13 მარტი, 2020
როგორ გავუმკლავდეთ კორონავირუსს: ზურაბ ჭიაბერაშვილი სამ ძირითად პუნქტს აქვეყნებს
ზურაბ ჭიაბერაშვილი, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას კორონავირუსთან ბრძოლის სამ ძირითად პუნქტს უზიარებს. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობაა, ამიტომ ქვეყნის ბიუჯეტი რადიკალურად უნდა გადალაგდეს, რომ უმუშევარმაც და შედარებით შეძლებულმაც ამ ყველაფერს გაუძლოს.



“კორონავირუსთან გასამკლავებლად საჭიროა:


1. არ გადავტვირთოთ ჰოსპიტალური სექტორი. ამისათვის საჭიროა, ოჯახის ექიმებს ჰქონდეთ მკაფიო ინსტრუქცია, საჯაროდ გამოქვეყნებული და ახსნილი, რომელ პაციენტებს აგზავნიან შესაბამის ცენტრებში (ინფექციური, რესპუბლიკური) დიაგნოსტიკაზე.

როცა იმატებს შემთხვევები, რას ვაკეთებთ? ყველას ვაწვენთ საავადმყოფოში, თუ მხოლოდ მძიმე
შემთხვევებს? როგორ ვმართავთ მსუბუქ შემთხვევებს?

ვიმეორებ: საჭიროა ყველა დონეზე მკაფიო ინსტრუქცია, რომ ჰოსპიტალური სექტორი ისე არ გადაგვეტვირთოს, რომ მერე მძიმე შემთხვევების მართვაზე რესურსი არ გვეყოს.

2. ფიზიკური კონტაქტის აუცილებელ მინიმუმამდე დაყვანა

– გასვლა მხოლოდ სურსათზე და აფთიაქში;
– მხოლოდ აუცილებელი სამსახურები (ექიმები, ექთნები, სოციალური სამსახურები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ა.შ.);
– დანარჩენი სამსახურების დისტანციურ (სახლიდან) მუშაობაზე გადაყვანა, რამდენადაც ეს შესაძლებელია სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე. სადაც ეს ვერ ხერხდება, დეზიფენქციისა და თავდაცვის მაქსიმალური ზომები;
– საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყოველდღიური დეზინფექცია მერიის სამსახურების მიერ;

თხოვნა ტელევიზიებს: რესპოდენტები ჩართეთ ფეისბუქის, სკაიპის და ა.შ. საშუალებით.

3. ფინანსები. პირველი და მეორე პუნქტის ღონისძიებებს სჭირდება ფული, კერძოდ,

– დამატებითი სახსრები ჰოსპიტალურ სექტორს;
– დამატებითი სახსრები აუცილებელ სამსახურებში მუდმივ დეზინფექციას;
– სადაგასახადო შეღავათი ბიზნესს, რომ ადვილად გადაიტანონ ეს ვარდნა შემოსავლებში (“ევროპულმა საქართველომ” წინადადება წარვუდგინეთ მთავრობას);



ამ სამი პუნქტის შესასრულებლად ყველაზე სერიოზული პრობლემაა ქვეყნისა და მისი მოქალაქეების სიღარიბე.

სახლში ადვილად დაჯდება და მომდევნო რამდენიმე თვე თავს გაიტანს გერმანელი, რომელსაც შემნახველ ანგარიშზე საშუალოდ რამდენიმე ათეული ათასი ევრო აქვს.

ათასობით ქართველი ყოველდღიურად გარეთ გამოდის იმ და მაქსიმუმ მეორე დღის სარჩენი ფულის საშოვნელად. მათთვის სახლში დაჯდომა შიმშილს ნიშნავს.

ამიტომ ვეუბნებოდით “ქართულ ოცნებას” ამდენი ხანია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილების შექმნა, დასაქმება, შემოსავლების ზრდა უნდა იყოს პრიორიტეტი.

ჩვენ 8 წელი უბრალოდ დავკარგეთ ამ მთავრობის ხელში და მოუმზადებლები ვხვდებით ამ საგანგებო მდგომარეობას, როდესაც მთელ მსოფლიოში ყველას თავისი გასჭირვებია და ყველამ საკუთარ თავს უნდა მიხედოს.

სახელმწიფო ბიუჯეტს სჭირდება რადიკალური გადალაგება, რომ ქვეყანამ – დასაქმებულმაც და დამსაქმებელმაც, უმუშევარმაც და შედარებით შეძლებულმაც – ამ ყველაფერს გაუძლოს”, – წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS