06 მაისი, 2013
რატომ აღარ გაიმართება „მის ბიკინი საქართველო“
ახლა კი არც ერთ კონკურსზე აღარ გამოდიან საცურაო კოსტიუმებით. საშინელი სიტუაციაა და არ ვიცი, რატომ, მამა, ძმები, შეყვარებულები ადგანან თავზე. ულამაზესი გოგონები არ გამოდიან კონკურსებზე და ამბობენ, შეყვარებული არ გვიშვებსო. 18 წლის ქართველი მოდელი, 2009 წლის „ვიცე-მის თელავი“ მარიამ ცერცვაძე 7 მაისს ჩინეთში სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე გაემგზავრება. მანამდე რედაქციაში გვეწვია, რომ გაგვერკვია, როგორია მოსამზადებელი პროცესი. მარიამს თან ახლდა სამოდელო სააგენტო „ფავორიტის“ ხელმძღვანელი მაია ზაალიშვილი, რომელიც სილამაზის კონკურსებზე შეცვლილი ვითარების შესახებაც გვესაუბრა და ისიც გაგვიმხილა, რატომ
აღარ გაიმართება წელს „მის ბიკინის“ კონკურსი.


- მარიამ, სად მიემგზავრები?
- მივემგზავრები შანხაიში სამოდელო სააგენტო „ფავორიტიდან“. ჩინეთში ტარდება კონკურსი, რომელშიც 70-მდე ქვეყანა მონაწილეობს. ვიცი, რომ იქნება დიდი კონკურსი, მაგრამ ვეცდები, საკუთარი თავი მაქსიმალურად წარმოვაჩინო. 2009 წლიდან ვთანამშრომლობ სააგენტო „ფავორიტთან“. მაია ზაალიშვილი „მის თელავში“ მონაწილეობისას გავიცანი. ამ წელს გავედი ზემოხსენებულ კონკურსზე და „ვიცე-მის თელავი“ გავხდი. თელაველი გახლავართ.
ვფიქრობ, სამოდელო ბიზნესი ძალიან საინტერესო სფეროა. მოდა არ არის მხოლოდ პოდიუმი, ტანსაცმელი შენს პიროვნებას კარგად წარმოაჩენს, ამით ხასიათის თვისებებსაც უსვამ ხაზს, ანუ ჩემთვის ეს სფერო გაცილებით საინტერესოა იმის გარდა, რომ შეიძლება, პოდიუმზე გამოვიდე და ტანსაცმელი ვაჩვენო.
- ელოდებოდი ვიცე-მისის ტიტულს?
- ველოდებოდი (იღიმება)!.. საკმაოდ თავდაჯერებული ვარ, ეს თვისება ძალიან კარგია და დიდი მნიშვნელობა აქვს. უნდა გქონდეს შენი თავის რწმენა, რომ რაღაცას მიაღწიო.
- კონკურსზე ვინ გგულშემატკივრობდა?
- მამა, ძმა, ნათესავები.
- ჩინეთში წასასვლელად როგორ ემზადები?
- დატვირთული რეჟიმი ქალის გარეგნობაზე ძალიან აისახება, ასე რომ, ძირითადად, ვისვენებ. ვზრუნავ გარეგნობაზე, ვფიქრობ, როგორ მოვუარო თავს. ვარჯიში არ მეზარება, ძირითადად პრესის ვარჯიშებს ვაკეთებ და ვცდილობ, ამას ყოველდღიური სახე მივცე, თუ დრო მაქვს.
- თბილისში სასწავლებლად ჩამოხვედი?
- დიახ, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ. არ ვფიქრობდი, რომ ეს პროფესია უნდა ამერჩია, დიზაინერობა მინდოდა, მაგრამ ბოლო წელს ჟურნალისტობა გადავწყვიტე. ძალიან საინტერესო სფეროა. ჟურნალისტი გაცნობიერებულია ყველა სფეროში, აინტერესებს როგორც კულტურა, ასევე პოლიტიკა.
- შენ გაინტერესებს?
- მე ნაკლებად, მაგრამ, ზოგადად, კარგმა ჟურნალისტმა ყველაფერი უნდა იცოდეს და მეც გავერკვევი, თუმცა უფრო მეტად კულტურას გავაშუქებ ხოლმე.
Rating- კონკურსის წინ შენი მეგობრები ალბათ მხარში გიდგანან და გამხნევებენ. არის თუ არა განსაკუთრებული ადამიანი, რომელიც გამორჩეულად გიგულშემატკივრებს?
- (ფიქრობს)... ასეთი ორია.
- ორი?
- ორი მეგობარი (იცინის).
- შეყვარებული?..
- (დუმს - ავტ.)
- როგორ შეიძლება შენი მოხიბვლა?
- ძალიან მიყვარს საინტერესო ადამიანები. ბიჭმა გარეგნულადაც უნდა მიგიზიდოს, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს შინაგან სამყაროს. პირველ რიგში, ემოციებს, ხასიათს ვაქცევ ყურადღებას.
- რას აკეთებენ შენი გულის მოსაგებად?
- მაგალითად, ერთხელ აგვისტოში, როდესაც ძალიან ცუდი ამინდები იყო, წვიმდა და ქარი ქროდა, მხოლოდ ჩემი ფანჯრის წინ იყო ფეიერვერკები (იღიმის).
- ბოლოს მინდა გკითხო, რაიმე გატაცება თუ გაქვს?
- მიყვარს ხატვა, ცეკვა და სიმღერა. თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ვატარებ, მომწონს ფოტოკამერის წინ პოზირება და თავადაც ვიღებ ფოტოებს.

Ratingმაია ზაალიშვილი:
- კონკურსს, რომელზეც მარიამი 7 მაისს მიემგზავრება, ჰქვია „მის ტურიზმ ქუინ ინტერნეიშენალ აზია“, ანუ აზიის ქვეყნებს მოიცავს. ამ კონკურსთან დიდი ხანია ვთანამშრომლობთ და ბევრი გოგონა გაგვიშვია. ერთხელ ავიღეთ „მის პრესა“, მარია სარჩიმელიამ დაიმსახურა ეს წოდება. წელს გადავწყვიტე, მარიამი წასულიყო, ვინაიდან 2009 წელს „ვიცე-მის თელავი“ გახდა. თავად „მის თელავი“ ლიკა მეტრეველი ჩეხეთში გახლდათ. წელსაც ვაპირებთ ამ კონკურსის ჩატარებას ივნისში.
- როგორ უნდა მოემზადოს გოგონა საერთაშორისო სილამაზის კონკურსისთვის?
- ბევრი კუთხით უნდა მოემზადოს - პირველ რიგში, მონაწილეობის მსურველი უნდა იყოს ძალიან სცენური, იცოდეს კარგად სიარული, კონკურსის სიარულის მანერა განსხვავდება დეფილეზე გამოსვლისგან, რადგან როდესაც მოდელი პოდიუმზე დგას, ის სამოსს აჩვენებს, კონკურსზე კი - საკუთარ თავს. ეს ყველა ნიუანსი გასათვალისწინებელია. რასაკვირველია, გამოვყოფ ვიზუალურ მომზადებას, ასევე ფსიქოლოგიურ მზადყოფნასაც. კონკურსზე რომ ჩავა, შოკში არ უნდა ჩავარდეს. „მის დედამიწაზე“ ნონა დიაკონიძე გავაგზავნე, რომელიც ძალიან ლამაზია, მაგრამ იქიდან მირეკავდა, ეს სად გამომიშვი, რა ლამაზი გოგონები არიანო (იღიმება).
- შესაძლებელია, გოგონა დამოუკიდებლად წავიდეს საერთაშორისო კონკურსზე?
- მსოფლიოში ამ ტიპის ასზე მეტი კონკურსი ტარდება. გოგონას შეუძლია ინტერნეტით მოიძიოს ის კონკურსი, რომელზეც საქართველოში ლიცენზიას არ ვფლობ მე ან სხვა სააგენტო და დამოუკიდებლად გაემგზავროს, მაგრამ, როგორც წესი, სერიოზული კონკურსების ორგანიზატორები მაინც ითხოვენ სააგენტოსთან კომუნიკაციას. ვიღაც უნდა იყოს, ვინც პასუხისმგებლობას აიღებს საკუთარ თავზე, რომ გოგონა მზად არის კონკურსისთვის.
- ქუჩებში ძალიან ლამაზი გოგონები დადიან, მაგრამ მათ ვერ ვხედავთ სილამაზის კონკურსებზე. ეს რისი ბრალია?
- ალბათ ქართული მენტალიტეტის, რომელიც ახლა კიდევ უფრო გამძაფრდა. 2006 წელს „მის ბიკინის“ ვაკეთებდი და საცურაო კოსტიუმით გამომყავდა 30-ზე მეტი გოგონა. ახლა კი არც ერთ კონკურსზე აღარ გამოდიან საცურაო კოსტიუმებით. საშინელი სიტუაციაა და არ ვიცი, რატომ, მამა, ძმები, შეყვარებულები ადგანან თავზე. ულამაზესი გოგონები არ გამოდიან კონკურსებზე და ამბობენ, შეყვარებული არ გვიშვებსო. დღეს „მის ბიკინის“ ცალკე აღარ ვაკეთებთ და „მის იუნიორის“ ფარგლებში ვირჩევთ.
- ანუ ქართული მენტალიტეტის გამო „მის ბიკინი“ აღარ გაიმართება?
- ასე გამოდის, თუმცა მე დანებებას არ ვაპირებ და მაქვს სურვილი, მაინც გამოვავლინო, ოღონდ, როგორც გითხარით, „მის იუნიორის“ ფარგლებში. „მის ბიკინები“ ძალიან წარმატებულები და სხვათა შორის, ძალიან წესიერი გოგონები იყვნენ. ერთ-ერთმა ერთ კომპანიაში დაიწყო მუშაობა და თურმე ელოდებოდნენ, როდის მივიდოდა პირველად. მერე გაკვირვებულები ეუბნებოდნენ, ასეთი არ წარმოგვედგინეო, იმედგაცრუებულები დარჩნენ, რადგან ძალიან მოკრძალებული გოგონაა (იცინის). ასეთი დამოკიდებულება სირცხვილია.
შეცვლილია სიტუაცია საერთაშორისო ბაზარზე, რადგან ეკონომიკური კრიზისის გამო ბევრი კონკურსი შეკვეცეს. თანაც, სხვა ფასეულობებზე აკეთებენ აქცენტს. „მის ბიკინი“ რომ ტარდებოდა, მხოლოდ ფორმებს ანიჭებდნენ უპირატესობას, დანარჩენი არაფერი აინტერესებდათ. ახლა კი ყველა კონკურსი აქცენტს სულიერებაზე აკეთებს. „მის დედამიწა“ ყოველთვის წინ სწევდა ეკოლოგიურ პრობლემებს და მათ სხვებმაც მიჰბაძეს. მხოლოდ გოგონას სილამაზე არც ერთ კონკურსს აღარ აინტერესებს. ამიტომაც, როცა გოგონას საკონკურსოდ ამზადებ, ესეც უნდა გაითვალისწინო.
- ქართველი გოგონები რომ კარგ პოზიციებს ვერც ერთ სილამაზის კონკურსზე ვერ იკავებენ, ეს პოლიტიკის ბრალია?
- ალბათ მხოლოდ პოლიტიკას ვერ დავაბრალებთ!.. პირველ წლებში ძალიან ბევრი ნომინაცია ავიღეთ, კონკრეტულად - ცხრა. ბოლო წლებში კი მხოლოდ ერთი - ჩეხეთში. საერთაშორისო კონკურსების დონემ აიწია იმ კუთხით, რომ არის დიდი ფულადი პრიზები, 10-15 ათასი დოლარის ფარგლებში. შესაბამისად, მონაწილეობის მისაღებად მთელი მსოფლიოდან ჩადიან პროფესიონალი მოდელებიც, რას კარგავენ, ორი კვირა სამოთხეში არიან, მათ ხელის გულზე ატარებენ და თანაც, ფულის მოგების შანსიც აქვთ. შესაბამისად, კონკურენცია ძალიან გაიზარდა. ქართველ გოგონებს ეს ვერ გავაგებინე. მინდა, რაღაცას მიაღწიონ, მაგრამ მათი დამოკიდებულება ქართულია, დარდიმანდული. იქ რომ წავალ, მერე ვივარჯიშებ და ყველაფერს გავაკეთებო. ეს გამორიცხულია, გოგონები კონკურსებისთვის რამდენიმე თვით ადრე იწყებენ მზადებას, ამიტომ წარუმატებლობას მარტო პოლიტიკას ნუ დავაბრალებთ. მარიამიც ასე ამბობს, ჩინეთში რომ ჩავალ, ყველაფერს გავაკეთებო და ვნახოთ. ამის მიუხედავად, არ შეიძლება ხელის ჩაქნევა. უნდა მივიღოთ მონაწილეობა, რომ თანდათან დონემ აიწიოს.
- უცხოეთს აინტერესებს ქართ­ვე­ლი მონაწილეები?
- გვიგზავნიან ლიცენზიებს ხელმოსაწერად და გაჭირვებით ვიხდით ამის ფულსაც. დღეს პოლიტიკის იქით არავის არაფერი აინტერესებს, ვიძინებთ და ვიღვიძებთ ამ თემით. დღეს სილამაზის კონკურსებისთვის არავის სცხელა. ჩვენ მაინც ბევრი გეგმა გვაქვს, ზაფხულში რამდენიმე კონკურსს ჩავატარებთ და ახალ გამარჯვებულებს გამოვავლენთ!..

ნინო მურღულია

ჟურნალი „რეიტინგი“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
სარა
ეს მესამე სურათი მგონი მაია ზაალიშვილის არის და ტყულად დავიწუნე თელავი გოგონა ))))))))))))))))))))
00:48 / 08-05-2013
გამოხმაურება / 0 /
სარა
ამ ჩაპუტკუნებულის რა მოეწონათ ნეტა: სახეზე დიდ ქალს გავს; თელავში ამაზე ასჯერ უკეთესი გოგონები დადიან:
00:45 / 08-05-2013
გამოხმაურება / 0 /
გიო
სამარცხვინოა რომ მხოლოდ სხეულს ვხედავთ ქალში და არა პიროვნებას. ბებრუხანების აზროვნებამ ცაგვლეკა უკვე სამწუხაროდ. ახალგაზრდობას დაუღია პირი და ყველაფერზე თავს უქნევენ ამ ბებრუხანებს.
21:50 / 07-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თათა
პირველი კომენტარი :/
17:46 / 07-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
მადლობა უფალს, რომ ისევ იმ აზრზე მოვდივართ რომ ნახევრად შიშველი, საცვლების ამარა სახალხოდ გამოსვლა საზოგადოების წინაშე სირცხვილია... კომლექსი რეალობის არასწორი აღქმა და სიტუაციისადმი არასწორი მიდგომაა(თქვენ თვითნ განსაჯეთ)... ღმერთმა ამრავლოს ისეთი მამაკაცები რომელიც თავისი დის, ცოლის, შეყვარებულის სხეულს სახალხო გამოვენაზე არ გაიტანს (10-15 ათასი დოლარისთის (და არაც სხვა რამისთვის))
17:19 / 07-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS