24 თებერვალი, 2017
წესრიგში გაქვთ თუ არა გულ-სისხლძარღვთა სისტემა - შეამოწმეთ საკუთარი თავი
არსებობს რამდენიმე მარტივი ტესტი, რომელთა დახმარებითაც შეგიძლიათ გაარკვიოთ, წესრიგში გაქვთ თუ არა გულ-სისხლძარღვთა სისტემა

ჩაჯდომა-ადგომები
დადექით სწორად, ფეხები ერთმანეთს მიადგით. დაითვალეთ პულსი. შემდეგ ხელები წინ გამოსწიეთ, ზურგი სწორად გეჭიროთ და ოცი ჩაჯდომა გააკეთეთ. ამ ვარჯიშის დროს ასაკოვან და არანავარჯიშევ ადამიანებს შეუძლიათ, ხელები სკამის ზურგზე დააწყონ. ვარჯიშის შემდეგ პულსი კვლავ დაითვალეთ. თუ ის საწყისზე 25%-ზე ნაკლებად გაიზარდა, მაშინ თქვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემა იდეალურ მდგომარეობაშია, თუ 25-50%-ით _ კარგად მუშაობს, ხოლო თუ ზრდა 75%-ზე მეტია, მაშინ შედეგი არადამაკმაყოფილებელია.

კიბეები
თანაბარი, საშუალო ტემპით მეოთხე სართულზე ფეხით ისე ადით, რომ არ შეისვენოთ. თუ ამ პროცედურის შემდეგ თავისუფლად სუნთქავთ, დისკომფორტს არ განიცდით, პულსი წუთში 100-120 დარტყმაზე ნაკლებია, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ გული წესრიგში გაქვთ.

თუ აქოშინდით, პულსი 120-140 დარტყმაა წუთში, მაშინ დაფიქრება გმართებთ, თქვენს გულ-სისხლძარღვთა სისტემას რაღაც უჭირს.

თუ ქოშინთან ერთად სისუსტეს, საშინელ დაღლილობას გრძნობთ ან საერთოდ ვერ ახვედით მე-4 სართულამდე, გულის პულსი კი 140 დარტყმაზე მეტია წუთში, სასწრაფოდ კარდიოლოგს მიმართეთ. გულსა და სასუნთქ სისტემას სერიოზული მიხედვა სჭირდება!

წონა და სიმაღლე
დადექით სასწორზე და თქვენი წონა განსაზღვრეთ, შემდეგ სანტიმეტრით სიმაღლე დააფიქსირეთ. ყველაზე პრიმიტიული, მაგრამ საკმაოდ ზუსტი ფორმულით ნორმალური წონა უნდა გქონდეთ სიმაღლეს გამოკლებული ასი. მაგალითად, თუ სიმაღლე 170 სმ გაქვთ, მაშინ 170-100|_70 კგ. თუ თქვენ შემთხვევაში მიღებული რიცხვი ნორმალური წონის ფარგლებშია (პლუს-მინუს 2 კილოგრამი), ესე იგი ყველაფერი წესრიგშია.

თუ თქვენი წონა ნორმაზე 10 კილოგრამით მეტია, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე სერიოზულ საფრთხეს უქმნით.
პრობლემის მოგვარება ვარჯიშით და დიეტით შეგიძლიათ, რაც ნორმალური წონისა და ჯანმრთელი გულის საწინდარია.

რისკფაქტორი

ამ ტესტის საშუალებით გაარკვევთ, გემუქრებათ თუ არა უახლოეს მომავალში გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.
ქვემოთ მოცემული კითხვებიდან ისინი შემოხაზეთ, რომლებზეც დადებითი პასუხი გაეცით.

1. ხშირად გიპყრობთ კამათის დაუოკებელი სურვილი?

2. ადვილად ბრაზდებით და ღიზიანდებით?

3. მათ, ვინც თქვენს აზრს არ იზიარებს, აგრესიულად ექცევით?

4. იტანთ რიგში დგომას და ლოდინს?

5. ხმამაღლა ლაპარაკი გახასიათებთ?

6. ხშირად ხდება, რომ თანამოსაუბრეს სიტყვას არა მარტო აწყვეტინებთ, არამედ მის აზრსაც ამთავრებთ?

7. ეწევით?

თუ კითხვების ნახევარს ან მეტს დადებითი პასუხი გაეცით, თქვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემა რისკის ქვეშაა.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS