20 თებერვალი, 2015
დათო ტურაშვილი: ''ყველაზე მეტად მაკლია ფული, რომლითაც ვიყიდი დროს..''
მაშინ სულ სხვა პროფესიებს ურჩევდნენ მშობლები შვილებს დათო ტურაშვილი, ჩვენთვის კარგად ცნობილი, ქართველი მწერალი და დრამატურგია. მან არაერთი სიუჟეტის გმირებად გვაქცია. მისი სხვა ნამუშევრებია: ,,ჯგრაგი," ,,კატმანდუ," ,,ტიბეტი არ არის შორს," ,,შავი კეტები," ,,იყო და არა იყო რა," ,,ტყეების მეფე," ,,გურჯი ხათუნი" და სხვა.

- როგორი ბავშვი იყავით?
- სახლში პატარაობიდანვე მეძახდნენ უკუღრმართს... კარგა ხანს მეგონა, რომ ეს ხდებოდა ჩემი სიცელქისა და მოუსვენარი ხასიათის გამო. როცა წამოვიზარდე აღმოვაჩინე, რომ მართლა უკუღმა ვარ დაბადებული. მერე იმასაც მივხვდი,
რომ მრავალი რამ განმასხვავებდა სხვებისგან.
- ვინ ან რამ მოახდინა თქვენზე საბედისწერო გავლენა?
- მრავალი გამოჩენილი ქართველის ბიოგრაფიაში ეწერა და წერია ასეთი დეტალი: ,,სწავლა და წიგნის სიყვარული დედამ შეყვარა." ჩემს შემთხვევაში ეს მნიშვნელოვანი როლი მამამ იკისრა. როცა ჯერ კიდევ არ ვიცოდი კითხვა, მამაჩემი მიკითხავდა წიგნებს. დედაჩემს ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა აკვიატებული, რომ მე მწერალი უნდა გამოვსულიყავი. იმის მიუხედავად, რომ მაშინ სულ სხვა პროფესიებს ურჩევდნენ მშობლები შვილებს. წიგნებიდან, რომელსაც მამა მიკითხავდა, ყველაზე კარგად მახსოვს ასტრიდ ლინდგრენის ,,მაწანწალა რასმუსი," ხოლო იმ ნაწარმოებებიდან, რომელიც თავად წავიკითხე, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მარკ ტვენის ,,ტომ სოიერმა." თუმცა, მოგვიანებით ,,ჰერკბელი ფინის თავგადასავალი" უფრო მომეწონა. 
- რა იყო თქვენი პირველი, უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა?
- კარგად მახსოვს ის დღე, როცა ანბანის სწავლა დავიწყე და ასოების სამყარო აღმოვაჩინე. მივხვდი, რომ რაღაც საოცრებას მივაგენი.
- რა ასაკში შექმენით პირველი ნაწარმოები და რამ გიბიძგათ ამისკენ?
- პირველი მოთხრობა დაახლოებით ათი წლისამ დავწერე. მასში მოქმედება პალერმოში, სიცილის ქალაქში, მიმდინარეობდა. იქ ღარიბი ხალხი ცხოვრობდა. აღარ მახსოვს რა იყო შთაგონების წყარო.
- როგორია იდეალური გარემო მუშაობისთვის?
- სიმშვიდე უნდა იყოს. მუსიკის მოსმენაც მიყვარს წერისას.
- ყველაზე ხშირად რას გეკითხებიან?
- რა უნდა გააკეთონ, რომ შვილს წიგნის კითხვა შეაყვარონ. მე ყოველთვის ვპასუხობ, რომ თავად უნდა იკითხონ ლიტერატურა. ბავშვის უპირველესი მისაბაძი გარემო, რა თქმა უნდა, ის ოჯახია სადაც იზრდება, და თუ მამას ყოველთვის ყანწით ხელში ხედავს და არასდროს - წიგნით, რა საკვირველია, ნაკლები შანსია, რომ კითხვით დაინტერესდეს.
აღსანიშნავია, რომ ტრადიციულად, საქართველოში დედები აყვარებენ შვილებს წიგნს, რადგან ამ დროს მამები ან საქეიფოდ არიან წასულები, ან - სხვა ქალებთან.
- წლების წინ როგორ წარმოგედგინათ საკუთარი მომავალი?
- გეგმები არასდროს მქონია.
- რა ნაწარმოებზე მუშაობთ ახლა?
- ახლა ვამთავრებ ჩემს ახალ რომანს ,,სხვა ამსტერდამი'' და მინდა დავწერო პიესა სელიმ ხიმშიაშვილის შესახებ.
- რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?
- წარმატების ფორმულა არის შრომა და ნიჭი. მხოლოდ ნიჭი, როგორც წესი, საკმარისი არ არის. ნიჭს ყოველთვის სჭირდება განვითარება და ამისთვის საუკეთესო გზა შრომაა.
- ყოველთვის ოცნებობდით, რომ ცნობილი გამხდარიყავით?
- ადამიანმა იმაზე კი არ უნდა იოცნებოს, რომ პოპულარული გახდეს, არამედ იმაზე, რომ საკუთარი უნარების რეალიზება მოახერხოს. საქართველოში (სხვათაშორის უცხოეთშიც) დებილებიც კი ადვილად ხდებიან ცნობილები. სამწუხაროდ, ეს გაუნათლებელი, უგემოვნო, უკულტურო მედიის ბრალია. საბედნიეროდ, კარგი ჟურნალისტებიც არსებობენ ჩვენს ქვეყანაში, თუმცა ისინი ცოტანი არიან.
- დღის რა მონაკვეთში წერთ?
- დღის ნებისმიერ მონაკვეთში შემიძლია წერა, თუ დრო მაქვს. განსაკუთრებით მიყვარს დილას, როცა სიჩუმეა.
- რის დანაკლისს გრძნობთ?
- ყველაზე მეტად მაკლია ფული, რომლითაც ვიყიდი დროს, რომ ვწერო და ვიკითხო.
- რა ან ვინ არის თქვენი შთაგონების წყარო?
- ჩემი შთაგონების წყარო შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი ან ამბავი.
- რას ეტყოდით თქვენს მკითხველებს?
- მადლობას ვუხდი თანადგომისთვის. ჩემი ბოლო რომანი ,,ტყეების მეფე" ნაციონალური ბესტსელერი გახდა, ეს მათი დამსახურებაა.

თათული ღვინიანიძე
ბეჭდვა