18 იანვარი, 2017
ლიტერატურის მსოფლიო ლეგენდა, ჯოან როულინგი ახალი წიგნით ბრუნდება!
რობერტ გელბრეითის "გუგულის ძახილი" ქართულ ენაზე 16 იანვრიდან გამოიცემა. მართალია, ეს წიგნი გელბრეითის დებიუტია, თუმცა ბესტსელერების სიაში პირველი ადგილი გამოქვეყნებისთანავე დაიკავა. რობერტ გელბრეითის წიგნების მიხედვით, ამჟამად BBC სატელევიზიო სერიალზე მუშაობს.

გთავაზობთ მიხეილ სამხარაძის სტატიას, რომელიც მან საკუთარ ბლოგზე MINILIBRARY გამოაქვეყნა.

ეს პოსტი 2 მიზეზის გამო არის განსაკუთრებული:

"TOP თრილერების სერიას მალე მორიგი ძალიან კარგი წიგნი შეემატება. თუმცა, ეს არაა მთავარი მიზეზი.

1. პატივი გვხვდა რობერტ გელბრეითის "გუგულის ძახილი" საქართველოში გამოცემამდე ცოტა ხნით ადრე წაგვეკითხა.

2. წიგნის
ყდის ქვეშ ავტორის შესახებ მინაწერს თუ კარგად დააკვირდით, აღმოაჩენდით, რომ რობერტ გელბრეითი ჯოან როულინგის ფსევდონიმია (დიახ, ნამდვილად ისაა. დიახ, ჰარი პოტერის ავტორი. არა, არ ვცდებით).

კორმორან სტრაიქი კერძო დეტექტივია – წარსულში წარმატებული სამხედრო გამომძიებელი, რომელმაც გამომძიებლის პროფესიისათვის ოქსფორდში სწავლაც კი მიატოვა. ხანგრძლივი სამხედრო კარიერა კი მოულოდნელად ავღანეთში თავდასხმის დროს დაკარგული ტერფის გამო შეწყვიტა. მას ვალები აწუხებს, პირად ცხოვრებაში პრობლემები აქვს და ღამეს ათევს ოფისში, რომლის ქირაც უკვე რამდენიმე თვეა არ გადაუხდია.. სწორედ ამ დროს იღებს, ერთი შეხედვით, უინტერესო შეკვეთას. მასთან მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული ულამაზესი ტოპ მოდელის, ლულა ლენდრის ძმა, ჯონ ბრისტოუ მიდის. ლულა ლენდრი საკუთარი ბინის აივნიდან გადმოვარდა და სასიკვდილოდ დაიმტვრა. პოლიციის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ტოპ მოდელმა თავი მოიკლა. ეს ვერსია ყველამ დაიჯერა, ლულას ძმის გარდა.. ვალების გასასტუმრელად კორმორანი იძულებულია საქმე მიიღოს. რამდენიმე დღეში დეტექტივი კორმორან სტრაიქი მცირე უზუსტობას აღმოაჩენს სამართალდამცავთა მიერ ჩატარებულ გამოძიებაში. ძალიან მალე კი ხვდება, რომ საფრთხე უკვე სხვა ადამიანებსაც ემუქრება, მათ შორის მასაც..

თრილერების მოყვარულები აღმოაჩენენ, რომ ქორმორან სთრაიქი საკმაოდ განსხვავებული პერსონაჟია. სხვა დეტექტივი და გამომძიებელი პერსონაჟებისგან განსხვავებით, ის არ გაბეზრებს თავს თავისი გენიალური მიხვედრებით, ახირებებით. არ გტოვებს ამოუცნობი მოვლენების წინაშე. ის მშვიდად და მეთოდურად გილაგებს წინ ფაქტებს. ყველაფერს განგიმარტავს, ზოგჯერ რაღაცებს ვერ ხვდება და სხვების დახმარებით იგებს. ის არც შერლოკ ჰოლსმია, არც პუარო და არც სხვა მსგავსი გენიალური გამომძიებელი. კორმორანი ძალიან ადამიანური, ალაგ-ალაგ დაბნეული, მიზანდასახული, ნებისყოფიანი, ძლიერი და კეთილი გამომძიებელია. აუცილებლად მოიხიბლებით ამ პერსონაჟით.

ამას თან ერთვის ახალი დროებითი მდივნის, რობინ ელაკოტის გამოჩენა დეტექტივის ოფისში. ის ერთადერთი ნათელი სხივი აღმოჩნდება გამომძიებლის ისედაც ჩახლართულ და არეულ ცხოვრებაში. რობინი, გარდა იმისა, რომ ძალიან გამოსადეგი კადრია, ფარულად დეტექტივობაზე ოცნებობს და საკმაოდ დიდი წვლილი შეაქვს გამოძიებაში თავისი გონებამახვილური მიგნებებით, რითაც ხშირად სთრაიქის გაკვირვებასაც იწვევს. საერთოდაც, "გუგულის ძახილში" ყველა პერსონაჟი საკმაოდ სახასიათოა და ძალიან საინტერესო როლები აქვთ.

Rating

წიგნის დასასრული თავისთავად მოულოდნელი იყო. მხოლოდ ერთხელ, ისიც წამიერად გავიფიქრე, ვინ იქნებოდა რეალური დანაშავე და ეს ვერსია იმდენად აბსურდულად მომეჩვენა, რომ თვითონვე უარვყავი. ბოლოს კი ყბა ჩამომივარდა. მიუხედავად ამისა, გონებაში თვალი გადავავლე წაკითხულ წიგნს და მივხვდი, ყველა ფაქტი ცხვირწინ მქონდა, კორმორანმა ყველა აქცენტი დასვა, ყველაფერი გააჟღერა, ყველაფერი გვაჩვენა, ყველა საჭირო კითხვა
Aდვერტისემენტ
დასვა, მთავარი იყო, ფაქტები დამეკავშირებინა ერთმანეთთან. ასე რომ, თუ დეტექტივობანას თამაში გინდათ, შესანიშნავი შესაძლებლობა გეძლევათ გამოძიება აწარმოოთ ერთ-ერთი საუკეთესო დეტექტივის მხარდამხარ.

კლასიკური, დაძაბული და სისხლიანი თრილერებისაგან განსხვავებით, ამ წიგნის სიუჟეტი საკმაოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. წინა პლანზე წამოწეულია უკვე გამოძიებულ საქმეში ახალი ხელჩასაჭიდის ძებნა, შეუსაბამობების გამოვლენა, დროების დაზუსტება და სხვ. საკმაოდ სკურპულოზურად ხდება მთლიანი სურათის დეტალების შესწავლა. ბოლოს, როცა ამ უზარმაზარი პაზლის ყველა ნაწილი შეერთდება, ყველასთვის ნათელი ხდება ყველაფერი. პირადად მე, ასეთი ტიპის თრილერი ძალიან მომეწონა. კითხულობ და აცნობიერებ, რომ ყველა წინადადება კინოკადრად გარდაიქმნება. რაც უფრო ჩქარა კითხულობ, მით უფრო სწრაფად ბრუნავს კინოფირი და სცენები ცვლის ერთმანეთს.

მეგობრებო, ვისაც როულინგის წიგნები მოგენატრათ, შეგიძლიათ ისიამოვნოთ მისი ახალი ჟანრით. ჯოან როულინგმა კორმორან სტრაიქზე 3 წიგნი გამოსცა და უკვე ერთი სული მაქვს, შემდეგ წიგნს როდის თარგმნის პალიტრა L!"

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS