30 ივლისი, 2014
მოტყუებული რომ არ დარჩეთ!
ყოველთვის, როდესაც რაღაც მნიშვნელოვანი ნივთის შეძენას გადავწყვეტ, ერთი გენიალური ფრაზა მახსენდება: - "მე არც ისეთი მდიდარი ვარ, რომ შევიძინო იაფი საქონელი". ფასი ნამდვილად განსაზღვრავს ხარისხს, რადგან არავინ მოგვყიდის ხარისხიანი მასალით დამზადებულ ნივთს თვითღირებულებაზე დაბალ ფასად. ]

მასალის გარდა, ხელობაც ხომ გასათვალისწინებელია? ქართველებს კი ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე გვჩვევია, გამყიდველს სიტყვაზე ვენდოთ, ჩვევად გვაქვს ხელი მოვაწეროთ საგარანტიო საბუთს ისე, რომ არ წავიკითხოთ პირობები. ან, სულაც არ მოვითხოვოთ ის. შედეგად, შეგვრჩება უხარისხო ავეჯი, რომელიც, როგორც წესი, ძალიან მალე
ფუჭდება და საერთო ჯამში, ორმაგი თანხა გვიჯდება მისი შეკეთება ან ახლის ყიდვა.

რატომ არის მნიშვნელოვანი გარანტია ავეჯის შეძენის დროს და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება საგარანტიო პირობებში? არსებობს ბევრი ნიუანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ავეჯის ყიდვის დროს, რომ უსინდისო გამყიდველის ან კომპანიის მსხვერპლი არ გავხდეთ.

კარგი იქნება, თუ თავიდანვე გაარკვევთ, თქვენს არჩეულ ავეჯის მაღაზიას აქვს თუ არა ცენტრალური ოფისი. თუ არ აქვს, მაშინ პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში ვერსად მიხვალთ და ვერავის წაუყენებთ პრეტენზიებს. გაარკვიეთ, აწარმოებს თუ არა ეს კომპანია საკუთარ ავეჯს. ამ და სხვა პრობლემებისაგან დაზღვეული რომ იყოთ, აუცილებელია გქონდეთ ინფორმაცია საგარანტიო მომსახურების შესახებ. ამ საკითხზე უფრო დეტალური რჩევებისთვის კომპანია "ემბავუდის" წარმომადგენლობის დირექტორს - გიორგი დაბრუნდაშვილს მივმართეთ.

- გიორგი, რა უნდა გაითვალისწინოს მყიდველმა, რომ მოტყუებული არ დარჩეს და უხარისხო ავეჯი არ შეიძინოს?
- როდესაც ადამიანი ყიდულობს მსხვილ ნივთს, როგორიცაა ავეჯი და იხდის საკმაოდ სოლიდურ თანხას, მას სურს რომ ჰქონდეს ხარისხიანი და კარგი ნივთი, რისი იაფად შოვნა ძალიან ძნელია. ზოგ მეავეჯეს ჩამოაქვს დაბალფასიანი ავეჯი და ადებს მისაღებ ფასს. მყიდველს ჰგონია, რომ სარფიან ფასად შეიძინა ავეჯი, მაგრამ ძალიან მალე, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში ის დაიშლება და გაფუჭდება. ერთ-ერთი გავრცელებული მიმართულება გახლავთ ავეჯი აზიიდან, რომელსაც აქვს სუნი და ღირს ძვირი. გამყიდველი გეუბნება, რომ ეს არის ხის სუნი და სახლში მიტანის შემდეგ მალე გაუვა, მაგრამ სინამდვილეში სუნი არ ქრება, რადგან ეს სინამდვილეში წებოს სუნია, იწვევს თავის ტკივილს და უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში კანონმდებლობა არეგულირებს გარანტიის პირობებს. კანონში წერია, რომ მომწოდებელმა უნდა მისცეს მომხმარებელს გარანტია. წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ ექნება ავეჯის გაყიდვის უფლება. ყოველი კომპანია უნდა იყოს პასუხისმგებელი საკუთარ ნაწარმზე. ჩვენთან ასე არ არის. მყიდველს შეუძლია სიტყვაზე ენდოს მეავეჯეს და მოტყუვდეს.
- რას არ ითვალისწინებს გარანტია?
- გარანტიას აქვს თავისი პირობები. ჩვენს კომპანიას აქვს ორწლიანი გარანტია ნებისმიერი ავეჯის შეძენაზე. გარანტია არ ითვალისწინებს ფასადის ნაკლს. როდესაც მყიდველი ვიზუალური დათვალიერების შემდეგ ჩაიბარებს ნივთს და შემდეგ, დაუდევარი მოპყრობის გამო დააზიანებს (დაწვავს, გატეხავს, გაკაწრავს) მას. გარანტია ვრცელდება ქარხნულ წუნზე, რომელსაც ვიზუალური დათვალიერებით ვერ აღმოაჩენთ. მაგალითად, შიდა კონსტრუქციის, მექანიზმის დაზიანება. ან, თუ რბილი ავეჯის ღრუბელი "დაჯდა", სახელური მოსძვრა, კარები გადმოვარდა, ფერი შეიცვალა ნაჭერმა და სხვ... ამ შემთხვევებში კომპანია ასწორებს იმ ხარვეზს, რომლის აღმოჩენა დათვალიერებისას ვერ მოხერხდა.
- თუ რამდენიმე შეკეთების შემდეგ პრობლემა არ აღმოიფხვრა?
- ასეთ შემთხვევაში, კომპანია ცვლის ავეჯს ახლით.
- რა არის ავეჯის ყველაზე ხშირი პრობლემა, სტატისტიკურად რა ზიანდება ყველაზე მალე?
- ყველაზე ხშირი პრობლემა არის საწოლისა და სკამების ჭრიალი. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ავეჯის მონტაჟი. თუ სწორად არ იქნება აწყობილი ავეჯი, ის ძალიან მალე მოირყევა და დაიშლება. ასევე, იატაკის ზედაპირი უნდა იყოს სწორი. თუ იატაკი დახრილია, კარადაც დაიხრება. ხშირად ხდება, როდესაც პატრონი თვითონ შლის და გადააადგილებს ჩვენ მიერ აწყობილ ავეჯს. სწორედ ეს იწვევს ავეჯის მორყევას და ჭრიალს.
- თუ მომხმარებლის დაუდევრობის გამო დაზიანდა ავეჯი, ამ შემთხვევაში რას ითვალისწინებს გარანტია?
- თუ მომხმარებლის დაუდევრობის გამო დაზიანდა ავეჯი, იმ ორი წლის განმავლობაში მხოლოდ იმ დეტალის ღირებულებას გადაიხდის, რომელიც შეცვლას საჭიროებს.
- რა პუნქტებია ყველაზე მნიშვნელოვანი საგარანტიო მომსახურებაში?
- საგარანტიო ხელშეკრულების გაფორმებისას მყიდველმა აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება გარანტიის ვადას, ავეჯის გამოყენების წესებსა და იმ პასუხისმგებლობას, რასაც კომპანია იღებს თავის თავზე. კომპანია ვალდებულია აწარმოოს ხარისხიანი ავეჯი, რომ ზარალში არ წავიდეს. ხოლო, მომხმარებელი აზღვევს თავის ინვესტიციას, რომ არ დარჩეს მოტყუებული. კომპანიები, რომლებიც იძლევიან გარანტიას, უფრო მეტად არიან პასუხისმგებლები თავიანთი ნაწარმის ხარისხზე. 

თეა ინასარიძე სასარგებლო რჩევებით სპეციალურად მარაო.გე-დან
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS