24 დეკემბერი, 2015
„ჩემმა ქმარმა დაუვიწყარი საახალწლო საჩუქარი გამიკეთა, იტალიიდან დაბრუნებულს სახლში სხვა ქალი დამხვდა“...
მარინა 40 წლის არის. 8 წელი ემიგრაციაში იმყოფებოდა. იტალიაში მუშაობდა, რომ ოჯახი ერჩინა. ერთი კვირის წინ სამშობლოში დაბრუნდა. ქმარ-შვილი წინასწარ არ გააფრთხილა, გადაწყვიტა სიურპრიზი გაეკეთებინა მათთვის.

მარინა:

„სიყვარულით გავთხოვდი და არასდროს მინანია, ამ ნაბიჯის გადადგმა. ვაჟა უნივერსიტეტში გავიცანი, მისმა იუმორმა, თავდაჭერილობამ, ინტელექტმა და სასიამოვნო გარეგნობამ, ადვილად მომხიბლა. ყოველთვის ვოცნებობდი განსაკუთრებული სიყვარულის ისტორია მქონოდა. ოჯახის წევრებისა და მეგობრების წინააღმდეგ ბრძოლა არ მომიხდა, რადგან ვაჟამ მომენტალურად დაიპყრო მათი გულები, არც ცუდი დედამთილი შემხვედრია. საწყალი, ღმერთმა ნათელში ამყოფოს,
ჩვენი შეუღლებიდან სამი წლის იუბილეზე გარდაიცვალა. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა. რა თქმა უნდა, პრობლემები გვქონდა, მაგრამ ჩემი ქმრის სიყვარული, ყველა წინააღმდეგობის გადალახვაში მეხმარებოდა.

ერთხელ მეზობლის ქალმა ენა მომიტანა ქმარი გღალატობსო. არ დავიჯერე, მაგრამ მისი გაკონტროლება დავიწყე. „ენდე, მაგრამ გადაამოწმე." შევნიშნე, რომ მობილურს მართლაც ხშირად თიშავდა, სახლში მოსვლას აგვიანებდა, ჩემდამი ფრიგიდული გახდა. შემეშინდა, რომ მიმატოვებდა. არ ვამაყობ ჩემი საქციელით, თვალთვალი დავუწყე. სამსახურთან ახლოს საყვარელი ნამვილად ჰყავდა. ავაკითხე და, როგორც იტყვიან, გამოვიჭირე. სკანდალი ავტეხე. თავს ვერ ვაკონტროლებდი. დამპირდა, რომ აღარასდროს გაეკარებოდა ამ ქალს და სახლში წამომიყვანა. ორი კვირის შემდეგ საავადმყოფოდან დამირეკეს და შემატყობინეს, რომ ჩემი ქმარი რეანიმაციაში იყო. კინაღამ ტელეფონთან გამისკდა გული. კლინიკაში მისულმა გავარკვიე, რომ საყვარელთან ურთიერთობა გაუგრძელებია. მის ძმას სასიკვდილოდ უცემია, შემდეგ კი კიბეებიდან დაუგორებია. ასე დაინვალიდდა ჩემი ქმარი.

ოჯახს შემოსავლის წყარო სჭირდებოდა, საქართველოში სამსახური, ნორმალური ხელფასით, ვერ ვიპოვე, ამიტომ იტალიაში წასვლა გადავწყვიტე. იმის მიუხედავად, რომ ძალიან გულნატკენი ვიყავი და მეგონა, რომ ამ ღალატს ვერასდროს ვაპატიებდი, მისი მიტოვება თავში აზრადაც არ გამივლია. ვაჟასთვის ცხოვრებაში ძალიან რთული ეტაპი დადგა.

მიზნად დავისახე, ოჯახი მერჩინა და მეუღლე ფეხზე დამეყენებინა. ევროპაში მოხუცის მომვლელი გავხდი. იქვე გავიგე, რომ არსებობდა ძვირადღირებული ოპერაცია, რომლის გაკეთების შემთხვვაშიც ვაჟა გავლას შეძლებდა. 8 წელი ემიგრაციაში ვიყავი. საახალწლოდ უფროსს დავეთხოვე და საქართველოში წამოვედი. მეგონა, ჩემი ნახვა ძალიან გაახარებდათ.

სახლის კართან რომ მივედი, გული გამალებით მიძგერდა, ერთი სული მქონდა, ჩემს ქმარ-შვილს მოვსიყვარულებოდი. კარი უცხო ქალმა გამიღო. რა გნებავთო მკითხა. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე. გამომიცხადა ვაჟას ცოლი ვარო.

მუხლებში კანკალი ვიგრძენი, თვალებში დამიბნელდა და გონებაც დავკარგე. თვალი როცა გავახილე, კარის მეზობლის სახლში ვიწექი. მან მომიყვა, რომ ვაჟას ეს ქალი ინტერნეტის საშუალებით გაუცნია, პერიოდულად სახლში ეპატიჟებოდა და ბოლოს ცოლადაც მოიყვანა. ჩემს შვილს თავიდან არ მიუღია დედინაცვალი, მაგრამ ქალს ყველა ძალ-ღონე უხმარია მასთან კარგი ურთიერთობის ასაწყობად.

არ ვიცი როგორ მოვიქცე, ვიყიდო ბილეთი და პირდაპირ იტალიაში გავბრუნდე თუ სახლში შევიდე და ვაჟას ვკითხო, რატომ მომექცა ასე? როდის გადავუყვარდი? რატომ გაუნელდა ჩემდამი გრძნობები? ვნახო შვილი თუ არ ვნახო? რატომ დამიმალა შვილმა, მამის ასეთი საქციელი, მასთან ხომ ტელეფონით და ინტერნეტის საშულებით ხშირად ვსაუბრობდი? მილიონი შეკითხვა მიტრიალებს თავში, ძალიან დაბნეული ვარ“.

რადა მახარაძე


ბეჭდვა