06 სექტემბერი, 2014
მარკუს მეტრეველს კახელებმა ძროხის მოწველა ასწავლეს
სამი წვეთი ძლივს ჩამოვაგდებინე და ისიც შარვალზე გადავისხი
მომღერალი, მარკუს მეტრეველი დედასთან ერთად კახეთს ესტუმრა. ლაგოდეხის რაიონში სოფელ აფენში, მეტრეველებს უზარმაზარი სუფრა და კეთილი გული დაახვედრეს.
სტუმართმოყვარე და ხელგაშლილი კახელების სუფრა მარკუსმა „ფეისბუქზე“ ფოტოებად გადმოგვიშალა. შამფურზე წამოცმული, მწვადი, ქათმები, თონეში ჩაკრული პური, ხაჭაპური, თათარა... ერთი სიტყვით, მარკუს ფეისბუქმეგობრები ნერწვებს ვყლაპავთ შორიდან. ამ ყველაფრის კულმინაცია მორიგი ფოტო იყო, სადაც მარკუსი ძროხას წველის.

- მარკო, ვისთან ისვენებ კახეთში?
- ჩემ უახლოვეს ნათესავებს, ბრეგვაძეებს ვსტუმრობთ მე და დედა
უკვე ერთი კვირაა. საოცრად სტუმართმოყვარე და ჯიგრიანი ხალხია კახელები.
- სმა უსწავლებიათ შენთვის კახელებს, ვიდეო ვნახე, ღვინოს რომ სვამდი თასით და აქეთ-იქიდან დაგძახოდნენ, შეგარგოს, ჯო! შეგერგო?
- (იცინის) შემერგო, ჩემს მიერ მოწველილი ძროხის რძესავით.
- ძროხა პირველად მოწველე?
- არა, რა პირველად. ჩემთან საბურთალოზე, ავტოფარეხში ხომ მყავს ძროხა, დილაობით ვწველი ხოლმე და იმის რძეს ვსვამ (იცინის). ასე რომ, გამოუცდელი არ ვარ მაგ ამბავში.
- ხუმრობა კარგია, მაგრამ მე მართლა მაინტერესებს, რთული აღმოჩნდა შენთვის ძროხის მოწველა?
- საკმაოდ. არადა ადვილი მეგონა. სამი წვეთი ძლივს ჩამოვაგდებინე და ისიც შარვალზე გადავისხი.
- კიდევ რა გასწავლეს კახელებმა?
- მწვადის შეწვა, თონეში პურის ჩაკვრა, ხაჭაპურის გამოცხობა და რაც მთავარია, ძროხის მოწველა (იცინის). უკვე მზად ვარ დიდი ფერმერობისთვის.
- ამასობაში რამდენი კილოგრამი მოიმატე?
- მართალი გითხრა, სასწორზე შედგომის უკვე მეშინია. ხვალ ჩამოვდივარ და ვნახავ.

ნინო მჭედლიშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნია
პოზიტიური ადამიანია და უშუალო, დასაფასებელია...
00:45 / 07-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS