26 ივნისი, 2017
"იმის მერე ეკლესიაში აღარ მივსულვარ"
მსახიობი თინა მახარაძე ჰარი პოტერის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს.

"ბავშვობაში, რუსთავის ეკლესიაში დავდიოდი გიჟივით. მამაჩემი მიტრაკებდა ხოლმე, მაგრამ ლოცვას და წირვას არ ვმაზავდი. საღმრთო ლიტურღიის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე გამოვცხადდებოდი ხოლმე, იქ მესანთლე ქალბატონ ნუნუს გავესაუბრებოდი, აქეთ სტიქაროსან ბიჭს კედებს შევუთვალიერებდი შემოსვამდე, ნახევრად დამთავრებულ ფრესკებს ჩამოვუვლიდი, ვუყურებდი, როგორ აკრავდა კიბეზე ასული ხატმწერი ოქროს ფურცლებს შარავანდედებს, სადღაც დახლქვეშა სეფისკვერს გამოვკრავდი ხელს, ვერთობოდი კარგად. აღსარების ჩასაბარებელ მერხთან მქონდა ჩემი vip ადგილი, იქ კარგი იყო დგომა.

ჩამოეყრდნობოდი მერხს, არც ფეხები გტკიოდა ისე, არც ვიღაცის ზურგს იყავი აკრული, ხალვათობა იყო. ზამთრობით ღუმელიც იქ იდგა და ბათინკებს მიშრობდა, ზაფხულში კარი იყო ღია, ნიავი მიბერავდა გადახურებულ კეფაში.

ღიღინით ვყვებოდი ხოლმე მგალობლებს, სანამ ვინმეს არ შევაწუხებდი და არ მიჯიკებდა ფერდში. სახარებაც სულ ზეპირად ვიცოდი.

როცა კითხულობდნენ, გულში წინ ვუსწრებდი ხოლმე მედავითნეს, სანამ თვითონ ენის ბორძიკით ამოიკითხავდა ბიბლიიდან. მისწორდებოდა ეს ჩემი უპირატესობა. ძველქართულად კითხვაც მეხერხებოდა და ვიყავი სრულ კმაყოფილებაში.

მოკლედ ეკლესია მევასებოდა და ჩემს მოძღვართან ყბედობაც: "მამაო, რატომ არის ქერუბიმი აღმატებით უზესთაესი უპატიოსნეს სერაფიმზე?" და ა.შ.

ერთხელაც ერთი საათით ადრე გამოვცხადდი გულამოვარდნილი და აკანკალებული ჩავუსაფრდი ჩემი მღვდლის მოსვლას, რომ ვინმე მოხუც ჟენია დეიდას არ დაესწრო ჩემამდე მივარდნა და გაუთავებელი კოცნა-ღნავილი მის ჯვართან.

ვეცი და მოვუყევი ჯადოსნურ წიგნზე. "ჰარი პოტერზე". წაკითხული ჰქონდა, რაკი დაბეჯითებით მითხრა: " არა, მამა, განა, ადამიანს შეგიძლია კედელში გასვლა?! ეს უდიდესი მრეხელობაა. გადააგდე ეგ წიგნი. შემპირდი."

იმის მერე ეკლესიაში აღარ მივსულვარ. ჩემს პატარა ძმას კი, მომდევნო წლების განმავლობაში, სრულად ვუყიდე მთელი პოტერიადა. კარგი ბიჭიც გაიზარდა.“ - წერს თინა მახარაძე სოციალურ ქსელში.
ბეჭდვა