02 მარტი, 2015
''მამინაცვალმა მეორე ცოლი ჩვენს სახლში მოიყვანა...''
ეს ამბავი ახლობლებმა მძიმედ გადაიტანეს, ჩვენთან თითქმის არავინ აღარ მოდიოდა დეა 17 წლისაა და ამბობს, რომ მეგობრების ძალიან რცხვენია, მაგრამ ამ ამბავში მთავარ დამნაშავედ დედა მიაჩნია, რომელმაც რამდენიმე წლის წინ დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგა.

- 7 წლის ვიყავი, მამამ რომ მიგვატოვა. მე მშობლების ერთადერთი შვილი გახლდით. თბილისის ერთ-ერთ უბანში ორსართულიან სახლში ბედნიერად ვცხოვრობდით და ჩვენთან ხშირად დადიოდნენ სტუმრები. ერთ დღეს ყველაფერი დამთავრდა, როდესაც მამა თანამშრომელ ქალთან ერთად საბერძნეთში გაიქცა. იმ ქალმა ქმარი და ორი შვილი დატოვა.
მაშინ ამ ამბავზე მთელი თბილისი ლაპარაკობდა. რამდენიმე თვეში დედას დაურეკა და უთხრა, რომ წინასწარ ყველაფერი მოაგვარა, ბინა მასზე გადააფორმა და შეეძლო, მშვიდად ყოფილიყო. პატიება სთხოვა და დაჰპირდა, რომ ყოველთვე ჩემთვის ფულს გამოგზავნიდა. ამ პირობას დღემდე ასრულებს.

- დედამ, ალბათ, ქმართან განშორება მძიმედ გადაიტანა.
- ერთი წელი გაღიმებული არ მინახავს. სამსახურს ხშირად აცდენდა და დღეების განმავლობაში ოთახში იკეტებოდა. ამ დროს ბებიასთან მივყავდი და კართან მტოვებდა. ერთ დღეს მითხრა, რომ ყველაფერი დამთავრდა, ახალი ცხოვრება უნდა დაგვეწყო და მართლაც ძალიან გახალისდა, ძველებურზე მეტადაც კი. ერთ წელიწადში ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად მოვიდა, დათოდ გამაცნო და მითხრა, რომ დღეიდან ჩვენთან იცხოვრებდა. უცხო კაცთან შეგუება ძალიან გამიჭირდა. თვითონაც არ იკლავდა თავს ჩემი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.

- დედა ბედნიერი იყო?
- ძალიან, ახალ ქმარზე გიჟდებოდა. ეს ამბავი ახლობლებმა მძიმედ გადაიტანეს, ჩვენთან თითქმის არავინ აღარ მოდიოდა. დედას მშობლები რამდენიმე წელი არ ელაპარაკებოდნენ.

- რატომ, ბედნიერების უფლება არ ჰქონდა?
- დათო არ მოსწონდათ. ამბობდნენ, რომ აფერისტი იყო და უამრავ ქალს გაუმწარა სიცოცხლე. მათგან მხოლოდ ფული აინტერესებდა. დაახლოებით ხუთი წელი ვიცხოვრეთ ერთად. ბოლო დროს დედა და დათო ხშირად ჩხუბობდნენ. რაღაც ფულსა და საბუთებზე ლაპარაკობდნენ. ვაღიარებ, ძალიან მიხაროდა. ვფიქრობდი, რომ დედა მიხვდა თავის შეცდომას და მალე ამ კაცს სახლიდან გაუშვებდა. ერთ დღეს მართლა ასე მოხდა და ვიფიქრე, ჩვენს ცხოვრებაში ყველაფე-რი თავიდან დაიწყო და ძალიან ბედნიერები ვიქნებოდით. მართლაც ასე მოხდა. დედამ მომიბოდიშა, რომ ამდენი წელი ნორმალურად ყურადღებასაც ვერ მაქცევდა, მაგრამ ჩვენს ბედნიერებას დიდი ხანი არ ეწერა. მამინაცვალი საბუთებით მოგვადგა და თან ვიღაც ორი მამაკაცი ახლდა. ერთზე თქვა, ჩემი ადვოკატიაო. აღმოჩნდა, რომ დედამ ორი წლის წინ პირველი სართული მის სახელზე გააფორმა. როგორც შემდეგ ამბობდა, არ ახსოვს, რაზე მოაწერინა ხელი ყოფილმა ქმარმა, მაგრამ სასამართლომ არაფერი გაითვალისწინა და პირველი სართული წაგვართვეს. მალე იქ მამინაცვალი გადმოვიდა საცხოვრებლად და ახლახან ცოლიც მოიყვანა.

- მთელი ეს წლები მამა არ გინახავს?
- არა, როგორც ვიცი, საქართველოში რომ ჩამოვიდეს, ცოცხალს არავინ დატოვებს. იმ ქალის ქმარი ემუქრება, ვისთან ერთადაც გაიქცა. ხშირად მირეკავს ტელეფონზე და მეუბნება, რომ მასთან ჩავიდე, მაგრამ იმ ქალის დანახვა არ მინდა, ვინც ამ უბედურებამდე მიგვიყვანა. ჩვენი ბინის ამბავი გაიგო და დედაზე ძალიან გაბრაზდა, მაგრამ თვითონ უარესი სისულელე გააკეთა და ხმას როგორ ამოიღებდა.

- ახლა პირველ სართულზე შენი მამინაცვალი ცხოვრობს ცოლთან ერთად?
- დიახ და ამის გამო სახლში მეგობრის მოყვანის მრცხვენია. ყველა ისე იცნობდა, როგორც მამაჩემს. რომ დაინახონ, ახალ ცოლთან ერთად ეზოში ნებივრობს, ალბათ, ყველას დასაცინი გავხდები. თუმცა ხანდახან მგონია, რომ ყველამ ყველაფერი იცის და უბრალოდ, მე არ მაგრძნობინებენ.

სალომე დადიანი

ბეჭდვა