08 ოქტომბერი, 2013
სოციალური ქსელი - ''აბლაბუდა'' , მავნე ჩვევა თუ უსაქმურების თავშეყრის ადგილი
არაერთხელ შეგხვდებათ ცრემლიანი ღიმილის ნიშანი გარდაცვლილი ადამიანის ფოტოზე და კომენტარი - ''ნათელში იყავი'' სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება სულ უფრო და უფრო ხშირია ჩვენს რეალობაში. ყავა ''ფეისბუქით'' , ''ჩექინი'' დისლოკაციის ადგილიდან, ყიდვა-გაყიდვა... დაბადების დღეებსა და ქორწილებსაც კი სოციალურ ქსელში ვულოცავთ ერთმანეთს, ჭირისუფლებს ვუსამძიმრებთ,არაერთხელ შეგხვდებათ ცრემლიანი ღიმილის ნიშანი გარდაცვლილი ადამიანის ფოტოზე და კომენტარი - ''ნათელში იყავი''.

ბევრისგან გვსმენია, სანამ სოციალური ქსელები გაჩნდებოდა ჩვენს რეალობაში, უფრო მშვიდად ვცხოვრობდით, აგრესიაც ნაკლები იყო და დანგრეული ოჯახებიცო. ანგრევს თუ არა ოჯახებს ვირტუალური
ურთიერთობა და რა პოზიტივი და ნეგატივი მოაქვს ჩვენს ცხოვრებაში ინტერნეტსივრცეს? სწორედ ამ თემაზე შევაჩერეთ დღეს თქვენი ყურადღება და აზრი ორ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ რესპონდენტს ვკითხეთ.

ხატია სიჭინავა (ტელეწამყვანი):

- სოციალური ქსელ ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაშია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ''ფეისბუქი'' მობილურშიც მაქვს, დღის დიდ ნაწილს ამ ქსელზე ვატარებ. ძალიანაც არ მომწონს, მასზე ასეთი დამოკიდებული რომ გავხდი, მაგრამ, როგორც ჩანს, ძნელი მოსაშორებელია, მავნე ჩვევაა. ''ფეისბუქს'' ძირითადად იმისთვის ვიყენებ, რომ ჩემს შვილებს ყოველდღიური სურათები შევუნახო და ვაჩვენო, როგორ იზრდებოდნენ. მართალია, ყველა სურათს ვბეჭდავ, მაგრამ აქ ბევრად მეტი მაქვს შენახული. ასევე მეგობრებს პოზიტიურ განწყობას ვუზიარებ და მინდა, ჩემი დადებითი განწყობა ყველას გადავდო.
- შენი სახელითა და გვარით თუ გაუხსნია ვინმეს პროფილი და ამას თუ შეუქმნია შენთვის პრობლემა? 
- უამრავია ასეთი, ხუთი მაინც, მაგრამ ეს აბსოლუტურად არ მაწუხებს.
- შენი სახელით რომ სარგებლობენ, შენს ფოტოებს დებენ და შენი სახელით პოსტავენ, ეს არ გაღიზიანებს?
- არა, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ჩემი გვერდის გარდა, საერთოდ არ მაინტერესებს, რა იწერება სხვა გვერდებზე.
- შენი აზრით, რა პოზიტიური და ნეგატიური მხარეები აქვს სოციალურ ქსელებს?
- უარყოფითი უფრო მეტი აქვს, ვიდრე დადებითი. ხშირად აღვნიშნავ ხოლმე, რომ იმ პერიოდში, როცა ჯერ მობილური ტელეფონებიც კი არ არსებობდა, ბევრად ბედნიერად და აქტიურად ვცხოვრობდით. სოციალურმა ქსელებმა ურთიერთობები გააზარმაცა. სრულიად უცნობი ადამიანებისგან მეტი აგრესია წამოვიდა, თუმცა დადებითიც აქვს. მაგალითად, უცხოეთში მყოფ მეგობრებს ყოველდღიურად ეკონტაქტები.
- დღეს ბევრს ლაპარაკობენ სოციალური ქსელებით დანგრეულ ოჯახებზე. შენ თუ გაგიგია მსგავსი შემთხვევა შენ გარშემო?
- სამწუხაროდ, ძალიან ბევრი. ეს 21-ე საუკუნის დაავადებაა. თუმცა მიმაჩნია, რომ ოჯახს, რომელსაც სოციალური ქსელი ანგრევს, ნებისმიერი სხვა მიზეზიც ადვილად დაანგრევდა. მე და ჩემს ქმარს ერთი პაროლი გვაქვს და ერთმანეთს საერთოდ არაფერს ვუმალავთ. დამალული ამბებიდან იწყება ოჯახური რღვევაც, ალბათ.
- თუ გახსენდება შემთხვევა, როცა სოციალურმა ქსელმა პრობლემა შეგიქმნა?
- ყოფილა შემთხვევები, როცა ზოგიერთი საიტიდან გაბოროტებული ხალხის გზავნილები მომსვლია, მაგრამ ნერვებს არ ვიშლი, მეგობრებიდან ასეთ ხალხს ძალიან მარტივად ვშლი. არ მიყვარს დიდხანს ნერვიულობა, მით უმეტეს რაღაც უაზრობაზე.
- რას ფიქრობ იმ ადამიანებზე, რომლებიც თითოეულ ნაბიჯს ''ფეისბუქზე'' აქვეყნებენ და ფაქტობრივად, ამ ქსელით ცხოვრობენ?
- ვფიქრობ, არავისი საქმე არ არის, ადამიანი საკუთარ გვერდზე რას დაპოსტავს. ვინმეს პოსტები თუ აღიზიანებთ, ძალიან მარტივი გამოსავალია - მეგობრებიდან წაშლა.
- შენ როგორი შინაარსის სტატუსი გაღიზიანებს?
- მაღიზიანებს უზრდელური სტატუსები და შესაბამისად, ასეთი სტატუსების ავტორებსაც უსიტყვოდ ვშლი მეგობრებიდან. თუ ჩემს მეგობრებში არ არის ადამიანი, ვერც ერთ ჩემს პოსტსა და სურათს ვერ ხედავს. ასე რომ, თუ ვინმეს ჩემი ცხოვრება და ჩემი პოსტები აღიზიანებს, ვფიქრობ, გამოსავალს ადვილად მოძებნიან. ''ფეისბუქზე'' 5000 მეგობარი მყავს და მეორე ხუთი ათასი რიგში დგას, როდის გათავისუფლდება ადგილი, რადგან ''ფეისბუქი'' მეტს ვერ იმატებს.

ზაზა ბეჟაშვილი, ანუ ზუზუ (მსახიობი).

- ზუზუ, რა ადგილი უკავია შენს ცხოვრებაში სოციალურ ქსელებს და რა დროს ატარებ კომპიუტერთან?
- ასე კონკრეტულად ვერ გეტყვი. არის დღეები, როცა კომპიუტერთან ინტენსიურად ვზივარ, ზოგჯერ დრო ცოტა მრჩება ამისთვის, თუმცა თავისი ადგილი სოციალური ქსელებს ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად აქვს. თავიდან, როცა მსგავს საიტებზე დავრეგისტრირდი და ზოგადად ინტერნეტსივრცეში გავერკვიე, ამ ყველაფრისგან პოზიტივს ველოდი. თუმცა ვირტუალურ სამყაროში ნეგატივი უფრო მეტი აღმოვაჩინე, ვიდრე პოზიტივი. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ''ლაივ'' ურთიერთობები ჩაანაცვლა ამ ქსელებმა. ადამიანებს შორის კონტაქტი დაიკარგა... ვცდილობ, იმ ადამიანებისგან ნაკლები ინფორმაცია მივიღო, რომლებსაც ''ფეისბუქზე'' ჯდომის მეტი სხვა საქმე არ აქვთ. მაღიზიანებენ ადამიანები, რომლებიც ყოველ ნაბიჯს ''ფეისბუქზე'' პოსტავენ. ადამიანებს ამდენი სტატუსი ძალიან აპატარავებს ჩემს თვალში. ყველაფერი ხომ არ უნდა თქვა, რაღაც დაიტოვე შენთვისაც!
- ძირითადად რა ტიპის სტატუსები გაღიზიანებს?
- რა ტიპის და კაი ტიპი რომ ჰგონია თავი, თავისი სტატუსიდან გამომდინარე, აი, იმ ტიპის (იცინის). განსაკუთრებით მაღიზიანებს, ჩემი მეგობრები ერთმანეთს რომ ხოცავენ პოლიტიკის გამო. ან რა მნიშვნელობა აქვს, რის გამო?! ასე საჯაროდ, სოციალური ქსელით თუ ''აბლაბუდით'' ერთმანეთს რომ უპირისპირდებიან, ეს მაგიჟებს.
- ძირითადად რომელ საიტებს სტუმრობ ხოლმე?
- ''ფეისბუქს'' , ''იუთუბს'' და ფილმების საიტებს.
- შენი სახელითა და გვარით თუ სარგებლობს ვინმე სოციალურ ქსელებში და ეს თუ გიქმნის პრობლემას?
- ''ოდნოკლასნიკი'' აქვთ გახსნილი ვიღაცებს ჩემი სახელითა და გვარით. მე ამ საიტზე დარეგისტრირებული საერთოდ არ ვარ. რა პრობლემებს მიქმნიან, არ ვიცი, ნაკლებად მადარდებს.
- ვირტუალური ურთიერთობების შედეგად დანგრეული ოჯახების შესახებ თუ გსმენია რამე?
- რა თქმა უნდა, კოსმოსში ხომ არ ვცხოვრობ (იცინის)? ჩემ გარშემოც მომხდარა მსგავსი ფაქტები და სხვასაც მოუყოლია. დანგრეულა კიდეც და შექმნილა კიდეც ოჯახები.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
არ მომწონს არც ერთი და არც მეორე.
18:28 / 20-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS