25 ოქტომბერი, 2016
"შეიძლებოდა 5 შვილი მყოლოდა და მხოლოდ 3 მყავს" - რას ნანობს ყველაზე მეტად "ხელოვნური სუნთქვის" ექიმი
წლებია, მსახიობი ნანა ბუთხუზი მუსიკისა და დრამის თეატრის სცენაზე თამაშობს, მაგრამ პოპულარობა სერიალმა "ხელოვნური სუნთქვა" მოუტანა. ექიმის როლში შესვლა არ გასჭირვებია, ამბობს, რომ მის პროფესიასთან ძალიან ახლოსაა, თეატრი ხომ ადამიანებს სულის განკურნებაში ეხმარება. როდის ჯიუტდება, რა მოსწონს ყველაზე მეტად საკუთარ ხასიათში, ვინ არის მისი მეუღლე და როგორ იქცევა, როცა დაძაბული პერიოდი აქვს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...მოცეკვავე, მხატვარი, ან მსა­ხიობი. სპექტაკლებზე დავდიოდი, მაგრამ ისე არ მომხდარა,
ეს პროფესია რომელიმე მსახიობის გავლენით ამერჩიოს. ოპერისა და ბალეტის თეატრში გავიზარდე. მამა მოცეკვავე იყო, მერე მხატვარი გახდა. თავად საბალეტო სკოლაში ვსწავლობდი. იმ პერიოდში აღმოვაჩინე, რომ არტისტიზმი მეტად მიზიდავდა, ვიდრე ცარიელი მოძრაობა.
- ჩემზე ამბობენ...
- ...გიჟიაო. ალბათ განსხვავებულად ვიქცევი, განსხვავებული რეაქციები მაქვს. მგონია, რომ "გიჟს" სიყვარულით მეძახიან. არაორდინარული ჩვევები მაქვს, მაგრამ ზრდილობის და წესიერების ფარგლებს არ ვცდები. ცხოვრებაში არ ვთამაშობ, ყოველთვის გულწრფელი ვარ და ემოციასაც გულწრფელად გამოვხატავ.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...დავიბადე.
- პირველი წარმატება...
- ....თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება იყო. ძალიან მინდოდა, გიზო ჟორდანიას სტუდენტი გავმხდარიყავი და ეს ოცნება ამისრულდა, უმაღლესი ქულებით გავედი.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...ალბათ არაფერს შევცვლიდი, მაგრამ სასწაულის მოხდენის ძალა თუ მექნებოდა, მამას გავაცოცხლებდი.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...ადამიანები მიყვარს, სიყვარული შემიძლია.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...
- ...სიზარმაცე.
- მეზარება...
- ...მეცადინეობა. ინგლისური ენის კარგად სწავლა მინდა. რამდენჯერმე დავიწყე და თავი დავანებე, ისევ დავიწყე და ისევ დავანებე. ამავე დროს ვაცნობიერებ, რომ არ შეიძლება XXI საუკუნეში ეს ენა არ იცოდე. დაკავებული ვარ, სულ რეპეტიციები, გადაღება, ოჯახი, შვილები... მაგრამ მაინც მგონია, რომ ეს სიზარმაცის ბრალია და არა ჩემი მოუცლელობის.
- ჩემთვის მიუღებელია...
- ...ტყუილი. როცა ვხვდები, რომ მატყუებენ, ძალიან მწყინს, მაგრამ ვცდილობ, არ გამოვხატო.
- არ მჩვევია...
- ...უზრდელობა, უხამსობა.
- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...
- ...არაფერს შევცვლიდი. რაც მაქვს, მომწონს და რაც არ მომწონს, ზოგჯერ ისიც მომწონს.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...ჩახუტების, მოფერების, სიყვარულის და ღიმილის.
- ყოველთვის მრცხვენია, როცა...
- ...მაქებენ. თან მსიამოვნებს, მაგრამ უფრო მეტად მრცხვენია.
- ვნანობ, რომ...
- ...(პაუზის შემდეგ) ვერაფერი მოვიფიქრე, დავიჯერო, არაფერს ვნანობ? ჰო, ერთი რაღაც გამახსენდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, ძალიან პირადულია. იმასაც ვნანობ, რომ შეიძლებოდა 5 შვილი მყოლოდა და მხოლოდ 3 მყავს.
- დაშვებულ შეცდომებს...
- ...ხშირად ვიხსენებ, ვაანალი­ზებ და ვფიქრობ, რომ აღარ დავუშვა. შეცდომა მეორედ შეგნებულად არასდროს დამიშვია, მაგრამ თავისთავად გამომსვლია. ბოდიშის მოხდა უპრობლემოდ შემიძლია.
- პატიება შემიძლია, თუ...
- ..."თუ" არ უნდა, ყოველთვის შემიძლია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანი გულწრფელად ნანობს.
- ვიბნევი, როცა...
- ...არაჯანსაღ გარემოში ვარ, სადაც სიცრუ და სიყალბეა და გიყურებენ ისე, როგორც უცხო სხეულს.
- ბოლოს ვიტირე...
- ...2 დღის წინ, როცა პრემიერა ვითამაშე. "ბალიშის კაცუნა" დათო დოიაშვილმა დადგა.
- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...
- ...უპასუხისმგებლობას, სითავხედეს... უსამართლობაზე ყვე­ლაზე მძაფრი რეაქცია მაქვს. ვგრძნობ, თავიდან ბოლომდე ვიცვლები, ხმა და ინტონაციაც კი მეცვლება, იმ დროს ალბათ გარეგნულადაც ცუდად გამოვიყურები.
- ახლა ძალიან მინდა ვიყო...
- ...კახეთში, ჩემს აგარაკზე შვი­ლებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად.
- სიყვარული ეს...
- ...ერთ სიტყვაში ეტევა, სიყვარული ღმერთია. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS