20 მარტი, 2015
''მეორედ რომ არ გავთხოვილიყავი, მამამთილმა სასიკვდილოდ გამიმეტა...''
მამის მშობლებმა დედას დააბრალეს შვილის სიკვდილი ძალადობის მსხვერპლი ქალების ისტორიები ჩვენს ქვეყანაში აღარავის უკვირს, მაგრამ ამ მხრივ გამორჩეული შემთხვევები მაინც რეგიონებში ხდება. თინა 30 წლისაა და ამბობს, რომ ცხოვრების თავიდან დასაწყებად მთავარი მონდომებაა. თუმცა იყო პერიოდი, როდესაც სიკვდილს ებრძოდა...

- დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში დავიბადე. უზრუნველი ბავშვობა არ მქონია, მაგრამ არც ისე გვიჭირდა, რომ სახლიდან 18 წლის გავქცეულიყავი და ცოლად 13 წლით უფროს მამაკაცს გავყოლოდი. არადა, ჩემს მამამთილს რომ ჰკითხო, სწორედ გაჭირვებას გავექეცი. ნუგზარი სასტიკი
ქმარი იყო, გათხოვებიდან სამ თვეში შინ თითქმის არ მოდიოდა. სადღაც საყვარელი ჰყავდა და იმ ქალთან ატარებდა დიდ დროს.

- კი, მაგრამ ცოლად ასეთ კაცს როგორ გაჰყევი?
- 4 წლის ვიყავი, მამა რომ დამეღუპა, დედა მე და ჩემს დას წვალებით გვზრდიდა. მამა ავარიაში დაიღუპა, როდესაც დედას მშობლებთან სტუმრად მიდიოდნენ. მამის მშობლებმა დედას დააბრალეს შვილის სიკვდილი. შენ რომ არ წაგეყვანა თქვენებთან, ჩვენი შვილი ცოცხალი იქნე-ბოდაო. რა სისულელეა, ბედისწერას წინ ვინ დაუდგებოდა. ყველამ უარყო და დედა ორ შვილს დამოუკიდებლად გვზრდიდა. ჩვენი უპატრონობით ჩემმა ყოფილმა ქმარმა ისარგებლა და მომიტაცა. სამი დღე რომ არავინ მომაკითხა, დავრჩი.

- თუ არ უყვარდი, საყვარელი ჰყავდა, ცოლად რატომ მოგიყვანა?
- მშობლები დაქორწინებას აძალებდნენ. ციხიდან ახალი გამოსული იყო და სწორედ იქიდან გაუცნია ტელეფონით თავისზე უფროსი ქალი, ვისთანაც დადიოდა. იმას ცოლად არ მოაყვანინებდნენ და შემთხვევით ამარჩია. სადღაც დამინახა ალბათ. მალე დავფეხმძიმდი, ამის შემდეგ ხომ საერთოდ ახლოს არ მეკარებოდა ნუგზარი. თითქოს მთავარი ბავშვი იყო. არც იმაზე ზრუნავდა, რომ შემყვარებოდა და საერთოდ არაფრად მაგდებდა. გოგონა შემეძინა, რაც დედამთილ-მამამთილს არ გაუხარდათ. არც იმაზე ჰქონდათ რეაქცია, რომ მათი შვილი ასე მექცეოდა. მოკლედ, იმ ოჯახში ნივთივით ვიყავი და დედაჩემი მოსვლასაც ვერ ბედავდა. სამ წელიწადში ჩემი ქმარი მეორედ დაიჭირეს და 16 წელი საყვარლის სასტიკად მკვლელობისთვის მიუსაჯეს. კიდევ რამდენიმე მუხლი ჰქონდა, მაგრამ ვერ დაუმტკიცეს. დღემდე არ ვიცი, რა მოხდა და ციხეში ორ წელიწადში გარდაიცვალა. მიზეზად ინფარქტი გვითხრეს.

- ამ პერიოდში როგორ ცხოვრობდი დედამთილ-მამამთილთან?
- ყოველი დღე ჯოჯოხეთი იყო. ჩემი უმცროსი მაზლი დაქორწინდა და საკმაოდ კარგი გოგო მოიყვანა ცოლად. რძალთან კარგი ურთიერთობა მქონდა და მაგაზეც კი ეჭვიანობდნენ. შვილის გარდაცვალების შემდეგ ხომ საერთოდ შეიშალნენ. ერთხელ ჩემი მამამთილი დათვრა, აიღო თოფი და მესროლა. სანამ გაბოზდები ან გათხოვდები და ჩემს მკვდარ შვილს თავს მოჭრი, მირჩევნია, მე მოგკლაო. საბედნიეროდ, გადავრჩი. პოლიციაში ჩვენება იძულებით მივეცი, რომ ვითომ თოფი გაუვარდა, თან საქმე ჩააწყვეს და ერთი წელი მისცეს ციხე. ამ პერიოდით ვისარგებლე. დედას ბინა გავაყიდვინე, მე, დედა, ჩემი და და შვილი თბილისში გამოვიქეცით, ბინა ვიგირავეთ და დარჩენილი ფულით სამუშაოდ იტალიაში წავედი. უკვე ორი წელია, აქ ვცხოვრობ. ფულს თითქმის არაფერში ვხარჯავ, მინდა, დედა და ბავშვი აქ წამოვიყვანო და მშვიდად ვიცხოვროთ. დედა თითქმის ყველა დარეკვაზე მეუბნება, რომ სახლიდან მხოლოდ პროდუქტების საყიდლად გადის, ან ბავშვი რომ სკოლაში მიჰყავს, რადგან ეშინია, სადმე ჩემს ყოფილ დედამთილს ან მამამთილს არ შეხვდეს. ჩემი მამამთილი უკვე გამოსულა ციხიდან და ფიქრობს, რომ შეიძლება ეძებდნენ.

სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''


ბეჭდვა