მოხვდა. ჯოზეფის ვაჟი სამხედრო ავიაციაში მოხალისედ ჩაეწერა, 1944 წელს გაურკვეველი მიზეზების გამო მისი თვითმფრინავი ჰაერში აფეთქდა. მეორე ვაჟი - ჯონი, აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი, 1963 წელს ჩაცხრილეს. ხუთი წლის შემდეგ, 1968 წელს, არაბმა ფანატიკოსმა ჯოზეფის კიდევ ერთი ვაჟი, სენატორი და პრეზიდენტობის კანდიდატი რობერტი მოკლა. ძმებში ყველაზე უმცროსმა, ედუარდმა, დიდხანს იცოცხლა და 77 წლის ასაკში ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა. მიუხედავად ბუნებრივი სიკვდილისა, მის ცხოვრებას თავგადასავლების გარეშე არ ჩაუვლია: 1969 წელს, როცა 37 წლის ედუარდი პრეზიდენტობის კანდიდანტი იყო, მისი მანქანა ხიდიდან გადავარდა. მანქანაში მისი საყვარელი მერი ჯო კოპეჩნე იჯდა. კენედიმ ნაპირზე გამოცურა, მაგრამ ქალი არ გადაარჩინა. ამ ამბის გამო პრეზიდენტის სავარძელს გამოეთხოვა, საინფორმაციო საშუალებებმა მას ნაძირალა უწოდეს.
ჯოზეფ პატრიკის შვილიშვილებსაც არ გაუმართლათ. რობერტ კენედის ვაჟი დევიდი მოზარდობისას ნარკოტიკებს მიეძალა, 1984 წელს კი სასიკვდილო დოზით დაიღუპა.
დევიდ ჯოზეფის ძმა 1973 წელს ავიაკატასტროფაში მოყვა და სასწაულით გადაურჩა სიკვდილს. რობერტის კიდევ ერთი ვაჟი, მაიკლი, 1997 წელს თხილამურებით სრიალის დროს სასიკვდილოდ დაიმტვრა.
ჯონისა და ჟაკლინ კენედის ვაჟი ჯონ ფიცჯერალდ-უმცროსი 1999 წელს ავიაკატასტროფაში დაიღუპა: თვითმფრინავი, რომლითაც ის და მისი ცოლი მიფრინავდნენ, ოკეანეში ჩავარდა.
წყევლა დღემდე გრძელდება: ერთი წლის წინ, საკუთარ სახლში რობერტ კენედი-უმცროსის ცოლმა თავი ჩამოიხრჩო.

გრიმალდების კლანი
წყევლა: უიღბლო ქორწინება
ვინ დაწყევლა: ჯადოქარმა
მიზეზი: წყენა.
Ratingლეგენდის თანახმად, მონაკოს პირველმა თავადმა რენიემ XIII საუკუნეში ჰოლანდიაში მოზარდი გოგონა მოიტაცა, რომელსაც ნამუსი ახადა და მიაგდო. გოგონა ჯადოქარი აღმოჩნდა და მოძალადე დაწყევლა: „არც ერთ რენიეს არ ეღირსოს ბედნიერი ქორწინება!~
წინასწარმეტყველება ახდა. როგორც მონაკოს ძველი მცხოვრებნი ამბობენ, საუკუნეების განმავლობაში არც ერთ გრიმალდის ცოლი სიყვარულით არ შეურთავს.
1956 წელს მონაკოს თავადმა რენიე III-მ მოჯადოებული წრის გარღვევა გადაწყვიტა და ცოლი ანგარებით კი არა, სიყვარულით შეირთო. მისი რჩეული ჰოლივუდის მსახიობი გრეის კელი გახდა. „ჩემს თავს რაღაც უცნაური ხდებოდა. ვგრძნობდი, რომ ყოველ წუთს ბედნიერი ვიყავი~, - აღიარა კელიმ, როდესაც მონაკოში ჯვრისწერაზე ჩავიდა. ცოლ-ქმარმა ერთად მეოთხედი საუკუნე იცხოვრა. ქორწინების შედეგად სამი შვილი გაუჩნდათ - ვაჟი ალბერი და ქალიშვილები - კაროლინა და სტეფანია. მაღალ საზოგადოებაში ჭორაობდნენ, რომ მჩხიბავი ჯადოქრის წყევლამ ძალა დაკარგა, მაგრამ ეს მართალი არ იყო.
ქორწინებიდან რამდენიმე წლის შემდეგ გრეის კელიმ თავი უბედურად იგრძნო. გვირგვინოსანი ქმარი კინოში გადაღებას უშლიდა, ქალმა მოიწყინა, მეფის სასახლეში თავს ოქროს გალიაში გამომწყვდეული ჩიტივით გრძნობდა.
1982 წლის 13 სექტემბერს ავტომობილი, რომელსაც გრეის კელი მართავდა, უფსკრულში გადავარდა. იმ მომენტში მანქანაში მისი 17 წლის ქალიშვილი სტეფანიაც იჯდა. გოგონა გადარჩა, უგონო მდგომარეობაში მყოფი გრეისი კი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
ცოლის სიკვდილის შემდეგ პრინცი რენიე აღარ დაქორწინებულა. სამაგიეროდ მისი შვილების სასიყვარულო ამბებზე ყველა ჭორაობდა, ვისაც არ ეზარებოდა. უფროსი ქალიშვილის, კაროლინას, პირველმა ქორწინებამ ფრანგ ბანკირ ფილიპ ჟიუნოსთან მხოლოდ ორ წელს გასტანა. მეორე ქმარი სტეფანო კაზირაგი რეგატის დროს ავტოკატასტროფაში დაიღუპა. კაროლინას მესამე ქმარი ერნსტ ავგუსტ V ჰანოვერელი გახდა. წყვილი 2003 წლიდან ცალ-ცალკე ცხოვრობს.
პრინცესა გრეისის უმცროსმა ქალიშვილმა, სტეფანიამ, დას რომანების მხრივ აჯობა.
მისი კაცების სიის სრულად ჩამოთვლა შეუძლებელია. პრინცესა ოფიციალურად ორჯერ იყო გათხოვილი და ორივე ქორწინება გაყრით დასრულდა.
მაგრამ ყველაზე მეტად თავი რენიესა და გრეისის ვაჟმა, მონაკოს თავადმა ალბერ II-მ გამოიჩინა. მის ანგარიშზე უამრავი სასიყვარულო ინტრიგა და ორი უკანონო შვილია - ერთი ოფიციანტისგან, მეორე - შავკანიანი სტიუარდესასგან, აგრეთვე გაუპატიურების, პედოფილიისა და ჰომოსექსუალიზმის ბრალდება. 2011 წლის ზაფხულში ალბერმა ოლიმპიური ჩემპიონი, მოცურავე შარლინ უიტსტოკი შეირთო ცოლად, რომელიც კინაღამ ჯვრისწერიდან გაექცა. მიუხედავად იმისა, რომ მონაკოს სამეფო კარს ძალიან სჭირდება კანონიერი მემკვიდრე, წყვილს შვილი ჯერჯერობით არ ჰყავს.

განდების კლანი
წყევლა: მკვლელობა
ვინ დაწყევლა: ხალხმა
მიზეზი: ტრადიციის დარღვევა
Ratingინდოეთი ამჟამდაც იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს მიეკუთვნება, სადაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი პატივს სცემს ტრადიციებს.
XX საუკუნის პირველ ნახევარში თითქმის ყველა იცავდა ტრადიციას - ერთი მუჭა რევოლუციონერების გარდა, რომლებსაც, რა თქმა უნდა, ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრი ჯავაჰარლალ ნერუ და მისი ქალიშვილი ინდირა მიეკუთვნებოდა. კასტების წვრილმანებს არ ჩავუღრმავდებით, ვიტყვით მხოლოდ, რომ სხვა კასტის წარმომადგენელზე გათხოვება ან ცოლად მოყვანა, მით უმეტეს, სხვა აღმსარებლობის წარმომადგენელზე დაქორწინება, ადრე კატეგორიულად იკრძალებოდა. თავისუფლებისმოყვარე ინდირას ფეხებზე ეკიდა ყველა ეს ადათ-წესი. ლონდონის ეკონომიკის სკოლაში სწავლის დროს გოგონას თავისი მოგვარე, ზოროასტრიზმის მიმდევარი ფეროზ განდი შეუყვარდა და 1942 წელს ცოლად გაჰყდვა.
რადგანაც ინდირა პრემიერ-მინისტრის ქალიშვილი იყო, ეს ამბავი ქვეყნის მოსახლეობას უყურადღებოდ არდარჩენია და გოგონამ უამრავი წყევლა დაიმსახურა.
43 წლის ინდირა დაქვრივდა: 1958 წელს ფეროზმა მწვავე ინფარქტი გადაიტანა და 2 წლის შემდეგ გარდაიცვალა, ცოლი ორი ვაჟის - რაჯივისა და სანჯანის ამარა დატოვა. 4 წელიწადში ინდირას გულის შეტევით მამაც გარდაეცვალა. რაჯივს 1968 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლისას იტალიელი სონია მაინო შეუყვარდა და დედის თანხმობაც მიიღო. რაჯივი პოლიტიკოსობას არ აპირებდა. ინდირას უნდოდა, მის უმცროს ვაჟ სანჯანს აეწყო პოლიტიკური კარიერა. გრანდიოზულ გეგმას ახდენა არ ეწერა - 1980 წელს სანჯანი ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
ინდირას სინდისზე მარტო კასტის ტრადიციების დარღვევა არ არის, მან შემოიღო იძულებითი სტერილიზება მამაკაცებისთვის, რომლებსაც ორი და მეტი შვილი ჰყავდათ. ამ გზით მოსახლეობის ზრდის შეჩერებას შეეცადა. ამით კიდევ ერთხელ დაიმსახურა ხალხის რისხვა, რადგან ბავშვის გაჩენა ინდოეთში ღვთივ კურთხეულ საქმედ ითვლება. მისთვის ფატალური აღმოჩნდა სიკხების წმინდანების წაბილწვა - როცა არმიტსარის ოქროს ტაძარში შეჭრილი ამბოხებულები მისი, როგორც პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დაარბიეს. ამ ფაქტის გამო 1984 წელს ინდირა პირადმა მცველებმა ჩაცხრილეს. მის სხეულში 20 ტყვია აღმოაჩინეს.
დედის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლებას სათავეში ინდირას უფროსი ვაჟი რაჯივი ჩაუდგა. 1991 წელს იგი ტერორისტმა-მკვლელმა ქალმა ააფეთქა. მისი ვაჟი რახული აგრძელებს განდის საქმეს. იგი პარლამენტის წევრი და ინდოეთის ნაციონალური კონგრესის ვიცე-პრემიერია. საინტერესოა, რომ რაჯივის ქვრივი სონია, იტალიური წარმომავლობის მიუხედავად, ინდოეთის გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწე გახდა.

ანიელების კლანი
წყევლა: სიკვდილი
ვინ დაწყევლა: უცნობია
მიზეზი: ფაშისტებთან თანამშრომლობა.
Ratingანიელების ოჯახს, რომლებიც კონცერნ „ფიატსა“და საფეხბურთო კლუბ „იუვენტუსს“ფლობენ, იტალიელები კენედების კლანის პასუხად მიიჩნევენ. ამბობენ, რომ კენედების მსგავსად, ეს გვარიც დაწყევლილია. საბედნიეროდ, ანიელებმა კენედებთან შედარებით ნაკლები გაჭირვება გადაიტანეს, მაგრამ მათ ოჯახში რამდენიმე უცნაური ამბავი მაინც მოხდა.
ყველაზე საგულისხმო ალბათ 1935 წლის ამბავია - როდესაც „ფიატის“დამაარსებელ ჯოვანი ანიელის ვაჟ ედოარდოს ჰიდროთვითმფრინავის პროპელერით თავი მოაჭრეს, რომელსაც იგი გაუფრთხილებლად მიუახლოვდა. ესამბავი იმდენად დაუჯერებელი და სულისშემძვრელია, რომ ზოგიერთ ბიოგრაფიულ წყაროებში წერენ, თითქოს ედოარდო ანიელი ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ ალაპარაკდნენ გვარის წყევლის შესახებ. როგორც ამბობდნენ, ეს საბედისწერო ამბავი იმიტომ მოხდა, რომ ჯოვანი ანიელი ფაშისტებთან თანამშრომლობდა: ბენიტო მუსოლინის წყალობით, მან ავტო-მობილების ნაკადური წარმოების აწყობა მოახერხა. ედოარდოს სიკვდილის გამო „ფიატის“მმართველი არა ოჯახის წევრი, არამედ ჯოვანის დიდი ხნის მეგობარი ვიტორიო ვალეტი გახდა. მისი ხელმძღვანელობის დროს კომპანია აყვავდა, მაგრამ 1966 წელს კვლავ ანიელების საკუთრებაში დაბრუნდა. მორიგი პრეზიდენტი ედოარდოს ვაჟი ჯანი ანიელი გახდა. მისი მმართველობის დროს კომპანიის საქმეები არც ისე კარგად მიდიოდა. ჯანის მხოლოდ ერთი ვაჟი - ედუარდო ჰყავდა, რომელსაც კომპანიის მართვა უნდა ჩაებარებინა. არადა, უმცროს ედუარდოს ეზიზღებოდა კაპიტალიზმი, ბიზნესის მაგივრად აღმოსავლური რელიგიითა და ნარკოტიკებით იყო გატაცებული. მას მოსწონდა მამის გაღიზიანება, ჟურნალისტებს ერთხელ ისიც განუცხადა, რომ როცა კომპანიას ჩაუდგებოდა სათავეში, ყველა ქარხანას დაანგრევდა და მათ ადგილას ყვავილებს დარგავდა. ედუარდო კენიაში ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის დააპატიმრეს, გაცოფებულმა ჯანიმ სახალხოდ უარი თქვა შვილზე და მემკვიდრედ ძმისშვილი, ჯოვანი ალბერტო გამოაცხადა. სამწუხაროდ, მის გეგმებს ახდენა არ ეწერა: 1997 წელს ჯოვანი ალბერტო მუცლის კიბოსგან 35 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ედუარდო-უმცროსმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, ტუნისის ხიდიდან გადახტა.
მამამისის, ჯანი ანიელის სიკვდილის შემდეგ „ფიატის“პრეზიდენტი მისი ძმა უმბერტო გახდა, რომელიც ერთი წლის შემდეგ ასევე მუცლის კიბოთი გარდაიცვალა. 2004 წელს კომპანიას სათავეში ჯანი ანიელის შვილიშვილი ჯონი ჩაუდგა.

ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS