16 თებერვალი, 2015
თეა წულუკიანი დაკარგულ პირად ცხოვრებასა და დეპრესიაზე
ძალიან მხიბლავს სოფელში სკოლის მასწავლებლობა ქალბატონ თეა წულუკიანს იუსტიციის სამინისტროში საღამოს ცხრა საათზე ვესტუმრეთ. დიდი ხანია, მასთან პორტრეტული ინტერვიუს ჩაწერა გვსურს, თუმცა დატვირთული გრაფიკის გამო ვერ მოიცალა. როგორც თავად გვითხრა, მას შემდეგ, რაც მინისტრის თანამდებობა დაიკავა, მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის, ისიც, რომ საკუთარი თავისთვის დრო ნაკლებად რჩება. ჩვენს შეკითხვებს საკმაოდ გულახდილად უპასუხა და ვფიქრობთ, მის შესახებ ბევრ საინტერესო დეტალს შეიტყობთ.

- თანამდებობაზე ყოფნა თავისთავად გულისხმობს ცხოვრების წესის შეცვლას. როგორ იმოქმედა ამან თქვენს ცხოვრებაზე,
სადაც ძალიან ბევრი ინტერესისთვის იყო ად­გილი?
- რაც მინისტრად დავინიშნე, ჩემი ცხოვრება რადიკალურად განსხვავებულია ადრინდელისგან. ბევრს მინისტრობა ფუფუნე­ბა ან რაიმე ტიპის კომფორტი ჰგონია, მაგრამ სხვაა, თუკი ამას მხოლოდ საქმისადმი ინტერესიდან გამომდინარე აკეთებ და ეს ჩემი შემთხვევაა. დღეს, როგორც კერძო პირს, ერთ ინდივიდს, არ მაქვს არანაირი უფლება და თავისუფლება, ამის საპირწონედ კი მეორე მხარეს არის მხოლოდ ვალდებულებები და შეზღუდვები, ამიტომ ეს ძალიან დიდი ტვირთია. რასაკვირველია, ეს არ არის მხოლოდ უსიამოვნო ტვირთი. სასიამოვნოა, როდესაც ნახულობ შენი საქმიანობის შედეგს. მაგრამ თუკი ერთმანეთს შევადარებთ, ამ ცხოვრებაში არ მაქვს არაფერი, რაც პირადად მე მიკავშირდება. რეალურად სულ სამსახურში ვარ.

- დაახლოებით რომელ საათამდე გიწევთ აქ ყოფნა?
- კვირის დღეებში ყველაზე ადრე ღამის 11-დან 12 საათამდე წავსულვარ, დილას კი ცხრა საათზე ვიწყებთ. ვცდილობ, თვეში ერთხელ მაინც იყოს ერთი შაბათ-კვირა, როდესაც სამსახურში მთელი დღე არ ვიქნები, რათა სხვა რამეებისთვის დამრჩეს დრო. თუმცა, ''სხვაში'' არ ვგულისხმობ არც გართობას და არც სხვა სია­მოვნებას. ეს არის სარეცხი, უთოობა და სახლის საქმეები. მარტო ვცხოვრობ და ყველაფერს თავად ვაგვარებ.

- ვერ წარმომიდგენიხართ ერთ ხელში სარეცხით და მეორეში - უთოთი.
- სხვათა შორის, უთო არ მიყვარს. ერთ შაბათს, როდესაც ძალიან ბევრი გასაუთოე­ბელი დამიგროვდა, ამ საქმეს ორი საათი და­ვუთმე და მივხვდი, რომ ამდენი გასაუთოებელი ერთბაშად არ უნდა დაიგროვო (იცინის). ორი საათი ძალიან დიდი დრო აღმოჩნდა, რადგან სულ ვფიქრობდი და უთოობის ბოლოს დეპრე­სიაში ჩავვარდი. ამ ორი საათის განმავლობაში მივხვდი, რომ არც პირადი ცხოვრება მაქვს, არც ოჯახი, 24 საათი სახლს გარეთ ვარ, საჯარო სამსახურში და რომ არ არსებობს არაფერი სხვა, ამიტომაც უთოობის სეანსი დამთავრდა ძალიან ცუდად. მომდევნო ორი დღე ცოტა მძიმე იყო. გამოსავალი ვიპოვე და ამდენ საუთოოს აღარ ვაგროვებ (იღიმის).

- არის ისეთი რამ, რასაც ნანობთ?
- ერთადერთი ფატალური შეცდომა არის ის, რომ პოლიტიკაში წასვლამდე უნდა შემექმნა ოჯახი და ამას ვნანობ. ქალებს, რომლებიც პოლიტიკაში წავლენ, ამის გათვალისწინებას ვურჩევდი. როცა მექნება დრო, აუცილებლად ჩამოვწერ 10-15 წესს იმისთვის, როგორ უნდა გადარჩეს ქალი პოლიტიკაში და იმავდროულად, დარჩეს ქალად. მთავარი წესი კი ოჯახის შექმნაა მანამდე, სანამ საკუთარ თავს პოლიტიკას მიუძღვნი.

- თუ გაქვთ წარმოდგენილი ალტერნატიული თეა წულუკიანი, დღევანდელი პროფესიისა და პოლიტიკის გარეშე. ვთქვათ, ბევრი შვილით და სამზარეულოში.
- ძალიან მხიბლავს სოფელში სკოლის მასწავლებლობა. ვფიქრობ, ბევრი რამის სწავლება შემიძლია, ფრანგულის, სამართლის საფუძვლების. ძალიან მინდა, მქონდეს საშუალება, ბავშვებს კრიტიკული აზროვნების განვითარებაში დავეხმარო და ჩამოვუყალიბო მოვლენების სწორი ხედვა, რომ ტაბუებისა და სტერეოტიპების ტყვეები არ იყვნენ. ალტერნატიული ''მე'' შეიძლებოდა ყოფილიყო ბევრი შვილით სამზარეულოში, დიასახლისი, მასწავლებელი ან ფერმის დირექტორის მოადგილე, რადგან ფერმის დირექტორი აუცილებლად კაცი უნდა იყოს (იცინის). ერთადერთი, ვინც ვერ ვიქნებოდი, არათავისუფალი ადამიანია. გადაწყვეტილებებს ყოველთვის დამოუკიდებლად ვიღებ, ვისმენ ადამიანების აზრს, მაგრამ ზოგადად, ძალიან თავისუფალი ადამიანი ვარ.

- ფერმაში თავი როგორ წარმოგიდგენიათ?
- ძალიან მიყვარს მიწა, მცენარეები, ცხოველები. მაქვს ეზო, ბაღი, სადაც ბევრი ყვავილია. მიყვარს სოფელი და ვცხოვრობ სოფელ დიღომში. ვცხოვრობ ისე, როგორც ჩემი ნებისმიერი მეზობელი. მაგალითად, ამას წინათ წყალი შეწყდა და ძალიან ცუდად მოვიხსენიე ''ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი'', მაგრამ ეს საკითხი მეტ-ნაკლებად გამოსწორებულია, რასაც მე ვუყურებ (იცინის), თუმცა ბევრი პრობლემა რჩება.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ჟურნალ "რეიტინგის'' 16 თებერვლის ნომერში

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 16 /
ლალი
გაიხარე პატარა ქალოოოოო
18:29 / 22-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ლელკა
მომწონს ჩვენი მინისტრი, დიდსულოვანი და არაჩვეულებრივი პიროვნებაა, თეა ჩემო ძვირფასო, სწორედ ახლაა ის კარგი დრო თქვენ რომ ოჯახს შექმნით და კარგ შვილებს აღზრდით, მოინდომეთ და ამასაც აისრულებთ, დიდი პატივიცემით და სიყვარულით ლელა.
14:35 / 22-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მაია
მიხარია, რომ ჩემი მინისტრი ხართ! დიდი პატივს გცემთ! ოჯახის შექმნა არც ახალა არის გვიანი, დარწმუნებული ვარ კარგი დედა და მეუღლე იქნებით! მთავარია - მინდომეთ!
19:21 / 21-02-2015
გამოხმაურება / 0 /
კორანა
Gაიხარეტტტ
18:50 / 19-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ძალიან, ძალიან მომწონს ეს ჩვენი მინისტრი. ნეტა, ყველანი ასეთები იყვნენ. მხოლოდ ერთს ვუწუნებ, ოჯახი უნდა შექმნას აუცილებლად!
18:36 / 18-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS