21 სექტემბერი, 2015
წონაში დაკლების შოკისმომგვრელი გზა - დიეტა გარეგნობის მიხედვით
ნებისმიერი ქალის სხეულის აღნაგობა მთლიანადაა დამოკიდებული გამომუშავებული ჰორმონების რაოდენობაზე, ნივთიერებათა ცვლასა და ფსიქიკაზე.

ქალის სხეულის აღნაგობა ძირითადად ოთხ ტიპად იყოფა - ნატიფი, ხმელ-ხმელი (ძარღვმაგარი), მადისაღმძვრელი და შემოქმედებითი. შესაბამისად, თუ იცით, რომელ ტიპს მიეკუთვნებით, შესაძლებელია პრობლემური ზონებისაგან გათავისუფლდეთ და თქვენი სხეული საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოთ.

მაშ ასე, თუ სხეული მოზარდისას მიგიგავთ (წვრილი ძვლები და ვიწრო თეძოები გაქვთ), ე.ი. ნატიფი აღნაგობის ტიპს მიეკუთვნებით. თუ წონის პრობლემას არასოდეს შეუწუხებიხართ და არც ცელულიტი აღგენიშნებათ, მაშინ ეს მართლაც თქვენი ტიპია. ასეთი
ქალები საკმაოდ დიდხანს ინარჩუნებენ მოხდენილ ფიგურას, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ მაინც სუქდებიან.
იმისათვის, რომ მომავალში ამ პრობლემამ თავი არ იჩინოს, თქვენს რაციონს გადახედეთ. მიიღეთ დიდი რაოდენობით ცილა (ბურღულეული, ხორცეული, თევზეული, კვერცხი) და ნაკლებად გაანებივრეთ თავი ნახშირწყლებით (პური, მაკარონი). შეზღუდულად მიიღეთ რძე, ტკბილეული, გაზიანი სასმელები, პურ-ფუნთუშეული. ამასთან, დღიური ულუფის დიდი ნაწილი საუზმეზე უნდა მიირთვათ, სადილი კი ერთობ მსუბუქი უნდა იყოს. სპორტით სერიოზულად გატაცება საჭირო არ არის, მაგრამ დროდადრო წავარჯიშება არ გაწყენთ.

თუ თქვენი სხეულის ზედა ნაწილი (ფართო მხრები, ლამაზი მკერდი, ქვედაზე (ვიწრო თეძოები, ძლიერი ფეხები) დიდია, ე.ი. თქვენ ძარღვმაგარ ტიპს მიეკუთვნებით, მით უფრო, თუ ცელულიტი არ გაწუხებთ, მაგრამ მკერდისა და მუცლის არეში ცხიმის ჩალაგებისკენ ხართ მიდრეკილი და თქვენი სხეული ათლეტურს წააგავს.

იმისათვის, რომ პრობლემურმა ადგილებმა თავი არ შეგახსენოთ, დიეტის დაცვას გირჩევთ. შეეცადეთ, შეზღუდოთ მწარე, მარილიანი საკვები, ხორცეული და ალკოჰოლი, ასევე სოუსები, ნაღების კარაქი და შოკოლადი. თქვენს რაციონში დიდი რაოდენობით უნდა იყოს ხილი (განსაკუთრებით ნესვი) და ბოსტნეული. ჯობს, ვეგეტარიანული დიეტა დაიცვათ. რაც შეეხება ფიზიკურ ვარჯიშებს, თუ უკვე დადიხართ აერობიკაზე ან დარბიხართ, ეს საქმიანობა განაგრძეთ. თუ ჯერ კიდევ არ დაგიწყიათ, დაფიქრდით, რომელ სპორტს არჩევთ. უმჯობესი იქნება, ცურვის წრეში ჩაეწეროთ.

მადისაღმძვრელი - ეს ქალის სხეულის კლასიკური აღნაგობაა ვიწრო მხრებითა და ფართო, ცოტა ჩათქვირული თეძოებით. ასეთი ტიპის სხეულის მქონე მანდილოსნები, როგორც უნდა ეცადონ, სხეულის ზედა ნაწილში არ სუქდებიან, სამაგიეროდ, ძალიან იოლად იმატებენ მუცელსა და თეძოებზე. მიუხედავად იმისა, რომ მადისმომგვრელი ქალები ყოველთვის ხელოვანთა შთაგონების წყარონი იყვნენ, მაინც უნდა ეცადონ, უარი თქვან ტკბილეულზე, პურფუნთუშეულზე, მაკარონზე, კარაქზე, ნაღებზე, სუოსებსა და შოკოლადზე. მათ ნაცვლად რაციონში ბოსტნეული, განსაკუთრებით კომბოსტო და ხილი უნდა შედიოდეს.

თუ არ იცით, რომელ ვარჯიშებს მიანიჭოთ უპირატესობა, ისეთები აირჩიეთ, რომლებიც ორგანიზმის გამძლეობას ამაღლებს. თუ ატყობთ, რომ ეს არ გშველით და 1-3 კგ მაინც ზედმეტი გაქვთ, მაშინ ხელში ჰანტელები დაიკავეთ და ისე ივარჯიშეთ. იმასაც თუ გაითვალისწინებთ, რომ ამ ტიპის ქალები, როგორც წესი, ტოროლები არიან, ვარჯიშისათვის დღის პირველი ნახევარი საუკეთესო დროა.
შემოქმედებითი ტიპი ისაა, რასაც 90X60X90-ს უწოდებენ. ასეთი იდეალური პროპორციების ქალების შეიძლება შეგვშურდეს კიდეც, მაგრამ ამ ქალბატონებს ასაკის მატებასთან ერთად პრობლემური ზონები მაინც ახსენებთ თავს - მუცელსა და თეძოებზე ცხიმის დაგროვება ეწყებათ. ამასთან, კიდურები ისეთი ნატიფი რჩებათ, როგორც ახალგაზრდობაში ჰქონდათ.

როგორ უნდა შეინარჩუნოთ დიდი ხნით იდეალური სხეული? ისევ და ისევ აქცენტი სწორ კვებაზე უნდა გადაიტანოთ. შემოქმედებითი ტიპის ქალებმა რაციონში სპეციალურად უნდა ჩართონ გაუცხიმოებული რძის პროდუქტები და ნაზი ცხოველური ცილები (ქათმის ხორცი, თევზეული, კვერცხი, თეთრი ხორცი). დასაშვებია თხილეული და, რაც მთავარია, დიდი რაოდენობით მწვანე ბოსტნეული და მწვანილი.

ამ ტიპის ქალბატონებისათვის სპორტის სახეობებიდან საუკეთესოა აერობიკა და ცეკვა. ამასთან, ამ საქმიანობით ისინი დღის მეორე ნახევარში უნდა დაკავდნენ. თუ ზემოთ ნათქვამს გაითვალისწინებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე იცით, როგორ `მოატყუოთ~ ბუნება თქვენ სასარგებლოდ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS