17 იანვარი, 2016
„ცოლი სამსახურში გავუშვი, ის კი საყვარელს ცოლად გაჰყვა - ქალზე ხელი ავწიე და არ მრცხვენია“
გთავაზობთ რედაქციაში მოსულ მორიგ წერილს. წერილის ავტორი 35 წლის კახა რამდენიმე წლის წინ იმერეთში მომხდარ ამბავს გულახდილად გვიყვება:

ირინა შეძლებული ოჯახის შვილი იყო. მშობლები ბავშვობიდან ათამამებდნენ და საბოლოოდ განებივრებულ ქალად ჩამოყალიბდა. უჭკუო არ იყო, ამიტომ ადამიანებით მანიპულირება კარგად ეხერხებოდა. მისი უარყოფითი თვისებები შეყვარებულობის პერიოდში გამომჟღავნდა, მაგრამ მიმაჩნდა, რომ სრულყოფილი ადამიანები არ არსებობენ. მინუსების გამო ქალთან დაშორება სისულელედ მიმაჩნდა. პერიოდულად მეც ვიყავი აუტანელი, დაოჯახებამდე ზერელე მსმენელიც. ხანდახან ირინა თავის წარსულზე მიყვებოდა, მე კი სხვაგან დავფრინავდი. მეგობრებთან
ერთად დიდ დროს ვატარებდი, ეს კი მარტო ირინას კი არა ყველა შეყვარებულ ქალს აღიზიანებს.

დაოჯახებამ დამაღვინა. დღეს ორი შვილი გვყავს. ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ კარგი მამა ვარ და ოჯახსაც ღირსეულად ვუძღვებოდი. არასდროს დამჭირვებია ირინას ფულიანი მშობლების დახმარება.

იმ დროს ჩემი ცოლი ბანკში მუშაობდა. როგორც ჩვეულებრივ, დილას ადგა, თავი მოიწესრიგა, ბავშვებს საჭმელი აჭამა და სამსახურში წავიდა. მთელი დღე არ შევხმიანებივარ. სამსახურში არასდროს ვურეკავდი, გაფრთხილებული მყავდა, როცა შესვენებაზე გახვალ თავად დამიკავშირდი- მეთქი. მოსაღამოვდა. მანქანაში ვიჯექი და შინ ვბრუნდებოდი, როცა ჩემმა ნათესავმა ხათუნამ დამირეკა და მკითხა:

- შენ და ირინა დაშორდით?

- არა, რას ამბობ. კარგად ვართ. ვინმემ იჭორავა ჩვენზე?

- კახა, არ ვიცი როგორ გითხრა... ახლა ჩემი ქმრის კოლეგის ქორწილში ვარ და პატარძალი შენი ცოლია.

თავიდან მეგონა ხუმრობდა, ჯერ გავიცინე, მერე ვუსაყვედურე ასე აღარასდროს მოიქცე- მეთქი. მაგრამ ერთი და იგივე შინაარსის ტექსტი სხვადასხვა სიტყვებით კიდევ რამდენჯერმე რომ გამიმეორა, რესტორნის სახელი ვკითხე და მანქანა მივაბრუნე. გზაში კინაღამ ავარიაში მოვყევი.

ფეხები მომეკვეთა და თავი ძლივს შევიკავე, რომ არ დავცემულიყავი, როცა ჩემი ცოლი ვიღაც კაცთან ერთად დავიანხე. თეთრი, ელეგანტური კაბა ეცვა, არც ძალიან პომპეზური, არც - უბრალო.

იმ კაცს ირინასთვის ხელი ჰქონდა გადახვეული და რაღაცას ეჩურჩულებოდა. ფანჯარას მოვშორდი და ცოფიანივით შევვარდი დარბაზში. 

ცოლს საგულდაგულოდ გაკეთებულ ვარცხნილობაში ხელი ჩავავლე და თმის თრევით გავიყვანე შენობიდან. თან ვყვიროდი, აბა, ერთი რომელიმემ მოკარება სცადოთ- მეთქი. მანქანაში ჩავსვი. ქალაქგარეთ გავედით. ავტომობილს გიჟივით ვატარებდი. მთელი გზა ხმა არ ამოუღია. მე ვყივროდი, ვიგინებოდი, მილიონ შეკითვას ვუსვამდი და სიტყვიერ შეურაცხყოფას ვაყენებდი.

უეცრად მანქანა მკვეთრად დავამუხრუჭე. არ მომკლაო იკივლა. მართლა ძალიან მინდოდა მისი მოკვლა, მაგრამ ჩვენი შვილები დამიდგნენ თვალწინ და ამის ნაცვლად ცრემლები წამომივიდა. მთელი გულით ვტიროდი...

- თავი როგორ მომჭერი? ასე როგორ მომექეცი? თუ აღარ გინდოდა ჩემთან ყოფნა, უბრალოდ დავშორებულიყავი. რაზე ფიქრობდი, ამ სისულელეს რომ აკეთებდი?

ჩემი კითხვები უპასუხოდ რჩებოდა...

ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ცოლი მღალატობდა. იმას ხომ მითუმეტეს ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემთან დაშორების გარეშე სხვას ოფიციალურად გაჰყვებოდა ცოლად.

ხელი, რა თქმა უნდა, არ მოუწერიათ. მხოლოდ ჯვარი დაიწერეს.

ირინას დავშორდი, შვილებს ხშირად ვნახულობ. როგორც მოგვიანებით გავიგე, საყვარელს ატყუებდა, რომ გაყრილები ვიყავით და ჩემთან მხოლოდ ბავშვების გამო ურთიერთობდა.

მომხდარის შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა, მაგრამ ქალებს ვერ ვეკარები. ტკივილის მეშინია. ასე მგონია, ყველა მატყუარა და მოღალატეა. სიმართლე რომ ვთქვა, არ მინდა სიბერეში მარტო ვიყო. მაგრამ ქალთან პირველი პაემნის შემდეგ შეხვედრა აღარ მინდება. მირჩიეთ რა ვქნა?

რადა მახარაძე

ბეჭდვა