20 ნოემბერი, 2014
შემოდგომის 5 საუკეთესო დიეტა
ზღვის სეზონი დიდი ხანია დასრულდა, მაგრამ ცურვის მოყვარულებს აუზები ელოდებათ. ასეც რომ არ იყოს, წონის პრობლემებს ქალბატონები ზამთარ-ზაფხულ ერთნაირად ებრძვიან. ეს პროცესი დამთრგუნველი და მტანჯველი რომ არ იყოს, შემოდგომის ხუთ საუკეთესო დიეტას შემოგთავაზებთ.

1. ნოყიერი

მიუხედავად სიმსუქნისა, ბევრს უჭირს ჭამისგან თავის შეკავება და ხელი ყოველთვის სასუსნავისკენ გაურბის. ეს დიეტა სწორედ ამგვარი ადამიანებისთვისაა განკუთვნილი.

საუზმე
საზამთროს დიდი ნაჭერი, 50 გრამი ყველი, მოზრდილი პომიდორი, ერთი ჭიქა იოგურტი. სურვილისამბერ შეგიძლიათ იოგურტი ძმრიანი წყლით შეცვალოთ, 2 ჩაის კოვზი ვაშლის
ძმარი ერთ ჭიქა წყალში გააზავეთ და დალიეთ. ძმრიანი წყალი ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს.

სადილი
2 ნაჭერი დაცეხვილი პური, ხილ-ბოსტნეულის სალათი, 50 გრამი მოხარშული მჭლე ხორცი, ორი პომიდორი, ერთი მოზრდილი ქლიავი.

ვახშამი

100 გრამი ღვიძლის ან მჭლე საქონლის ხორცის, ერთი ცალი პომიდვრისა და 50 გრამი სოკოს ბულიონი, 75 გრამი კარტოფილის პიურე. ერთი ვაშლი.

ალკოჰოლი
250 მილიგრამი ღია ლუდი ან ერთი მცირე ბოკალი მშრალი ღვინო. სხვათა შორის, ჭამისას მიღებული ღვინო აფერხებს სისხლში ნახშირწყლების მიწოდებას, ანელებს ცილების მონელებას, რაც საერთო ჯამში აქვეითებს მადას.

ცივი საუზმე (არჩევით)
ფუნთუშა და სარდელი, ერთი ბანანი, ორი ნაჭერი ყველი.


2. მკაცრი

ეს საკმაოდ რთული დიეტაა, ეგრეთ წოდებულ ექსპრეს-დიეტებს განეკუთვნება და 4 დღეზეა გათვლილი. ხანმოკლეობის მიუხედავად, დიდ ნებისყოფას მოითხოვს.

ძირითადი კერძი
გახეხეთ ან დაკეპეთ ერთი სტაფილო, დაამატეთ 1 ლიმონის წვენი, 1 სუფრის კოვზი თაფლი და ერთი წვრილად დაჭრილი საშუალო ზომის ნებისმიერი ხილი. მიღებული ნაზავი მიიღეთ საუზმის, სადილისა და ვახშმის ნაცვლად სამი დღის განმავლობაში. მეოთხე დღეს შეგიძლიათ 100 გრამი შემწვარი კარტოფილი და ერთი ნაჭერი პური დაამატოთ.
მეხუთე დღიდან ჩვეულ რაციონს დაუბრუნდით.

სასმელები
მხოლოდ წყალი

3. ებრაული დიეტა

ეს დიეტა 2-3 კილოგრამის მოცილებაში დაგეხმარებათ. მისი მთავარი პრინციპია: არ გამორიცხოთ ჩვეული რაციონიდან რომელიმე პროდუქტი და არ შეცვალოთ ისინი სხვა პროდუქტებით. ამის ნაცვლად ებრაელი დიეტოლოგები სწორად კვებას გვირჩევენ.
წყურვილის მოკვლა მხოლოდ ანადუღარი ან გაფილტრული წყლით შეიძლება.
დილით უზმოზე ცოტა ზეითუნის ზეთი მიიღეთ - ერთი ჩაის ან სუფრის კოვზი. 15 წუთის შემდეგ ერთი ჭიქა იოგურტი ან მაწონი დააყოლეთ.

