21 ოქტომბერი, 2016
„დიდი გეთსბი“ , მივიწყებული წიგნი, რომელიც წლების შემდეგ სკოლაში აუცილებელ წასაკითხ ლიტერატურაში შევიდა
ერთი შეხედვით იდეალურ სამყაროში, სადაც ადამიანებს თითქოს ყველა პირობა აქვთ ბედნიერებისთვის, გამეფებულია შური, ღალატი, უნდობლობა და მედროვეობა. რა ბედი ელის ასეთ სამყაროში ადამიანს, რომელიც არის უბოროტო და ერთგული, სჯერა ნამდვილი სიყვარულის და ბედნიერებას ანიჭებს სხვა ადამიანების გახარება?

"დიდი გეთსბი" არის ამერიკელი მწერლის ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ნაწარმოები, რომელიც მან 1925 წელს დაწერა. ნოველაში, მოქმედება გამოგონილ ქალაქ West Egg-ში ვითარდება, მთავარი გმირი კი ახალგაზრდა და იდუმალებით სავსე მილიონერი ჯეი გეთსბია. ის უზომოდაა შეყვარებული ულამაზეს დეიზი ბიუქენენზე. ჯეი
გეთსბი წლების განმავლობაში ეძებს საყვარელ ქალს და სჯერა მისი ერთგულების. იპოვის, მაგრამ ის უკვე სხვისი მეუღლეა. ჯეი არაფერს იშურებს მისი გულის მოსაგებად...

მისი სიყვარული, ერთგულება და აღფრთოვანება ქალის მიმართ ტრაგიკულად სრულდება და მსხვერპლად ეწირება, თანაც ისე, რომ ქალის ცრემლიც ვერ დაიმსახურა.

ასე სრულდება დიდი გეტსბის ტრაგიკული სიყვარული. კაცისა, რომელსაც თან ყველაფერი ჰქონდა და თან - არაფერი!

"დიდი გეტსბი" იმ რომანებს განეკუთვნება, ერთი ამოსუნთქვით რომ იკითხება და ჩაფიქრებულს ტოვებს მკითხველს.

ნაწარმოების ადრეული ისტორია თითქოს ისეთივე ტრაგიკული და დაუფასებელია, როგორიც თავად ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი ჯეი გეთსბი.

პირველად წიგნი 1925 წელს დაიბეჭდა და საკმაოდ მწირი რეცენზიები მიიღო რაც, რა თქმა უნდა, გაყიდვებზეც აისახა. ავტორი ისე გარდაიცვალა, რომ ვერც კი წარმოიდგენდა, რამდენიმე წლის გასვლის შემდეგ რამდენად მნიშვნელოვანი გახდებოდა მისი მკითხველისგან უარყოფილი რომანი. ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი 1940 წელს გარდაიცვალა, მისი რომანი კი მეორე მსოფლიო ომის დასასრულს გაახსენდათ და გამოუშვეს ახალი ტირაჟით. გეთსბი სასკოლო ლიტერატურა გახდა და მაღალ კლასებში მისი სწავლა სავალდებულო იყო.

ერთ დროს მივიწყებული "დიდი გეტსბი" დღეს ლიტერატურულ კლასიკად და ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ამერიკულ ნოველად  ითვლება, ხოლო 1998 წელს " „Modern Library editorial board"- მა ის მეოცე საუკუნის საუკეთესო რომანად დაასახელა.

წიგნი, წლების მანძილზე ხდებოდა სხვადასხვა თაობის რეჟისორების შთაგონების წყარო და რომლის მიხედვითაც ათობით ფილმია გადაღებული. ამაღელვებელი სიყვარულის ისტორიის ბოლო ეკრანიზაცია 2013 წელს ბაზ ლურმანმა გადაიღო, ლეონარდო დიკაპრიოსა და კერი მალიგანის მონაწილეობით. ფილმმა მალევე მოიპოვა დიდი აღიარება და ოსკარის ორი ჯილდოც მიიღო.

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის "მაგნუმ ოპუს"-ად აღიარებული ნაწარმოების წაკითხვა ქართველ მკითხველს პალიტრა L-ის მიერ გამოცემული პროექტის "ჩემი რჩეულის" ფარგლებში შეუძლია. მათთვის, ვინც დაუვიწყარ სასიყვარულო თავგადასავლებზე ოცნებობს "დიდი ბეთსბი" მშვენიერი შესაძლებლობაა ცოტა ხნით მოწყდეს რეალობას და გადაინაცვლოს ნამდვილი სიყვარულისა და ერთგულების სამყაროში.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS