06 თებერვალი, 2014
ვანო მერაბიშვილის ცოლის შოკისმომგვრელი ინტერვიუ - არქივი
თუ დედაჩემი ბავშვთანაა, სამსახურიდან ირაკლი ოქრუაშვილის ან გივი თარგამაძის მეუღლესთან მივდივარ ხოლმე. ჩვენ სამნი უფრო ვმეგობრობთ ვანო მერაბიშვილს ყურადღება პრემიერ მინისტრობის დროსაც არ აკლდა, მაგრამ დაკავების შემდეგ თითქმის ყოველდღე საინფორმაციო გამოშვებებში პოლიტიკოსის გარშემო მინიმუმ ერთი ნიუსი მაინც გადის. ჯერ კიდევ 2004 წელს მისი მეუღლე თაკო სალაყაია ჟურნალისტებისთვის ინტერვიუებს არ იშურებდა და პრესასთან გულახდილი საუბრით გამოირჩეოდა. გირგვლიანის სკანდალის შემდეგ თაკო პრესას დაემშვიდობა და მათი ოჯახური ამბები ჟურნალისტებისთვის დახურულ თემად იქცა. ''რეიტინგის'' არქივიდან გთავაზობთ ინტერვიუს თაკო სალაყაიასთან,
რომელიც ჟურნალისტმა 2004 წლის აპრილში ჩაწერა. თაკო იმდენად გულახდილია, რომ დარწმუნებული ვარ ბევრ საინტერესო დეტალს გაიგებთ ყოფილი პრემიერის ცხოვრებიდან.

- როგორ გაიცანით ბატონი ვანო?
- ერთმანეთი ახალციხეში, ერთ-ერთი ახლობლის ოჯახში გავიცანით. იმდენად დავახლოვდით, რომ ტელეფონის ნომრები გავცვალეთ. შემდეგ, როდესაც თბილისში ჩამოვედი, დამირეკა. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. დეკემბერში გავიცანი, შემდეგ რაღაც პერიოდი ურთიერთობა არ გვქონდა და ივნისში მისი მეუღლე გავხდი. სულ, ალბათ, 6 თვე ვიყავით შეყვარებულები.
- რაღაც პერიოდი ურთიერთობა რატომ არ გქონდათ?
- ხომ იცით შეყვარებულების ამბავი, ერთი თვე გაბუტულები ვიყავით. თუმცა არც მახსოვს, რის გამო. მაშინ მე 17 წლის ვიყავი, ვანო - 31-ის. ჩვენი ურთიერთობა ჩემმა მშობლებმა იცოდნენ და წინააღმდეგნი არ იყვნენ.
- მომავალმა მეუღლემ სიყვარული როგორ აგიხსნათ?
- სიყვარული როგორ ამიხსნა, არ მახსოვს, უბრალოდ მახსოვს, რომ მაშინ ცისფერი ''გოლფ-2'' ჰყავდა, ყველაზე ცუდი ''გოლფი''. ძალიან მიყვარდა ის მანქანა და საკმაოდ განვიცადე, როცა გავყიდეთ. იმ მანქანაში ვხვდებოდით ერთმანეთს, ყველგან იმ მანქანით დავდიოდით. იმ მანქანაში ჰოლანდიური ყვავილების იმხელა თაიგული მომართვა, რომ არც კი ეტეოდა. სხვათა შორის, ვარდები არასდროს მოურთმევია ჩემთვის. ძალიან მიყვარს ვარდები, მაგრამ ვანოს არ იზიდავს ერთფეროვნება, ჭრელი ყვავილების თაიგული უყვარს.
- ბოლოს როგორ შეუღლდით?
- ქუთაისში გავიპარეთ და ორი დღე ერთ-ერთ კერძო სასტუმროში ვცხოვრობდით. იმ დროს ვანო მიწის მესაკუთრეთა ასოციაციაში მუშაობდა და მივლინება ჰქონდა ორი დღით ქუთაისში. ვანოს მშობლებს არ ვიცნობდი, არასდროს უთქვამს, მინდა ჩემი მშობლები გაგაცნოო. საერთოდ, ვანოს ოფიციალობა არ უყვარს. ამიტომაა, რომ ქორწილი არ გვქონია, მხოლოდ ხელი მოვაწერეთ.
- ასაკობრივი სხვაობა თუ იგრძნობა თქვენს შორის?
- მე ვერ ვგრძნობ ამ სხვაობას, რადგან ისე მექცევა, როგორც ჩემს ასაკს შეეფერება. პირიქით, უკეთესია, 22 წლის რომ ვარ, უფრო მეტად ზრუნავს ჩემზე, მათამამებს, მეფერება. ხანდახან ვფიქრობ, რომ მართლაც დიდია ვანო, თუმცა ჩვენს ურთიერთობაში ეს არ იგრძნობა. ის იმდენად მიგებს ყველაფერში, რომ არ შეიძლება, მეც არ გავუგო. ერთმანეთს პრობლემებს არ ვუქმნით.
- მოდით, ისევ თქვენს გაპარვას დავუბრუნდეთ. ქუთაისიდან ახალციხეში წახვედით?
- არა, ჯერ თბილისში ჩამოვედით. ეს ბინა უკვე ჰქონდა ვანოს, მაგრამ არემონტებდნენ, ავეჯიც კი არ იყო. ამიტომ ჩემს ბიძასთან წავედით. შემდეგ უკვე ახალციხეში ვანოს მშობლებთან ჩავედით.
- ოჯახში როგორ მიგიღეს?
- ვანოს მშობლებს მანამდეც ჰქონდათ ჩემი ნახვის სურვილი, მაგრამ ვანოს ჩემთვის არაფერი უთქვამს. თან ახალციხე იმდენად პატარაა, რომ ყველაფრის გაგება შეიძლება. ადვილი იქნებოდა ჩემი სურათის მოძებნა და ინფორმაციის მოპოვება. ახალციხეში ვარ დაბადებული, თუმცა მე და ვანო არც ისე ახლოს ვცხოვრობთ. მე პირველ სკოლაში ვსწავლობდი, შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტის დაუსწრებელი განყოფილება დავამთავრე. ვანომ მეხუთე საშუალო სკოლა დაამთავრა. ადრე ერთმანეთს არ შევხვედრივართ, თან ვანო 17 წლის ასაკში თბილისში წამოვიდა და ახალციხეში იშვიათად ჩამოდიოდა. ჩვენს შეუღლებამდე არც ისე ცნობილი იყო, რაც შეეხება ჩვენს ახალციხეში ჩასვლას, ალბათ მეც და მშობლებიც დაბნეულები ვიყავით.
- როგორც თქვით, ჯვარი არა გაქვთ დაწერილი. ამის მიზეზი ის ხომ არ არის, რომ ვანო კათოლიკეა?
- ჯვრისწერის წინააღმდეგი ვანო იყო, თუმცა ამის მიზეზი მისი რწმენა არ არის. ისე, მეც მაინტერესებს, მართლა კათოლიკეა თუ არა ჩემი მეუღლე. თვითონ ამბობს, რომ კათოლიკეა. დედამისმა თქვა, რომ მართლმადიდებლურად არის მონათლული, თუმცა ვანო ამას უარყოფს. ასე რომ, ვერ გავიგე და აღარც ჩავძიებივარ. მე მართლმდაიდებელი ვარ, თუმცა განსხვავებულ რწმენას ჩვენთვის პრობლემა არ შეუქმნია. ფაქტობრივად, ვანო რომ კათოლიკე იყო, გათხოვების შემდეგ გავაცნობიერე. არ მიშლის, რომ ეკლესიაში წავიდე და სანთელი დავანთო. ჩვენ ერთმანეთის რწმენას პატივს ვცემთ. თან ვანო კათოლიკურ ეკლესიაშიც არ დადის. ამ ხნის განმავლობაში დავრწმუნდი, რომ მას ღმერთი თავისებურად სწამს. სახლშიც არ ანთებს სანთელს, ეკლესიაში წასასვლელად კი დროც არ აქვს.
- როდისმე ხომ უნდა დაიწეროთ ჯვარი, რომელ ეკლესიაში მოხდება ეს?
- შეიძლება ჯვარი საერთოდაც არ დავიწეროთ. ოფიციალურად შეუღლებულები ვართ. ორსულად ვიყავი, როცა მოვთხოვე, ხელი მოგვეწერა. მინდოდა, სიმბოლურად მაინც რაღაც ყოფილიყო, რამდენიმე თვეში მიშოც მოევლინა ქვეყანას.
- სახელი ვინ შეურჩია ბავშვს?
- მე მომწონდა ეს სახელი. დღეს ბევრი ადამიანი ამბობს, შვილს სააკაშვილის სახელი დავარქვიო. ძალიან მომწონს მიშა სააკაშვილი, თუმცა ადრე უფრო მომწონდა. არჩევნების დროს ვაკეში მიშას დიდი პლაკატი იყო გაკრული და ისე მომწონდა, ხშირად ვიდექი და ვუყურებდი. მაშინ უკვე ფეხმძიმედ ვიყავი. შემდეგ უკვე ვთქვი, რომ ჩემს შვილს აუცილებლად მიშას ან მიშოს დავარქმევდი. მე და ვანომ გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ. ვანოს არ უნდოდა, შვილისთვის მეფის სახელები დაგვერქმია. მიშა კი ისეთი სახელი იყო, რომელიც ორივეს მოგვწონდა და, რა ვქნა, დღეს ჩემს შვილს სააკაშვილის სახელი ჰქვია. სხვათა შორის, არჩევნებზეც იყო ჩემი შვილი წასული, სპორტულები ეცვა, რომელზედაც მე-5 ნომერი ეწერა. პრეზიდენტი ამბობს, ეს ბავშვი დიდი კაცი გაიზრდებაო (იცინის). ვნახოთ...
- ბავშვის აღზრდით ვინ არის დაკავებული?
- ერთი წლის განმავლობაში ძიძის გარეშე ვზრდიდი. დღეს რვა საათამდე ძიძასთან არის, რადგან მე მიწის მესაკუთრეთა ასოციაციაში ერთ-ერთი პროექტის ასისტენტად ვმუშაობ. სამსახურის შემდეგ მიშა ჩემთან არის. სანამ ვანო დეპუტატი გახდებოდა, უფრო ჰქონდა დრო, ახლა კი ბოლომდე საქმეშია ჩაფლული. ბავშვს მხოლოდ 15 წუთით ხედავს დილით და მაშინ ეფერება.
- ხშირად მოდიოდა ხოლმე მიხეილ სააკაშვილი თქვენს ოჯახში?
- საკმაოდ ხშირად მოდიოდა, მე კი არასდროს ვყოფილვარ მასთან ოჯახში. სანდრას რამდენჯერმე შევხვდი. დღეს აღარავის სცალია სტუმრობისთვის, მხოლოდ მეუღლეები ვმეგობრობთ. თუ დედაჩემი ბავშვთანაა, სამსახურიდან ირაკლი ოქრუაშვილის ან გივი თარგამაძის მეუღლესთან მივდივარ ხოლმე. ჩვენ სამნი უფრო ვმეგობრობთ. სხვა პოლიტიკოსების მეუღლეებს მიღებებზე ვხვდები. მე გივის ბავშვის ნათლია ვარ, ჩემი შვილი გივის დაბადების დღეს, 23 ივლისსაა დაბადებული. ჩვენს შორის სხვა ნათესაური კავშირი არ არსებობს. მიშო ჯერ არ არის მონათლული...
- საინტერესოა, მიშო მართლმადიდებელი უნდა გახდეს თუ კათოლიკე?
- ვანო ამბობს, რომ გაიზრდება, თავად გადაწყვეტს, რა უნდაო. საერთოდ, არ მიყვარს კონფლიქტები და თან იმ ადამიანთან, რომელსაც იშვიათად ვხედავ. იმდენად იშვიათად ვხედავ ვანოს, რომ მასში ვეღარც დადებით თვისებას ვამჩნევ და ვეღარც უარყოფითს. ისე, მე რომ მაწუხებდეს, ისეთი უარყოფითი თვისება ვანოს არც აქვს. ხომ გეუბნებით, ისე იშვიათად ვხედავ, რომ ოღონდ ჩემთან იყოს, მისი არც ერთი თვისება არ შემაწუხებს.
- თქვენთვის თუ იცლის ბატონი ვანო დღის განმავლობაში?
- ხშირად ტელეფონით ვსაუბრობთ. ძალიან ცუდია, რომ ღამე ხან პირველზე, ხან ოთხზე ან სულაც არ მოდის. სულ დაკავებულია, როცა არ უნდა დაურეკო, სულ შეხვედრებზეა და ძალიანაც რომ მიჭირდეს, ვერაფერს ვეუბნები. ფაქტობრივად, მეუღლეს ვერ ველაპარაკები. ძირითადად, მე ვურეკავ ხოლმე, თან ვცდილობ, ძალიან არ შევაწუხო.
- შეიძლება ითქვას, რომ ვანოს თანამდებობით კმაყოფილი ხართ...
- თანამდებობის გამო ჩვენთან არაფერი შეცვლილა. რაც მახსოვს, ვანო სულ დაკავებულია. ვანოს მიზანი კარიერა იყო, ის ამ კარიერას უფრო მეტ დროს უთმობს, ვიდრე ოჯახს. მაგრამ ვერ გავამტყუნებ, რადგან მის ადგილზე რომ ვიყო, შეიძლებაც მეც ასევე მოვიქცე. საერთოდ, არ ვერევი პოლიტიკაში და არც მეუღლეს ვაწუხებ ზედმეტი შეკითხვებით.
- თქვენ არ ერევით პოლიტიკაში თუ თავად თქვენი მეუღლე არ გრევთ?
- ალბათ იმდენად ვერევი, რამდენადაც მრევს. არ უნდა, რომ ჩავერიო და მეც, 22 წლის გოგონას არ მჭირდება პოლიტიკაში ჩარევა. მე გარეგნობასთან, ჩაცმასთან დაკავშირებით ვაძლევ ხოლმე რჩევებს.
- მაღაზიებში ერთად დადიხართ?
- ყველაფერს მე ვყიდულობ. მას არ უყვარს მაღაზიებში სიარული. ვანომ ჰალსტუხის შეკვრაც არ იცის. ყოველ დილით მე ვუკრავ ჰალსტუხებს.
- თქვენამდე ვინ აკეთებდა ამას?
- ორი ჰალსტუხი ჰქონდა და ორივეს პირდაპირ თავზე იცვამდა. როცა გავთხოვდი, პირველ რიგში, ეს ვისწავლე და ხომ ხედავთ, დღემდე მადგება. რაც შეეხება ტანსაცმელს, რასაც ვყიდულობ, დიდი სიამოვნებით იცვამს. თან ყოველდღე ვუმზადებ, რა უნდა ჩაიცვას. თუ სადმე მივდივარ, ცალ-ცალკე ვულაგებ დღეს, ხვალ ან ზეგ რა უნდა ჩაიცვას. ერთხელ რამდენიმე დღით ვიყავი წასული და ლამის ყველა სკამზე ტანსაცმელი ეკიდა.
- ხომ არ გეშინიათ, როცა ბატონი ვანო იგვიანებს?
- შიში, რა თქმა უნდა, მაქვს, თუმცა როცა სახლში არ მოდის, მაფრთხილებს. ახლა უკვე დაცვა ჰყავს, ადრე კი მართლა მეშინოდა. თან ვანოს ჰქონდა ისეთი ჩვევა - მოვიდოდა, მანქანას დააყენებდა და ქრებოდა. არც სახლში ამოდიოდა და არც გარეთ ჩანდა. თურმე, მოშორებით გადიოდა და ტელეფონით საუბრობდა, რომ ბავშვი არ გაეღვიძებინა. მე კი ჩავდიოდი და სიბნელეში ვეძებდი. ახლა უფრო მშვიდად ვარ. მე პირადი დაცვა არ დამყვება. ადრე ვანომაც უარი თქვა სახლის დაცვაზე, მაგრამ ჩვენს სადარბაზოში ორჯერ მოხდა ყაჩაღობა და იძულებული გავხდით, დაცვა მოგვეთხოვა. მეზობლები ძალიან გახარებულები არიან.
- როგორია დილა მერაბიშვილების ოჯახში?
- მიშა მე მაღვიძებს, მე - ვანოს. ვანო სწრაფად იცვამს და მიდის. დილით არ ჭამს. მხოლოდ იოგურტს მიირთმევს და სამსახურში გარბის.
- შინ სადილს ვინ ამზადებს?
- ძირითადად მე, ხანდახან დედა მეხმარება. ვანოს ძალიან უყვარს თევზი. არ არის პრეტენზიული მჭამელი, თუმცა არის საჭმელი, რომელსაც არ ჭამს - ბორში, ტოლმა, კომბოსტო არ უყვარს. მე კი თევზი არ მიყვარს და არც მისი გაკეთებით ვიკლავ თავს. ერთადერთი, რასაც ვანო ამზადებს, თევზია, თანაც სიამოვნებს ამის გაკეთება.
- სიურპრიზებს ხშირად გიწყობთ ხოლმე?
- არა, სიურპრიზების მოწყობა არ უყვარს. ყვავილების ჩუქება უყვარდა ადრე, ახლა დაავიწყდა, რომ ყვავილები არსებობს. მეც გადავეჩვიე სიურპრიზებს, თუმცა დღესასწაულებზე საჩუქრებს ვჩუქნით ხოლმე ერთმანეთს. ახლახან რესტორანში დამპატიჟა. ასეთი რამ დიდი ხანია არ მომხდარა, ძალიან გამიხარდა, რომ ერთი საღამო მე მომიძღვნა.

ნათია გუმბერიძე
ჟურნალი ''რეიტინგი'' #17, 26. 04. 2004

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 54 /
გიორგი
რამდენი ოჯახი გაამწარა მაგ უტვინო კაცმა,და ეხლა მოსავალს იმკის. არ შეიძლება მდაბიოს გადიდკაცება.თაკოს რა ენაღვლება? ქმარი ციხეში ჰყავს და კაცები მოილია?
16:31 / 30-04-2014
გამოხმაურება / 0 /
თამაზინო
რომის პაპის არჩევნები როდის არის? მანამდე ვანოც გამოვა და...
11:38 / 29-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ანა
შოკიდან ვერ გამოვდივარ :D
11:25 / 22-03-2014
გამოხმაურება / 0 /
გივი
რა არის აქ დასაშოკი ვანოს ტევზი რომ ნაყვარება ტუ ბაღანას რომ მიშო ქვია? სულ არაფერს აღარ ასწავლიან ამ ხალხს ჟურნალისტიკის ფაკულტეყზე?
09:13 / 16-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ბრავო
უფ ძალიან მაგარი შოკი იყო:(
19:04 / 15-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS