26 ივნისი, 2017
"იმის მერე ეკლესიაში აღარ მივსულვარ"
მსახიობი თინა მახარაძე ჰარი პოტერის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს.

"ბავშვობაში, რუსთავის ეკლესიაში დავდიოდი გიჟივით. მამაჩემი მიტრაკებდა ხოლმე, მაგრამ ლოცვას და წირვას არ ვმაზავდი. საღმრთო ლიტურღიის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე გამოვცხადდებოდი ხოლმე, იქ მესანთლე ქალბატონ ნუნუს გავესაუბრებოდი, აქეთ სტიქაროსან ბიჭს კედებს შევუთვალიერებდი შემოსვამდე, ნახევრად დამთავრებულ ფრესკებს ჩამოვუვლიდი, ვუყურებდი, როგორ აკრავდა კიბეზე ასული ხატმწერი ოქროს ფურცლებს შარავანდედებს, სადღაც დახლქვეშა სეფისკვერს გამოვკრავდი ხელს, ვერთობოდი კარგად. აღსარების ჩასაბარებელ მერხთან მქონდა ჩემი vip ადგილი, იქ კარგი იყო დგომა.

ჩამოეყრდნობოდი მერხს, არც ფეხები გტკიოდა ისე, არც ვიღაცის ზურგს იყავი აკრული, ხალვათობა იყო. ზამთრობით ღუმელიც იქ იდგა და ბათინკებს მიშრობდა, ზაფხულში კარი იყო ღია, ნიავი მიბერავდა გადახურებულ კეფაში.

ღიღინით ვყვებოდი ხოლმე მგალობლებს, სანამ ვინმეს არ შევაწუხებდი და არ მიჯიკებდა ფერდში. სახარებაც სულ ზეპირად ვიცოდი.

როცა კითხულობდნენ, გულში წინ ვუსწრებდი ხოლმე მედავითნეს, სანამ თვითონ ენის ბორძიკით ამოიკითხავდა ბიბლიიდან. მისწორდებოდა ეს ჩემი უპირატესობა. ძველქართულად კითხვაც მეხერხებოდა და ვიყავი სრულ კმაყოფილებაში.

მოკლედ ეკლესია მევასებოდა და ჩემს მოძღვართან ყბედობაც: "მამაო, რატომ არის ქერუბიმი აღმატებით უზესთაესი უპატიოსნეს სერაფიმზე?" და ა.შ.

ერთხელაც ერთი საათით ადრე გამოვცხადდი გულამოვარდნილი და აკანკალებული ჩავუსაფრდი ჩემი მღვდლის მოსვლას, რომ ვინმე მოხუც ჟენია დეიდას არ დაესწრო ჩემამდე მივარდნა და გაუთავებელი კოცნა-ღნავილი მის ჯვართან.

ვეცი და მოვუყევი ჯადოსნურ წიგნზე. "ჰარი პოტერზე". წაკითხული ჰქონდა, რაკი დაბეჯითებით მითხრა: " არა, მამა, განა, ადამიანს შეგიძლია კედელში გასვლა?! ეს უდიდესი მრეხელობაა. გადააგდე ეგ წიგნი. შემპირდი."

იმის მერე ეკლესიაში აღარ მივსულვარ. ჩემს პატარა ძმას კი, მომდევნო წლების განმავლობაში, სრულად ვუყიდე მთელი პოტერიადა. კარგი ბიჭიც გაიზარდა.“ - წერს თინა მახარაძე სოციალურ ქსელში.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
aburjga
რაო რა თქვა, მამაჩემი რას მიშვებოდაო?! დაშოკილია ვიღაცაა!!!
23:33 / 28-06-2017
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ოოოოო,აი ნამდვილი ქრისტიანი- ჟენია დეიდას რომ არ მიესწრო მამაოსთან და კოცნა-ღნავილი არ დაეწყო, ეს მაწაკი მივარდა მამაოს... ჰარი პოტერის კითხვით კარგი ბიჭი გაიზარდა მისი ძმა...კიდევ ვერ ხვდები, ვარშალომიძის მსგავსო, როდის დაგეპატრონა ეშმაკი
20:15 / 28-06-2017
გამოხმაურება / 0 /
ანკა
ცუდია ასეთი სიბნელე რომ არის ეკლესიაში.. ვინმე განდგომილი მიიყვანონ ეკლესიაში და ანუგეშონ კიარა ვინც მისულია იმათაც გული უცრუვდებათ :(( ბავშვობიდან მოყოლებული ყოველთვის ვცდილობდი ცარიელ ეკლესიაში შევსულიყავი.. მჯეროდა რომ მხოლოდ მაშინ ესმოდა ღმერთს ჩემი ხმა.. მღვდლების შენიშვნების (რათქმაუნდა ყველას არ ვგულისხმობ) და დაზომბებული მრევლის მზერის ნერვები არ მქონდა ..
12:03 / 28-06-2017
გამოხმაურება / 0 /
კატო
საინტერესოა ჰარი პოტერს რომ ეთქვა ქრისტეს თავი დაანებეო გადააგდებდი მგ წიგნს?
11:34 / 28-06-2017
გამოხმაურება / 0 /
ნანა
რას მიედ-მოედები შე ანტიქრისტევ,ან ასეთი აგდებული საუბარი შეიძლება ღმერთზე და ეკლესიაზე,ფუ,სამარცხვინო არსება ხარ.
19:56 / 27-06-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS