09 თებერვალი, 2015
''სანამ საბერძნეთში ოჯახისთვის ლუკმა-პურისთვის ვმუშაობდი, ჩემმა მეუღლემ ცოლი მოიყვანა''...
ვგრძნობდი, რომ ოჯახს ჩემი დახმარება აღარ სჭირდებოდა გასულის საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში არაერთ ოჯახს ფინანსურად ისე გაუჭირდა, რომ ერთი ან რამდენიმე წევრი სამუშაოდ საზღვარგარეთ გაემგზავრა. ხშირ შემთხვევაში ესენი იყვნენ ქალები, რომლებიც უახლოეს ქვეყნებში - თურქეთსა და საბერძნეთში სხვადასხვა სამსახური იშოვეს. ლია ბ. ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინ საქართველოში ქმარ-შვილი დატოვა, რომ მათთვის საბერძნეთიდან ფული გამოეგზავნა...

ლია.ბ.

- ფილოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე, ერთხანს სკოლაში ვმუშაობდი, მაგრამ შვილები რომ შემეძინა, იძულებული გავხდი სამსახურისთვის თავი დამენებებინა.
არც დედა მყავდა და არც დედამთილი, რომ მათ ჩემთვის ხელი შეეწყოთ და რამეში მომხმარებოდნენ. მეუღლე ინჟინერია, მაგრამ ამ პროფესიით ყოველთვის ცოტა შემოსავალი ჰქონდა. მერე შინ ხეზე მუშაობა დაიწყო, დიდი სახლი გვქონდა და ავეჯს აკეთებდა. თითქოს თავიდან კარგად იყიდებოდა ყველაფერი: სკამი, მაგიდა, კარადები, თაროები, მაგრამ შემდეგ საქმე უკან წავიდა. წელიწადი ისე გავიდოდა, არაფერი იყიდებოდა. ერთხანს ნამცხვრებს ვაცხობდი და მაღაზიებში ვაბარებდი, მერე ეს ბიზნესიც ჩაგვივარდა. უკიდურესად რომ გაგვიჭირდა, სწორედ მაშინ გადავწყვიტე საბერძნეთში გამგზავრება. იქ ერთი ჩემი ბავშვობის მეგობარი ქმართან ერთად ცხოვრობდა და ვიფიქრე, რომ პირველ ეტაპზე ის დამეხმარებოდა, სამსახურს მომაძებნინებდა.
- გაამართლა ჩანაფიქრმა?
- დიახ... მოგეხსენებათ, იმ დროს კომუნიკაციაც პრობლემას წარმოადგენდა. არც ''სკაიპი'' ვიცოდი რა იყო და ''ფეისბუქიც'' არ არსებობდა. მაკასთან დაკავშირებას რამდენიმე კვირა ვცდილობდი, იმედი უკვე გადაწურული მქონდა, მაგრამ ერთხელაც ტელეფონის ყურმილში მისი ხმა შემომესმა. ბედნიერებისგან ადგილზე ჩავიკეცე და ძლივს მოვუყარე თავი სიტყვებს. მაკამ დახმარება აღმითქვა და მეც გასამგზავრებლად მეორე დღესვე დავიწყე ყველა საჭირო საბუთის შეგროვება.
- მეუღლე თქვენს გადაწყვეტილებას როგორ შეხვდა?
- პირველად, როცა თამაზს ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობე, ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, არსად არ წახვალ, სხვა ქვეყანაში სამუშაოდ არ გაგიშვებ. რაღაც იქნება, როგორღაც გამოვძვრებით, ყველანი ერთად უნდა ვიყოთო. ეს ''რაღაც'' რომ არ გამოჩნდა და სხვა გამოსავალი ვერ დაინახა, თავად მითხრა, იქნებ მართლა წახვიდე, რამდენიმე თვე დარჩები, ცოტა ფულს გამოგვიგზავნი და ამასობაში მეც ვიშოვი რამესო.
- საბერძნეთში სად მუშაობდით?
- მაკამ თავისი მეუღლის რესტორანში მომაწყო, მაგრამ იქ მცირე ხანს დავრჩი. რადგან საკუთარი ბინა არ მქონდა და მეგობართან თავს უხერხულად ვგრძნობდი. მართალია, მაკა და მისი ოჯახი ზედ მყვებოდა, მაგრამ მე მაინც არ მინდოდა მათი შეწუხება. ისეთი სამსახური მინდოდა მეპოვა, რომ საცხოვრებლის პრობლემა არ მქონოდა. საერთოდ, იქ როცა ბავშვის ან მოხუცებულის მომვლელად მუშაობ, ხშირ შემთხვევაში იქვე თავის ოჯახში გაცხოვრებენ და თავშესაფრის პრობლემა არ გაქვს. ორი თვის შემდეგ მეც ვიპოვე ერთი ასეთი ოჯახი, სადაც თავდაპირველად ოთხი თვის ბავშვს ვუვლიდი. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იყო და ორივე მუშაობდა. დიასახლისი ძალიან კარგი გოგონა იყო, თბილი, ზრდილობიანი, უშუალო... გადაყოლილი ვიყავი მათ პატარას, ცივ ნიავს არ ვაკარებდი. ასე გაიარა ოთხმა წელიწადმა. ბავშვი გავზარდე, წამოვჩიტე და ბაღში რომ შევიყვანეთ, მათთვის ზედმეტი აღმოვჩნდი. არ გეგონოთ, ასე თავად მითხრეს, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ოჯახს ჩემი დახმარება აღარ სჭირდებოდა. როცა ეს ჩემს დიასახლის ვუთხარი, ტირილი დაიწყო, მეუბნებოდა, დედასავით მიყვარხარ, ისე შეგეჩვიე, შენ გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმომიდგენია. დარჩი და უბრალოდ იყავი ჩვენთან, შენგან მეტი არაფერი მინდაო. სწორედ იმ პერიოდში მამამისი ავად გახდა. ჩემს დიასახლისს დედა არ ჰყავდა, მამა ცალკე ცხოვრობდა და გადაწყვიტა თავისთან წამოეყვანა. საქმეც გამომიჩნდა, ახლა იმ მოხუცის მოვლა დავიწყე...
- საქართველოში რა სიხშირით ჩამოდიოდით?
- პირველი ოთხი წელი არ ჩამოვსულვარ. შემდეგ წელიწადში ერთხელ ორი კვირით ჩამოვდიოდი. საბერძნეთში სულ ათი წელი გავატარე. თავიდან ჩემი შვილების ხმას კვირაში ერთხელ ან ორჯერ ტელეფონში ვისმენდი. ვტიროდი, მენატრებოდნენ, მაგრამ... შემდეგ უკვე გაჩნდა ''სკაიპი'' და ინტერნეტით ჩემს შვილებს ყოველ დღე ''ვხედავდი'' და ვესაუბრებოდით.
- მეუღლე ჩამოსვლას არ გთხოვდათ?
- არა, არ მუშაობდა. ბავშვებს პატრონობდა, იმ პერიოდისთვის ყოველთვიურად საკმაოდ კარგ თანხას ვუგზავნიდი და მგონი, არც ფიქრობდა რამე ეპოვა. მიეჩვია ასე ცხოვრებას, გაზარმაცდა... შემდეგ ჩემი ქმრის ცხოვრებაში სხვა ქალი გაჩნდა. ალბათ მისი საქციელი გარკვეულწილად შეიძლება გაამართლო, მაგრამ რთულად შესაგუებელია. სანამ საბერძნეთში წელებზე ფეხს ვიდგამდი, ჩემს მეუღლეს ვიღაც ქალი გაუცნია და შეხვედრები დაიწყეს. მალე ის ქალი დაფეხმძიმდა და... ყველაზე მეტად იმაზე ვბრაზდები, რომ ჩემი ქმარი მას ჩემი წვალებით ნაშოვნი ფულის ნაწილს აძლევდა. რამდენიმე წელია, რაც თბილისში დავბრუნდი. შვილები ჩემთან ცხოვრობენ, ყოფილი ქმარი კი იმ ქალთანაა, ცოლად მოიყვანა. გოგონა შეეძინათ და ჩემს შვილებს ნახევარდასთან ჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ.
- ახლა მუშაობთ?
- კი, ერთ-ერთ საჯარო სამსახურში, რომელსაც ახლა ვერ დაგისახელებთ. რაც შეეხება ჩემს ყოფილ ქმარს, დღემდე უმუშევარია. მისი მეუღლე და სიდედრი ტანსაცმლით ვაჭრობენ და ოჯახს კარგი შემოსავალი აქვს. კაცს მთელი ცხოვრება ფეხი-ფეხზე აქვს გადადებული და ქალები მუშაობენ, რატომ შეიწუხებს თავს (იღიმის). ისე, მარტო ჩემს ოჯახს კი არ დაემართა ასე, სამ ქალს მაინც ვიცნობ, რომელთა ოჯახებიც იმავე მიზეზით დაინგრა. რას ვიზამთ, ასეთია ცხოვრება. ჩვენ, ქალები სულ ვიბრძვით და ფარ-ხმალს არასოდეს ვყრით.

მკითხველის ისტორია

ბეჭდვა