01 აგვისტო, 2018
მღეროდა თუ არა თიკა ჯამბურია ჰომოსექსუალურ სიყვარულზე
მანუფაქტურებში ხელოსნებს სოფლიდან პატარა ბიჭები ჩამოჰყავდათ და მათთან პედოფილიური ურთიერთობები ჰქონდათო. 22 მაისს დათო აქუბარდიას გადაცემაში სტუმრად პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ჰყავდა. სოციალურ ქსელში ამ გადაცემის ის მონაკვეთი გავრცელდა, სადაც წამყვანი სიმღერა ''ჯეირანს'' განიხილავდა. ეს ვიდეო საღამოს ჰიტად იქცა და ლამის ვანო მერაბიშვილის დაკავების თემა გადაფარა.

დავით აქუბარდია ამტკიცებდა, რომ ჰომოსექსუალების თემა საქართველოში ოდითგანვე არსებობდა. ამის საბუთად მოიყვანა ძველი სიმღერა ''პატარა ბიჭი დამეკარგა, წითელპერანგა'', რომელიც, როგორც თავად დიდი ბოდიშის მოხდით თქვა, აშკარად ჰომოსექსუალისტურია. - მერე მიხვდნენ,
რომ ეს აშკარად ჰომოსექსუალისტური სიმღერა იყო, ტექსტი შეცვალეს და დაკარგულ გოგოზე მღეროდნენო, - ამტკიცებდა დათო აქუბარდია და თავისი მოსაზრებაც ახსნა, - მანუფაქტურებში ხელოსნებს სოფლიდან პატარა ბიჭები ჩამოჰყავდათ და მათთან პედოფილიური ურთიერთობები ჰქონდათო. მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთი გაუკუღმართებული ურთიერთობის ამსახველი იყო სევდიანი სიმღერა, ''ჯეირანი''.

სოსო ცინცაძე ძალიან გააბრაზა დათო აქუბარდიას მოსაზრებებმა და სტუდიაში დიდი პოლემიკა გაიმართა. სოციალურ ქსელში კი ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ ყველას თიკა ჯამბურიას ახსენებდა, რომელის შესრულებული ''ჯეირანიც'' წლების წინ ძალიან პოპულარული იყო. თავად თიკაც წერდა ''ფეისბუქზე'', იმდენი ვიმღერე, პატარა ბიჭი დამეკარგა, მგონი თავი დავიწყევლეო. მეგობრები თიკას ახლა უკვე დიდ ბიჭზე სიმღერას ურჩევდნენ. ბევრიც დავით აქუბარდიას აკრიტიკებდა. ამბობდნენ, როგორ შეიძლება, ამ სიმღერაში ჰომოსექსუალების სიყვარული დაინახოო.

სოციალურ ქსელში ატეხილი პოლემიკის გამო კომენტარისთვის თიკა ჯამბურიას დავუკავშირდით.



- თიკა, ''ჯეირანზე'' დათო აქუბარდიას შეხედულებებთან დაკავშირებით რა აზრის ხარ?

- ვერაფერს ვიტყვი, ყველას თავისი აზრი აქვს.

- სიმღერის ისტორია, ალბათ იცი...
- ვიცი, რომ ძალიან ძველი ქალაქური სიმღერაა, რომელსაც კინტოები მღეროდნენ. სიმღერის ავტორი ცნობილი არაა. ნამდვილად ვერ გეტყვით, კინტოები ერთმანეთს უმღეროდნენ, თუ ვინმე სხვას. ვიცი, რომ ''ჯეირანს'' ბევრი ადამიანი მღეროდა. კინტოები ამ სიმღერას გოგოზე მღეროდნენ. მოგვიანებით ბიჭზეც მღეროდნენ. ორივე ვარიანტი ძველია. ''ფეისბუქზე'' ყველა მეგობარი მთაგავდა ვიდეოზე, სადაც აქუბარდია ''ჯეირანზე'' ლაპარაკობდა. იმ საღამოს ეს სახუმარო თემა გახდა. მეუბნებოდნენ, აი, თურმე რაზე მღეროდიო და ბევრი იცინოდა.

ალბათ რთული იქნება იმის დადგენა, მართალს ამბობს თუ არა დათო აქუბარდია. როგორც თავად ამტკიცებს, მის აზრს პოეტი გოგლა ლეონიძეც იზიარებდა. თუმცა ყველაფერი თუ მართლაც ასეა და კინტოები ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში მამაკაცების სიყვარულზე მღეროდნენ, ''ნატოში'' ჩვენს შესვლას, წესით, ჰომოფობიასთან ბრძოლის კადრებმა ხელი ვერ უნდა შეუშალოს.


იხილეთ ვიდეო:

მერი კობიაშვილი

სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


ბეჭდვა