პირველი საუზმე
ნებისმიერი ბოსტნეულის სალათი, ერთი ულუფა შვრიის ან წიწიბურას ფაფა, ცოტაოდენი მოხარშული ბარდა ან სიმინდი.
დღეგამოშვებით საუზმეზე შეგიძლიათ თოხლოდ მოხარშული ერთი კვერცხი მიირთვათ. საუზმე მწვანე ან შავი ჩაით დაასრულეთ.

მეორე საუზმე
200-300 გრამი მომჟავო ხილი.

სადილი
უმი ან მოხარშული ბოსტნეულის სალათი - მაგალითად, ვინეგრეტი. ბოსტნეულის წვნიანი ან ბორშჩი. მოხარშული ან ორთქლზე მომზადებული ხორცის პატარა ნაჭერი, შეგიძლიათ იმავე მეთოდით მომზადებული თევზი მიირთვათ, ერთი ნაჭერი შავი პური.
დესერტი - შემწვარი ვაშლი.

სამხარი
300 გრამი მომჟავო ხილი.

ვახშამი

ერთი ჭიქა იოგურტი ან მაწონი, ხილის სალათი. კარგია, თუ ლეღვს, შავ ქლიავსა და კაკალს ბლენდერში აურევთ, ასეთი ნაზავი ხელს უწყობს ნაწლავების მოქმედებას. შეგიძლიათ ჩაი ან წყალი დალიოთ.

4. შემოდგომის ნობათი

საუზმე
''შემოდგომის სალათი''
200 გრამი სტაფილო, 200 გრამი ვაშლი და 50 გრამი პირშუშხა წვრილად დაჭერით, მოაყარეთ მარილი, ცოტაოდენი შაქარი, მოასხით 80 გრამი არაჟანი და აურიეთ. საუზმეს სტაფილოს წვენი დააყოლეთ.

სტაფილოს წვენი

სტაფილო გახეხეთ, დაასხით გაგრილებული ანადუღარი წყალი და 2-3 საათით გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ, დაუმატეთ ვაშლის ან გოგრის წვენი და ცოტაოდენი შაქარი.

სადილი

გოგრის წვნიანი
ნახევარრკალად დაჭრილი ხახვი ზეთში მოხრაკეთ, დაამატეთ გოგრის ნაჭრები, ცოტაოდენი წყალი, მარილი გემოვნებით. მოშუშეთ, შეკაზმეთ ზეთში მოშუშული პურის ფქვილით, დაამატეთ საჭირო რაოდენობის წყალი და ადუღეთ, სანამ ოდნავ არ შესქელდება. იმავე პრინციპით შეგიძლიათ მოამზადოთ სტაფილოს ან ყვავილოვანი კომბოსტოს წვნიანი.

თევზი წითელ წიწაკასთან ერთად
გასუფთავებული თევზი დაჭერით და მარილი და წიწაკა წაუსვით. ქვაბში ცოტაოდენი ზეთი ჩაასხით, ჩაყარეთ დაჭრილი სტაფილო, მოაყარეთ მარილი, ზემოდან კი თევზი დაალაგეთ. მოასხით არაჟანი და 15 წუთით ჰაერღუმელში შედგით. შემდეგ თევზს ისევ მოაყარეთ ხახვი, ცოტაოდენი არაჟანი და 10 წუთით კვლავ ჰაერღუმელში შედგით. მომზადებულ კერძს მწვანილი მოაყარეთ.

სამხარი

ჭარხლის წვენი მაწვნით
2 სუფრის კოვზი ჭარხლის წვენი, ერთი ჭიქა მაწონი, 1 სუფრის კოვზი შინდისა და ნახევარი ლიმონის წვენი.

ვაშლის მუსი

400 გრამი ვაშლი და ერთი ლიმონის კანი 2 ჭიქა წყალში მოხარშეთ, შემდეგ დააქუცმაცეთ, დაამატეთ 80 გრამი თაფლი, 60 გრამი მანანის ბურღული, მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ გადმოიღეთ ჯამზე და ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. გააგრილეთ და მსუბუქ ხილთან ერთად მიირთვით.

ვახშამი

გოგრის ფაფა
ქვაბში მცირეოდენი ზეთი ჩაასხით, ჩაყარეთ 0,5 ჭიქა წინასწარ დამბალი და ზეთში მოხალული ბრინჯი. ზემოდან დააწყვეთ წვრილად დაჭრილი 500 გრამი გოგრა, მოასხით 4 სუფრის კოვზი ზეთი, მოაყარეთ მარილი გემოვნებით, დაასხით ერთი ჭიქა წყალი, ცოტაოდენი შაქარი და კარგად თავდახურული ადუღეთ დაბალ ცეცხლზე. მოხარშულ ფაფას მოასხით ცოტაოდენი ზეთი და მიირთვით კომპოტთან ან მურაბასთან ერთად.

5. კეტრინ ზეტა-ჯონსის დიეტა

ცნობილი მსახიობი დიდი ხანია მოხდენილ გარეგნობას წვნიანის დიეტით ინარჩუნებს.

საუზმე

ჩამოთვლილთაგან სურვილისამებრ შეგიძლიათ შეარჩიოთ ერთ-ერთი: 100 გრამი უცხიმო ხაჭო, ერთი ჭიქა იოგურტი, ბოსტნეულის სალათი, მაგრად მოხარშული კვერცხი, 100 გრამი დაკონსერვებული სიმინდი, 50 გრამი მოხარშული ძეხვი.
საუზმეს შეგიძლიათ ხილი, ერთი ნაჭერი დაცეხვილი პური, უშაქრო ყავა ან ჩაი დააყოლოთ.

სადილი და ვახშამი
უნდა მიირთვათ მხოლოდ წვნიანები.
წვნიანები შეგიძლიათ საკუთარი რეცეპტებით მოამზადოთ, მაგრამ ჩვენ კეტრინ ზეტა-ჯონსის საყვარელ წითელი თევზის წვნიანის რეცეპტს შემოგთავაზებთ.

ინგრედიენტები 2 ულუფისთვის:

250 გრამი წითელი თევზი (უმჯობესია ორაგული), 2 კარტოფილი, მარილი, წიწაკა გემოვნებით, 15 გრამი კარაქი ან მარგარინი, რამდენიმე ფურცელი მწვანე ხახვი, 3 პომიდორი, 50 მილიგრამი ნაღები, 2 სუფრის კოვზი დაჭრილი კამა.

მომზადების წესი:

გათლილი კარტოფილი მომცრო კუბიკებად დაჭერით, მოხარშეთ მარილიან წყალში, შემდეგ წყალი გადაწურეთ. მოზრდილ ქვაბში ზეთში მოხრაკეთ დაჭრილი მწვანე ხახვი და დაამატეთ ასევე კანისგან გასუფთავებული და კუბიკებად დაჭრილი პომიდორი. დაამატეთ ნაღები და ჩაასხით 300 მილიგრამი წყალი. მოაყარეთ მარილი და წიწაკა და მიიყვანეთ ადუღებამდე. ძვლებგამოცლილი თევზი კუბიკებად დაჭერით და კარტოფილთან ერთად მოათავსეთ ქვაბში, დაელოდეთ სანამ ყველაფერი ერთად წამოდუღდება და როცა თევზიც მოიხარშება, წვნიანს კამაც მოაყარეთ.

გახსოვდეთ, რასაც უნდა მიირთმევდეთ, საკვები აუცილებლად უნდა განიჭებდეთ სიამოვნებას. ის, ვინც დიდხანს და აუჩქარებლად ღეჭავს საკვებს, ნაკლებს მიირთმევს და შესაბამისად, ნაკლებ კალორიებს იღებს.

კესო ლაღიძე
ბეჭდვა