22 ოქტომბერი, 2014
ლიზი პოპის მესიჯი მსოფლიოს ბავშვებს – მოვიგებთ თუ არა წელს ''ევროვიზიას''
ლიზის სიმღერას გაუფორმებს ოთხი მოცეკვავე გოგონა საბავშვო ''ევროვიზია'' წელს 15 ნოემბერს მალტაში ჩატარდება. საქართველოს ამჯერად 10 წლის ულამაზესი გოგონა, ლიზი ჯაფარიძე წარადგენს, სიმღერით ''ჰეფი დეი'', რომლის ავტორიც გიგა კუხიანიძე გახლავთ. ეს იქნება მესიჯი მთელი მსოფლიოს ბავშვებისთვის, რომ ''ჩვენ გვინდა ყველა მათგანს ჰქონდეს ბედნიერი დღე,'' - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კომპოზიტორმა. გიგა უკვე მეშვიდე წელია საბავშვო ''ევროვიზიაზე'' ქართველ კონკურსანტს წარადაგენს და შესაბამისად გამოცდილებაც ამ სფეროში დიდი აქვს.

გიგა:
- უკვე გადავიღეთ ვიდეო რგოლი, რომლის ნახვის საშუალებაც აქვს
ინტერნეტ მომხმარებელს. დიდ სამზადისში ვართ, დაგვრჩა სასცენო კოსტიუმები და ქორეოგრაფია ნომრისთვის. ლიზის უკვე სასცენო სახელიც მოვუფიქრეთ ლიზი პოპ. ამ სახელით წარსდგება ''ევროვიზიაზე''. ულამაზესი ბავშვია, იცის ინგლისური, რუსული, ფრანგული. ლიზის სიმღერას გაუფორმებს ოთხი მოცეკვავე გოგონა, მათ შორის ორი ტანმოვარჯიშე. ერთ-ერთი ნიკა ლომიძისა და თეა გობეჯიშვილის ქალიშვილი - ნიტა ლომიძე გახლავთ.
- ამჯერად როგორია შენი პროგნოზები?
- არასდროს არ მაქვს პროგნოზი და ახლაც ასე ვარ. ეს არის კონკურსი სადაც პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია. მოიმატა მონაწილე ქვეყნების რიცხვმა, 16 ქვეყანა მონაწილეობს. ნანახი მაქვს მათი ვიდეორგოლები, მაგრამ სანამ იქ რეპეტიციაზე არ ვნახავ თითოეულ კონკურსანტზე ვერაფერს ვიტყვი. იმის ილუზია არ მაქვს, რომ წელსაც ჩვენ მოვიგებთ ''ევროვიზიას'', მაგრამ ასე რომ ვამბობდი, სწორედ მაშინ ვიგებდით. ჩვენი მთავარი ამოცანა არის კარგი ნომერი, მომზადებული ბავშვები და საუკეთესო ხარისხი. ვნახოთ რა იქნება.

ნინო მჭედლიშვილი

ბეჭდვა