01 მარტი, 2017
ონლაინ შოპინგით მოტყუებულთა რიცხვი იზრდება? ''აუცილებლად ვუჩივლებ, რომ ხვალ სხვასაც იგივე არ გაუკეთონ''
ადრე, ხშირად როცა რეკლამებში ან სლაიდებზე ვხედავდით მომხიბლავ მსახიობებსა და მოდელებს, მოდურ სამოსში გამოწყობილებს, ხანდახან წარმოსახვის უნარიც კი არ გვყოფნიდა, იმისთვის, რომ თავი იმ სამოსში წარმოგვედგინა. ახლა კი გვაქვს იმის ბედნიერება, ფოტოზე ავარჩიოთ სასურველი პროდუქტი და სახლიდან გაუსვლელად, ღილაკზე თითის დაჭერით შევიძინოთ ის.

თუმცა ყველაფერს ორი მხარე აქვს. მას შემდეგ, რაც ხალხმა აქტიურად დაიწყო პროდუქციის ინტერნეტიდან გამოწერა, მოიმატა მოტყუებული მყიდველების რაოდენობამ.

ზვიად ნავროზაშვილი, 36 წლის, ბიზნესმენი: მე ძალიან მიყვარს შოპინგი და ხშირად ვიწერ ტანსაცმელს უცხოური
საიტებიდან. ქართული საიტიდან არასდროს არაფერი გამომიწერია.

- ზომები ყოველთვის ემთხვევა?
- ყველა სამოსს სხვადასხვა ზომები აქვს, ამიტომ ყოველ ჯერზე მიწევს სანტიმეტრით მხრებისა და წელის გაზომვა.

- სურათზე ხომ ხანდახან სხვანაირი ჩანს ტანსაცმელი?
- რა თქმა უნდა. ჩემი მეგობრები და ნაცნობებიც ხშირად იწერენ ტანსაცმელს და ყველას, ვინც კი ონლაინ მაღაზიებით სარგებლობს აქვს იმის განცდა თუ რამდენად იქნება მიახლოებული ტანსაცმელი სურათზე ასახულთან. ბოლოს რაც გამოვიწერე, ერთი კვირის წინ ჩამომივიდა და ცოტათი უფრო დიდი იყო იმაზე, რაც უნდა ყოფილიყო. რამდენჯერმე მქონია მსგავსი შემთხვევა, მაგრამ, რადგან შოპინგი ძალიან მიყვარს, მაინც ვიწერ რაღაცებს. ალბათ ინტერნეტით გამოწერას იმიტომ ვანიჭებ უპირატესობას, რომ ონლაინ მაღაზიებში ყოველთვის განსხვავებული ტანსაცმელია.

- ფასებზე რას იტყვით?
- ყველანაირი ფასია, თუმცა ხარისხიც ფასის შესაბამისია. მე პირადად, ყოველთვის ძვირიანს ვყიდულობ, რადგან ხარისხი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

თამო ვაშალომიძე, მოდელი: ერთხელ გამოვიწერე ბოქსის ხელთათმანები ამაზონიდან.

- კმაყოფილი ხართ? გზავნილი დროულად მიიღეთ?
- კი, ხარისხიც კარგი იყო.

ნინო ჯიბლაძე, 18 წლის, მოსწავლე:
ქართული საიტიდან არასდროს გამომიწერია. ამაზონსა და სხვა უცხოურ საიტებს ვანიჭებ უპირატესობას. ყოველთვის თავის დროზე ჩამოდის გზავნილი, თანაც ზუსტად ისეთი როგორიც ფოტოზეა.
ანანო გიორგაძე, 21 წლის, სტუდენტი: ხშირად ვიწერ ინტერნეტიდან ტანსაცმელსა და აქსესურებს. "ფეისბუქის" საიტიდან გამოვწერე რამდენჯერმე და ალიექსპრესიდან. ორჯერ იყო ისეთი შემთხვევა, როცა გამოვწერე, ფული გადავიხადე და გზავნილი არ ჩამომივიდა.

- თანხა დაიბრუნეთ?
- კი, უკან გადმომირიცხეს.

- შეშინება ან მკაცრად დალპრააკება დაგჭირდათ თუ თავად გადმოგირიცხეს?
- (იცინის) არა თავისით.

- კმაყოფილი ხართ ონლაინ გამოწერებით?
- არა, დაბალი ხარისხი აქვს ინტერნეტით გამოწერილ პროდუქტს.

21 წლის ფოტოგრაფი, ნათია: გამოვწერე ერთი საიტიდან და დიდ ხანს მაწვალეს. მეუბნებოდნენ, ახლა ჩამოვა, ახლა ჩამოვაო. ძალიან გავწვალდი. თანხის დაბრუნებაზე, რომ დავუწყე საუბარი აღარც ტელეფონზე მიპასუხა, აღარც - მომწერა. ბოლოს პოლიციით შევაშინე და დამირიცხა თანხა.

25 წლის სტუდენტი (ინდოეთიდან) ანა: ერთ- ერთი ქართული "ფეისბუქის" საიტიდან გამოვიწერე ფეხსაცმელი, რომელიც 60 ლარი ღირდა. 30 ლარი გადავურიცხე და ვუთხარი, რომ თანხის მეორე ნაწილსაც გადავრიცხავდი, მაგრამ უკვე ერთი თვეა ვეკითხები, როდის გამომიგზავნიან ფეხსაცმელს და ყურადღებას არ მაქცევენ.

უცხოელ მყიდველს ჯერ- ჯერობით თანხას არ უბრუნებენ, მან საიტის ადმინისტრატორს თანხის დასაბრუნებლად დრო მისცა, თუ განსაზღვრულ დროში თანხას არ დაუბრუნებენ, ანა საჩივარის შეტანას აპირებს.

"როცა შევედი საიტზე და ვნახე "ლაიქებისა" და კომენტარების რაოდენობა, ჩავთვალე, რომ სანდო იქნებოდა. თანხა სადაც გადავრიცხე, ექაუნთის მფლობელის სახელად მითითებული იყო მარიამ მ., ეს მაფიქრებინებს, რომ საიტის მფლობელი ქალია. მე აუცილებლად ვუჩივლებ მათ პოლიციაში, თუ თანხას არ დამიბრუნებენ. საქმე მხოლოდ ფულში კი არაა, არამედ ამას იმისთვის გავაკეთებ, რომ მან ხვალ სხვასაც იგივე არ გაუკეთოს. ამასთანავე, ვიღაცისთვის 30 ლარი შეიძლება არაფერია, მაგრამ მე სტუდენტი ვარ და სტუდენტისთვის 30 ლარიც და 5 ლარიც მნიშვნელოვანია" - ამბობს ანა, ინდოეთიდან.

ინტერნეტიდან ტანსაცმლისა და აქსესუარების გამოწერა ძალიან კომფორტულია, მაგრამ მყიდველს ყოველთვის დიდი სიფრთხილე მართებს.

მერიემ კაკაურიძე

ბეჭდვა