31 ივლისი, 2014
რითი ჰგავს მიხეილ სააკაშვილს გიორგი სიგუა - ''მისახედია დროზე''...
მას შემდეგ, რაც ''კაზანტიპის'' საკითხი გააქტიურდა, ვცდილობთ, როგორმე დავიჭიროთ ბატონი სიგუა ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი სიგუამ ქართველმა საზოგადოებამ პირველად ამერიკაში, კერძოდ პრინსტონში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის დასმული კითხვებით გაიცნო. ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანის გულები ეპატაჟურმა ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა სულ რაღაც სამი კითხვით დაიპყრო.

ახალმა ხელისუფლებამ გიორგი სიგუას ტურიზმის დეპარტამენტი ჩააბარა. მოგვიანებით ''კაზანტიპის'' ფესტივალის ყირიმიდან ანაკლიაში გადმოტანის ერთ-ერთი ინიციატორი გახდა და მალევე გამოუჩნდა მოწინააღმდეგეები.

რამდენიმე კვირის წინ ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარეს ადგილობრივები შეხვედნენ. ერთ-ერთი ქალბატონი ამბობდა, რომ
ეწინააღმდეგებოდა ფესტივალის ჩატარებას, რადგან არ უნდოდა, სექსი პლაჟზე ენახა. გიორგი სიგუამ ამჯერადაც პროვოკაციული კუთხით გამოიჩინა თავი, ''თქვენ გქონიათ სექსი პლაჟზე?'', ჰკითხა ქალბატონს და როდესაც უარყოფითი პასუხი მიიღო, გაიცინა. ტურიზმის დეპარტამენტის დასმული კითხვის გამო ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბოდიში მოიხადა.

მოგვიანებით გიორგი სიგუამ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ თავად სექსი პლაჟზე ჰქონია, მაგრამ არა კაზანტიპში.

ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას ''ბიზნესკურიერში'' ბოდიში მოუხადა ყველას, ვისაც იცნობდა და ითხოვა, არ გაეთავისუფლებინათ, რადგან მის ხელფასზე ძალიან ბევრი ადამიანი იყო დამოკიდებული.

გიორგი სიგუა დაჩაგრულის როლში მოგვევლინა. თუმცა დღესვე გავრცელდა ხმა, რომ ''კაზანტიპის'' იმიტირებული ქვეყნის ''პატარა პრეზიდენტმა'', გიორგი ''კაზანტიპის'' ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე მიიწვია წლიური ანაზღაურებით 100 000 ევრო.

დღეს სოციალურ ქსელში წერენ, რომ არ შეიძლებოდა ადამიანის დანიშვნა მაღალ თანამდებობაზე მხოლოდ სააკაშვილთან დასმული კითხვის გამო.
სალომე ზურაბიშვილი წერს: ''ამერიკაში რომ გავიცანი, მიშას მივამსგავსე, ოღონდ ''კეთილი მიშა'' დავარქვი… ახლა კი… თანამდებობა რას უშვრება ადამიანს!!! დავრწმუნდი, რომ მართლაც მიშას ასლია… და ამდენად მისახედია დროზე!

გიორგი სიგუასთან ინტერვიუს ჩაწერას უკვე რამდენიმე თვეა ვცდილობთ და ძნელია, არ დავეთანხმოთ ქალბატონ სალომეს. აშკარაა, რომ ეპატაჟურობით, საქმისადმი ზერელე დამოკიდებულებით და თუნდაც საუბრის მანერით, სიგუა აშკარად ჰგავს საქართველოს ექს-პრეზიდენტს. გარდა ამისა, ნათელია, რომ მას ზრდილობის შესახებ არანაირი წარმოდგენა არა აქვს.

დაახლოებით ერთი თვეა, მას შემდეგ, რაც ''კაზანტიპის'' საკითხი გააქტიურდა, ვცდილობთ, როგორმე დავიჭიროთ ბატონი სიგუა ინტერვიუს ჩასაწერად აუცილებელ დისტანციაზე, მაგრამ ვერაფრით მოვახერხეთ. ეს, პრინციპში, არ არის გასაკვირი ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან, მაგრამ გააჩნია, როგორ გამოავლენს ადამიანი თავს ჟურნალისტთან ურთიერთობაში.

ჩვენი ბოლო საუბარი ტელეფონზე შემდეგნაირად წარიმართა, ჩემი მისალმების შემდეგ, გიორგი სიგუამ, არც აცია, არც აცხელა და ყოველგვარი გამარჯობის გარეშე მომახალა, დროზე მითხარი, რა გინდაო, რასაკვირველია, გამიკვირდა, რომ არ მომესალმა და ვუპასუხე, მეგონა, არ გესმოდათ-მეთქი, ამის შემდეგ კი, მოუთმენელმა რესპონდენტმა ყურმილი დაგვიგდო. იმედია, ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ ხალხთან კომუნიკაცია, არათუ ტურიზმის, არამედ სხვა სფეროშიც აღარ დაასაქმებენ, სახელმწიფო სექტორში.

სალომე დადიანი



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
გიო
კაზანტიპს შეწირული მსხვერპლი, მაგრამ ქვეყნის სახელს რომ ვწირავთ ამაზე ფიქრი რატომ არ გვინდა? სიგუა იშოვის ოჯახის სარჩენ სამსახურს ეგ ისეთი აქტიურია და ქვეყნის სახელს რა ეშველება? ვინ გვიშველის?
05:47 / 01-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS