22 ნოემბერი, 2015
"ქმარი დღეგამოშვებით მაშიშვლებს და ისე მცემს..."
თამარა 45 წლის არის. 30 წლის ასაკში გათხოვდა და იმ დღეს წყევლის, როცა ეს გადაწყვეტილება მიიღო. ქალი წლების განმავლობაში ქმრის ძალადობის მსხვერპლი იყო. მეუღლეს ციხისთვის ვერ იმეტებს და ცოტა ეშინია კიდეც მისი, ჰგონია რომ სამართალდამცავები ვერ დაეხმარებიან. ,,ოდესღაც ხომ გამოვა ციხიდან? მიპოვის და მომკლავს ალბათ. დასაკარგი არაფერი ექნება, შებრუნდება კვლავ ციხეში. მე ვიკითხო თორემ, მკვდრის გარდა ყველას ეშველება." - მითხრა საუბრისას. თამარა რჩევას გეკითხებათ და აუცილებლად გამოეხმაურეთ.

თამარა:
- მიშკას ცოლად რომ გავყევი პირველი სამი
წელი ყველაფერი ნორმალურად იყო. ვერ ვიტყვი რომ იდეალურად. მაშინ თითქმის ყველას უჭირდა. ოჯახს როცა ქმნი, იმედი გაქვს რომ სიყვარული ყველაფერს გაგაძლებინებს: სიდუხჭირეს, უსამართლობას, ავადმყოფობას... კარგი ცოლი ვარ. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ დიდი წარმოდგენა მაქვს საკუთარ თავზე. უბრალოდ მართლა თავდაუზოგავად ვზრუნავდი მიშიკოზე, ვმუშაობდი კიდეც, რომ ოჯახში ფული შემეტანა.

მეოთხე წლის ერთ ღამეს სქესობრივი ურთიერთობის შემდეგ სასტიკად მცემა. ვეხვეწებოდი ნუ მირტყამ-მეთქი. მეორე დღეს ჩალურჯებების გამო სახლიდან ვერ გავედი. უმიზეზო ცემა-ტყეპა ორ-სამ თვეში ერთხელ მეორდებოდა. მომდევნო ერთი კვირა სულ ბოდიშებს მიხდიდა და თავს იმართლლებდა. რაღაც პარიოდის მერე მივხვდი რომ ჩემი ქმარი სადისტია.

მის მიმართ შიში გამიჩნდა. სექსზე უარს ვეუბნებოდი და გაუპატიურება დამიწყო. თანაცხოვრებასთან ერთად ცემის შემთხვევებიც გახშირდა. ახლა უკვე დღეგამოშვებით მაშიშვლებს და მცემს. აღარ ვმუშაობ. სწორედ ამ მიზეზით წამოვედი ოფისიდან. ყველა ჩემზე ჭორაობდა. ძალიან დავიღალე... ტუსაღი გავხდი. არ ვიცი ამდენს კიდევ დიდხანს გავუძლებ თუ არა.

რადა მახარაძე


ბეჭდვა