07 აგვისტო, 2014
რატომ ებრდღვნა კისერში ''ვეფხისტყაოსანს'' ნიკა ხომასურიძე - ''გავიგებთ, სად არის დამარხული შოთა რუსთაველი''
მინდა, ნიკოლოზ ხომასურიძეს რჩევით მივმართო. დაანებოს ვარსკვლავებთან თამაშს თავი მეორე დღეა, მთელი ქართველი ერი სოციალურ ქსელებში დასტირის ''უდროოდ გარდაცვლილ'' ''ვეფხისტყაოსანს''. საქმე ისაა, რომ ახალგაზრდა რეჟისორმა, ნიკოლოზ ხომასურიძემ ერთმნიშვნელოვნად ქართული ლიტერატურის შედევრთან შეჭიდება გადაწყვიტა და იღებს პრომომასალას იმისთვის, რომ სპონსორებსა და სახელმწიფოს წარმომადგენლებს გააცნოს და პროექტის დაფინანსება მოიპოვოს.
როგორც მან ''რეიტინგს'' განუცხადა, ტარიელის როლზე წარმოუდგენია ''სამეფო კარის თამაშების'' ერთ-ერთი მსახიობი, ჯეისონ მომოა. ამბები.ჯი-ზე გუშინ გავრცელდა ფოტოკადრები გადასაღები მოედნიდან. ყველაზე დიდი აღშფოთება ტარიელის კოსტიუმმა დაიმსახურა, რომელიც ვერანაირ
კრიტიკას ვერ უძლებს. ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში არ წყდება კომენტარები. არა მხოლოდ უფროსი თაობის ადამიანებს, არამედ, ახალგაზრდა თაობასაც სასაცილოდ არ ჰყოფნის ეს ჩანაფიქრი, მით უმეტეს, ''ვეფხისტყაოსნის'' მიუზიკლად ქცევის იდეა. ვერავის წარმოუდგენია, წყლის პირას მჯდარი ტარიელი როგორ ჩამოუვლის ქართულ ცეკვას და შემდეგ მუსიკალურ ნაწარმოებზე დადებულ რომელიმე ტაეპს ჩამოარაკრაკებს ყელმოღერებით.
ერთ-ერთი, ვინც ამ თემაზე საკუთარი აზრი ''ფეისბუქზე'' გამოთქვა, კინოჟურნალისტი ია ვეკუაა, რომელიც წლებია, ამ სფეროს აშუქებს და ძალიან დიდ ინფორმაციას ფლობს თანამედროვე ქართული კინემატოგრაფის შესახებ, ასევე ნანახი აქვს ნიკოლოზ ხომასურიძის ერთ-ერთი ფილმი, ''მამაჩემის გერლფრენდი''. სწორედ მას ვთხოვეთ ახალი იდეის შეფასება.

ია ვეკუა:
- ის, რომ ნიკოლოზ ხომასურიძე ''ვეფხისტყაოსნის'' გადაღებას აპირებს, სრულებითაც არ მაკვირვებს. მას უყვარს მასშტაბურ და მისი ძალებისა და შესაძლებლობებისთვის წარმოუდგენელ პროექტებთან შეჭიდება. ზოგადად, შეუძლებელი არაფერია, არც, მათ შორის ''ვეფხისტყაოსნის'' თუ სხვა გრანდიოზული პროექტის გადაღებაც, მაგრამ ხომ უნდა გაითვალისწინო საკუთარი შესაძლებლობები? ნიკოლოზ ხომასურიძის მხრიდან ეს შეიძლება განვიხილოთ წყლის ნაყვად.
- ასე რატომ ფიქრობ?
- მას, რამდენადაც მე ვიცი, ორი დასრულებული პროექტი აქვს - ''მამაჩემის გერლფრენდი'' და ''დავიწყებული მეფე''. დიდი ხანია, მის ''შემოქმედებას'' ვადევნებ თვალს. 7-8 წლის წინ გამოჩნდა პირველად და მაშინვე დავით აღმაშენებელზე ფილმის გადაღება ჰქონდა განზრახული. ყოველთვის ძალიან თავდაჯერებულია, ჰგონია, რომ გადაღებებს ხვალ დაიწყებს, შეუძლია, დაგაჯეროს, რომ რაღაცის გამკეთებელია. საბოლოოდ, ''მამაჩემის გერლფრენდს'' იღებს, რომელიც თავად ავტორსაც არ მოსწონს. ეს არის დაბალი დონის, მდარე ხარისხის ფილმი, რომელთან დამოკიდებულებაში არც მინდა ვახსენო კინემატოგრაფი. ალბათ, თავად მას კომერციულ პროექტად განიხილავდა.
- თუმცა ''მამაჩემის გერლფრენდიდან'' ''ვეფხისტყაოსნამდე'', ალბათ, არ უნდა იყოს ერთი ნაბიჯი.
- ეს ცალკე საკითხია, ნამდვილად არ უნდა იყოს ერთი ნაბიჯი. ნიკოლოზ ხომასურიძემ თავის ინტერვიუში თქვა, რომ ''ვეფხისტყაოსნის'' გადაღება ათი წლის შემდეგ უნდოდა, როცა სახელი ექნებოდა. მე ცოტა ეჭვი მეპარება, რომ მას ამ წლების შემდეგაც ექნება რაიმე სახელი, მაგრამ გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას. მართლა ძალიან მონდომებული ადამიანია, მაგრამ არ გამოსდის... თავადაც ვხდება, რომ ასეთი დონის პროექტის გადაღებას გამოცდილება სჭირდება, მაგრამ რა ყმაწვილური ჟინი აქვს ასეთი და რა ცეცხლი აქვს შენთებული, რომ არ ასვენებს, ვერ გეტყვით. მაინცდამაინც პირდაპირ ''ვეფხისტყაოსანს'' ებრდღვნა კისერში, თანაც, ძალიან ამბიციურად. ისე, კარგია, რომ გადაიღებს, რადგან ამით ბოლოს და ბოლოს გავიგებთ, სად არის დამარხული შოთა რუსთაველი, ტრიალს ხომ დაიწყებს საფლავში (იღიმის)?.. ამიტომ მომწონს ეს იდეა. თუმცა ამაზე ფიქრიც არ ღირს. ძალიან მესამეხარისხოვანია, ვინ შეასრულებს ამა თუ იმ როლს, რადგან, დამიჯერეთ, ეს პროექტი არასდროს განხორციელდება. ამაში ფულს არავინ ჩადებს. ეს არის იმთავითვე მკვდრადშობილი პროექტი. ''ვეფხისტყაოსანი'' ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან ფაქიზი თემაა და ასეც უნდა იყოს... თენგიზ აბულაძეც რომ გაცოცხლდეს და გადაწყვიტოს მისი გადაღება, მასაც უდიდეს წინააღმდეგობას გაუწევდნენ. მოკლედ, საქართველოში არავინ დააფინასნებს და უცხოეთში თუ ვინმე ''დააბოლა'', არ ვიცი. მისი ავტორიტეტისა თუ იმიჯიდან გამომდინარე, მილიონიც რომ მქონდეს, მაინც არ მივცემდი.

Rating

- საინტერესოა, რას ფიქრობ კოსტიუმებზე.
- ეს არის პრომომასალის გადასაღებად შექმნილი კოსტიუმები, თუმცა მგონია, რომ ასე პირდაპირ ვეფყისტყაოსნის გაგება ძალიან მარტივი მიდგომაა, ტარიელი ვეფხვით რომ არის შემოსილი და შაოლინის მებრძოლივით დადის... მთლად ასეც ნუ გავწირავთ, ამ პრომომასალამ უბრალოდ, შთაბეჭდილება უნდა შექმნას თავად პროდუქტზე, თუმცა ალბათ, უკვე შექმნა კიდეც - მთელი ''ფეისბუქი'' ამაზე ღადაობს.
მინდა, ნიკოლოზ ხომასურიძეს რჩევით მივმართო. დაანებოს ვარსკვლავებთან თამაშს თავი. სულ ასახელებს ცნობილ ჰოლივუდელ მსახიობებს, რომლებმაც თითქოს მის პროექტებში უნდა მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ ლეონარდო დიკაპრიო არც ერთ მის ფილმში არ გვინახავს. ეს ჰგავს ფინანსურ პირამიდებს, ფულს რომ ადებინებდნენ ხალხს და ისინი შემდეგ უკან ვერაფერს იღებდნენ. ასე რომ, ვურჩევ, თუ უნდა, რაიმეს მიაღწიოს, გადაიღოს მარტივი ფილმები, ამ ქვეყანაში ჩვეულებრივი ადამიანებიც არსებობენ, რომლებიც ხმლებითა და ფარებით არ დარბიან და უამრავი თემაა გადასაღები. შეიძინოს კინოცოდნა და ათი წლის შემდეგ, შესაძლოა, ისე დაიხვეწოს, მართლა შეძლოს მასშტაბური პროექტების განხორციელება.

ნინო მურღულია
სპეციალურად საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
:)
ძალიან სასცილო ადამიანია ეს ხომასურიძეა თუ ვიღაც :))))))))) და ტარიელს რა შეწუხებული სახე აქვს? დასცხა ეტყობა ვეფხვის ტყავში :)))
21:10 / 12-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
100 %- ით ვეთანხმები ია ვეკუას , "ვეფხიტყაოსანი" ძალიან სერიოზული თემაა და ნიკოლოზ ჩემო კარგო ნუ გააუბრალოვებ მას დატოვე ისევ ლიტრატურაში და სენც ნუ შეირცხვენ თავს, ისე პრომომასალაც , რომ გაუშვან ცოტა ხნით, იმდენად ექფეტური შეძლება გამოდგეს რომ იქნებ მაგის დახმარებითაც ვიპოვოთ შოთა რუსთაველის საფლავი მთავრია გადაბრუნებას მიწისძვრა არ მოყვეს
09:28 / 08-08-2014
გამოხმაურება / 0 /
მირა
ნუ ვეფხვის თავი აი უკვე ნამეტანია რაა,ნეტავ ამ ბიჭს მოწონს რაც აცვია თუ დიდებულ რეჟისორს ვერ ეწინააღმდეგება.ან უბრალოდ აჯერებს რეაჟისორი რომ ვარსკვლავად აქცევს :DDD
19:07 / 07-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS