12 ნოემბერი, 2014
''ჩანთაში ნაპოვნი პრეზერვატივის გამო შეიძლება, ოჯახი დამენგრეს...''
სახლი იმ ღამესვე დავტოვე, არ მომისმინეს, არც ჩემი ახსნა აინტერესებდათ ალბათ, რთულია დაიჯერო, რომ ეს ამბავი დედაქალაქში მოხდა და მსხვერპლი 30 წლის გოგონაა, მაგრამ დედამთილის ინსტიტუტი ჯერ კიდევ ძლიერია საქართველოში...

სვეტა:
- მე და გია კლასელები ვიყავით და ლამის პირველი კლასიდან გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ დედამისი ჩვენი ურთიერთობის სასტიკი წინააღმდეგი იყო. ბებია რუსი მყავდა და გიას დედა ამბობდა, არ მინდა, რუსული გენების რძალი ჩემს სახლში შემოვიდესო. სკოლის დამთავრებამდე ერთმანეთს დავშორდით, გია მეცხრე კლასიდან გავიდა და მე
სწავლა გავაგრძელე. დავამთავრე უნივერსიტეტი და ერთ-ერთ სერიოზულ კომპანიაში თარჯიმნად მუშაობა დავიწყე.
- ეს წლები გია აღარ გამოჩენილა?
- არა. ერთხელ ჩემი კლასელი ბიჭი შემხვდა და მითხრა, გიას ისევ უყვარხარ, ბიჭებმა ვიქეიფეთ და რომ დალია, დედამისზე ჩხუბობდა, მან დამინგრია ცხოვრებაო. ჩემთანაც არავინ გამოჩენილა, რამდენიმე თაყვანისმცემელს შევხვდი, მაგრამ ყველასთან პირველი პაემნით დამთავრდა ურთიერთობა. ერთ დღეს სამსახურიდან გამოსულს გია დამხვდა. ძლივს ვიცანი, ძალიან გაზრდილიყო, 25 წლის ზრდასრული მამაკაცი მიყურებდა. მუხლებში ჩამივარდა და მეხვეწებოდა, ახლა არ უნდა მიმატოვო, თორემ მართლა დავიღუპებიო.
- პრობლემები ჰქონდა?
- არა, უბრალოდ მთხოვა, რომ ცოლად რაც შეიძლება მალე გავყოლოდი. დისტრიბუტორად მუშაობდა. დაბალი ხელფასი ჰქონდა, მაგრამ წვალობდა და ქუჩაში უსაქმურად არ იდგა. დედამისი შედარებით კარგად შემხვდა, ალბათ ფიქრობდა, რომ ერთადერთი ბიჭი არ დაეკარგა. მოკლედ, სამ თვეში პატარა ქორწილი გადავიხადეთ და გიას ცოლი გავხდი.
- ისევ გიყვარდა?
- არ ვიცი, ძველებურად ალბათ არა, თან სხვადასხვანაირად განვვითარდით. მე მთელი დღე საქმიან ხალხთან მქონდა ურთიერთობა, მას კი - მაღაზიის გამყიდველებთან. ერთ წელიწადში ბავშვი შეგვეძინა და გათხოვებიდან 3-4 წელი საკმაოდ ნორმალურად ვცხოვრობდით, სანამ ის საბედისწერო ფაქტი არ მოხდა. ერთ დღეს სამსახურში ერთ-ერთმა თანამშრომელმა პრეზერვატივის უამრავი კოლოფი მოიტანა. მისი ქმარი არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს და უფასოდ არიგებენო. თანამშრომლებს ყველას დაურიგა და ორი კოლოფი მეც ავიღე, მომერიდა, მაგრამ გიასთვის არ მითქვამს, უცნაური ტიპია, შეიძლება, ასეთ რაღაცებზე გაგიჟებულიყო - რატომ წამოვიღე სახლში პრეზერვატივი, თან ჩვენი თანაცხოვრების პერიოდში არასოდეს გამოგვიყენებია.
- შემდეგ რა მოხდა?
- ამ ამბიდან სამ კვირაში ერთ დღეს ბავშვი მშვიდად თამაშობდა, წინ ჩემი ჩანთაც დავუდე, ოღონდ არ ეტირა და ვიფიქრე, გაერთობა-მეთქი. ყურადღება არ მიმიქცევია, როგორ ამოიღო ჩანთიდან პრეზერვატივი და ჩემამდე მოვიდა, ეს რა არის, დედიკოო, – მკითხა. ამ სცენას მთელი ოჯახი შეესწრო. ქმარი, დედამთილი, მამამთილი, ყვირილში ერთმანეთს ასწრებდნენ. დედამთილი გიას აქეზებდა, ხომ გეუბნებოდი, რუსული გენეტიკის ქალი სახლში არ გამოგვადგებაო. მაბრალებდნენ, რომ პრეზერვატივი საყვარლებისთვის დამქონდა ჩანთით.
სახლი იმ ღამესვე დავტოვე, არ მომისმინეს, არც ჩემი ახსნა აინტერესებდათ. ორი კვირაა, უკვე დედაჩემთან ვცხოვრობ. მეხვეწება, მაგ ხალხს მოშორდი და ბინას ცალკე გიყიდიო. ჯერ-ჯერობით არავის დაურეკავს, მხოლოდ ერთხელ მოვიდა გიას მამიდაშვილი ბავშვის სანახავად.

სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''
ბეჭდვა