21 ნოემბერი, 2014
ზამთრის ნიღბები იდეალური კანისთვის – როგორ ვუშველოთ აქერცლილ კანს
მშრალი, აქერცვლადი კანი, რომელიც შეწითლებულია და ალერგიისკენაა მიდრეკილი, ყველაზე ხშირად A ვიტამინის დეფიციტზე მიუთითებს. სტაფილო დიდი რაოდენობით კაროტინსა და უჯრედისს შეიცავს, რომლებიც ხელს უწყობს კანის ჯანმრთელობის სტაბილიზაციას, ასწორებს მის სტრუქტურას და აჯანსაღებს ფერს.

A ვიტამინის სიჭარბე, თავის მხრივ, კანის სიყვითლეს იწვევს. ამდენად, ოპტიმალური ვარიანტია, დღეში მხოლოდ ერთი საშუალო ზომის სტაფილო მიირთვათ. ჯობს, ის სადილის ან ვახშმის წინ ჭამოთ, თანაც სალათის სახით და ზეითუნის ზეთით შეაზავოთ.

პრობლემური კანისათვის

ერთი ჩაის კოვზი ყვითელგულას ნაყენი გახსენით ერთ ჭიქა
ადუღებულ წყალში. დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი და კარგად აურიეთ. გამოიყენეთ ფერისმჭამელების დროს.
ორი სუფრის კოვზი თაფლი გახსენით 50 მლ გვირილის ნაყენში. გამოიყენეთ გამწმენდი ნიღბის სახით კანზე ანთებითი პროცესებისა და ფერისმჭამელების დროს. ნიღაბი კვირაში ერთხელ გაიკეთეთ. ოცი წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

მშრალი კანისათვის

30 გრ ხორბლის ფქვილი, 50 გრ თაფლი და 20 გრ წყალი ერთმანეთში კარგად აურიეთ. მარლის ტამპონით სახეზე დაიდეთ. 15-20 წუთის შემდეგ ოთახის ტემპერატურის წყლით ჩამოიბანეთ.

ცხიმიანი კანისათვის

ერთი კვერცხის ცილა ათქვიფეთ, დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი, ერთი ჩაის კოვზი რძე, ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. მარლის ტამპონით სახეზე წაისვით და 20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

შავი პურის გული 30 მლ ცხელ რძეში დაალბეთ, დასრისეთ, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი და ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. სახის მშრალ ადგილებზე მკვებავი კრემი წაისვით და შემდეგ მთელ სახეზე ნიღაბი დაიდეთ. 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

მათეთრებელი ნიღაბი

ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი, ერთი ჩაის კოვზი ახალი ხაჭო და ერთი ჩაის კოვზი კეფირი (ან რძე) ერთმანეთში აურიეთ. კარგად დასრისეთ. სახეზე 30-40 წუთი გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი კარგია მოდუნებული, დანაოჭებული, მშრალი და მოყვითალო ფერის კანისათვის.

სამი ჩაის კოვზი ხაჭო ერთ ჩაის კოვზ თაფლში აურიეთ და სახეზე დაიდეთ. 20-25 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი ათეთრებს და კვებავს კანს.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS