08 ივლისი, 2014
რა რეაქცა ჰქონდა თორნიკე ყიფიანის მეუღლეს თამთასა და ყიფოს ჩახუტებაზე
დანარჩენებს მხოლოდ ტაშის დამკვრელის ფუნქცია ჰქონდათ გუშინ „იქს ფაქტორის“ პირველი სეზონი დასრულდა. გამარჯვება დამაჯერებელი სხვაობით მოიპოვა თორნიკე ყიფიანმა. პროექტის ყველა პარტნიორი კომპანიის წარმომადგენელი, ვინც სცენაზე საჩუქრის გადასაცემად ავიდა, თორნიკე ყიფიანი მათი რჩეული გახდა. ერთი სიტყვით, ყველა პრიზი ყიფოს ხვდა წილად. დანარჩენებს მხოლოდ ტაშის დამკვრელის ფუნქცია ჰქონდათ. მხოლოდ „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას გაახსენდა დანარჩენი ფინალისტები და ყველა მათგანი ლონდონში ვოკალის კურსებზე გასამგზავრებელი ბილეთებით დაასაჩუქრა.
თორნიკეს გამარჯვება მივულოცეთ და რამდენიმე კითხვა დავუსვით.

- თორნიკე, გილოცავ გამარჯვებას,
გუშინ ფაქტობრივად ყველაფერი მოიგე, რისი მოგებაც შეიძლებოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ჩამოთვალო შენი კუთვნილი პრიზები, რამე რომ არ გამოგვრჩეს.

- ბინა მოვიგე გუდაურში, მანქანა, ორი ორკაციანი საგზური პარიზში და ჰოლანდიაში, გიტარა, 30 ათასი ლარი, სწავლის კურსები ლონდონში...
- პროექტის მხარდამჭერი ყველა კომპანიის ფავორიტი იყავი, ყველა პრიზი შენ გადმოგეცა, უხერხულობის მომენტი ხომ არ გაქვს ამის გამო დანარჩენ ფინალისტებთან.
- იქ უფრო მქონდა გუშინ (იცინის).
- გადაგიარა?
- (იცინის) ჰო, არ ვიცი.
- დღეიდან როგორ გაგრძელდება შენი ცხოვრება, ისევ წახვალ თურქეთში სამუშაოდ?
- არ ვიცი, ჯერ ჩემს მენეჯერს და იმ მეგობრებს უნდა დაველაპარაკო, ვისთან ერთადაც ვმუშაობდი.
- შენ როგორ ფიქრობ, დადგება იმის საჭიროება, რომ კვლავ მოწყდე ოჯახს?
- არა, ალბათ არა.
- ყიფო, მენტორი შენს ყოველ გამოსვლაზე ძალიან ემოციურია ხოლმე. ქალაქში უკვე ჭორაობენ, რომ თამთა შეყვარებულია შენზე. ხომ არ ბრაზდება შენი მეუღლე ამგვარ ჭორებზე?
- ეს მართლაც ჭორებია, ამაზე როგორ უნდა გაბრაზდეს?
- არც გუშინდელი თქვენი ჩახუტება ყოფილა გაბრაზების მიზეზი მისთვის?
- არ ვიცი (იცინის), ვკითხო?
- ჰკითხე.
- არა, არ გავბრაზებულვარო (იცინის).
- არ გინდა რამე უთხრა იმ ადამიანებს, ვინც გუშინ მხარი დაგიჭირა და ასეთი ბედნიერი გაგხადა?
- როგორ არ მინდა, მადლობა მათ, რომ ამხელა ბედნიერება მაჩუქეს. მინდა თავადაც, თითოეული მათგანი ისეთივე ბედნიერი იყოს, როგორიც ვარ მე დღეს. ჯერ კიდევ შოკში ვარ. დიდი მადლობა პროექტის პროდიუსერებს და „რუსთავი 2“-ს, რომ მომცეს საშუალება ხალხისთვის თავი გამეცნო და ეს დიდი სიყვარული მომეპოვებინა.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“
ბეჭდვა