25 სექტემბერი, 2016
"დედა 18 წელია, აღარ არის და ეს სიტყვები დღემდე მომყვება..." - რას იხსენებს მედეა ძიძიგურის ერთადერთი ვაჟი ბიძინა ბარათაშვილი
ქართული სცენის ყველაზე ინტელიგენტი მომღერალი, გამორჩეული ხმისა და ტემბრის პატრონი, რომანსების საოცარი შემსრულებელი მედეა ძიძიგური, უკვე 18 წელია, რაც აღარ არის, თუმცა მისი სიმღერები დარჩა და ყოველთვის სასიამოვნოდ ჟღერს... მაგალითად, ცნობილი სიმღერა - "ისევ მიდიხარ", როგორც მას, ვფიქრობ, არავის უმღერია...

გარდა იმისა, რომ ქართულ სცენას ამშვენებდა, დიდი ქველმოქმედიც გახლდათ, არაერთ ახალგაზრდას, ცნობილსა თუ უცნობს დაჰხმარებია და ბევრი მადლიერი ადამიანიც ჰყავს... მედეა ძიძიგურის გახსენება მის შვილს ბიძინა ბარათაშვილს ვთხოვეთ:

- დედაჩემი 20 წლის იყო, როცა მე
გავჩნდი... ძალიან ხალისიანი ადამიანი იყო, ყოველთვის ახალგაზრდული. უპრობლემო ხასიათი ჰქონდა. ჩემს მეგობრებთან ისევე მეგობრობდა, როგორც მე. ხომ გეუბნებით, ტიპი იყო ასეთი, ეს თვისებები მამამისისგან მოჰყვებოდა. ბაბუაჩემიც, კაკო ძიძიგური ძალიან თანამედროვე ადამიანი გახლდათ. ჩემს მეგობრებთან ისიც მეგობრობდა. სახლშიც რომ არ ვყოფილიყავი, ისინი დედასთან და ბაბუასთან ჩერდებოდნენ, საუბრობდნენ და მშვენიერი დამოკიდებულება ჰქონდათ. ეს ურთიერთობები წლების შემდეგაც გაგრძელდა...

დედაჩემისთვის დეიდა მედიკო, ან ქალბატონო მედიკო არ დაუძახიათ. ის მათთვის იყო მედი, ან მედიკო, ისევე როგორც ჩემთვის. სახელით მივმართავდით. არა იმიტომ, რომ მისი პატივისცემა ვინმეს არ ჰქონდა, ან ამით ზედმეტ ფამილარობას ავლენდა, საკითხს ასე თავად აყენებდა...
ჩვენ, კლასიკური გაგებით, დედაშვილობა არ გვქონია, დედაშვილური ურთიერთობა ბებიაჩემთან მქონდა, რადგანაც ჩემი გამზრდელი ის უფრო იყო. დედას კი ალბათ უფრო უფროსი დედმამიშვილის სტატუსი ჰქონდა. ამიტომაც მასთან მეტად გახსნილი ვიყავი და ისეთ თემებზე ვესაუბრებოდი, რაზეც შვილები მშობლებს არ ელაპარაკებიან ხოლმე.

- მართალია, კლასიკური დედაშვილობა არ გქონდათ, მაგრამ ალბათ, რაღაცას მუდმივად გასწავლიდათ, რაღაცისკენ მოგიწოდებდათ...
- ბაბუაჩემს მისი მომღერლობა არ უნდოდა, რადგანაც სურვილი ჰქონდა, მეცნიერებას გაჰყოლოდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ დედაჩემი ფრანგულის სპეციალისტი გახლდათ. უცხო ენების ინსტიტუტი საკმაოდ კარგად ჰქონდა დამთავრებული. ბაბუა მის სამსახიობო კარიერასაც შეეწინააღმდეგა. ამიტომ, თავისი მაგალითიდან გამომდინარე, დედა მხარს მიჭერდა იმაში, რომ თავისუფალი ვყოფილიყავი, ყველაფერში თვითონ გამეკეთებინა არჩევანი.

- თავად ვინ ხართ პროფესიით?
- ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნე. მიყვარდა ჩემი სპეციალობა, უნივერსიტეტის ლექტორი ვიყავი, მაგრამ როცა საბჭოთა კავშირის ნგრევა დაიწყო, სამწუხაროდ, სამეცნიერო მუშაობა, რომელიც მანამდე თითქოს მშვიდობიანი და უზრუნველი ცხოვრების გარანტიას იძლეოდა, უცებ სარისკო ჯგუფში შევიდა. არა დაფინასება, არა სტაბილურობა, დაბალი ხელფასი და ბუნდოვანი პერსპექტივა. თუმცა, პარალელურად უკვე ჟურნალისტობა მქონდა დაწყებული, 80-იან წლებში "ლელოში" ვწერდი, მართალია, ის მუდმივი საქმე არ იყო, უფრო ჰობი გახლდათ და როცა დილემის წინაშე აღმოვჩნდი, - რა გამეკეთებინა, - მეგობრებთან ერთად, გაზეთი "8 1/2" დავაარსეთ, - იმ პერიოდისთვის პირველი დამოუკიდებელი, აპოლიტიკური კინოგაზეთი... დედა გვერდით დამიდგა, მითხრა, - დაფიქრდი და გააკეთე ის, რაც სწორად მიგაჩნია.

არადა, ბაბუაჩემს ჩემთან დაკავშირებითაც სხვა გეგმები ჰქონდა. მაგალითად, ყოველთვის თავის ძმა, აკადემიკოსი შოთა ძიძიგური მოჰყავდა, არადა, ხასიათით მეტად ბაბუას ვგავდი და ისე აღმოჩნდა, რომ პრაქტიკულად, მისი გზაც გავიარე. კინოსტუდიის დირექტორი იყო, ტელესტუდიის დამაარსებელი და დირექტორიც და მეც გავხდი მომავალში ტელევიზიის დირექტორი, კულტურის მინისტრი იყო და ამ თანამდებობაზე მეც ვიმუშავე, ჟურნალ-გაზეთებს რედაქტორობდა და მეც ვიყავი რედაქტორი.

ერთი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი არ ვყოფილვარ... დედა სულ იმას მეუბნებოდა, რომ თუ მიიჩნევ, რომ ცხოვრებაში ესა თუ ის ნაბიჯი გადასადგემელია, - არავის დაუჯერო, გადადგი. შეგეშლება, არა უშავს, ის შეცდომაც შენია. ჯობია, შეცდომა დაუშვა და გული დაგწყდეს საკუთარ შეცდომაზე, ვიდრე რაღაც შანსი გქონდა და არ გამოიყენო. დედა 18 წელია, აღარ არის და ეს სიტყვები დღემდე მომყვება. მან ქმედითი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში რჩევებით და არა ჩარევებით. თავისუფალ ადამიანად ვიზრდებოდი და ამაში არა მარტო დედის, მამაჩემის მადლობელიც ვარ. არანაირი შეზღუდვა არ მქონდა. მეუბნებოდნენ, რომ ადამიანი თვითონ უნდა აკონტროლებდე საკუთარ თავს და ხვდებოდე, როგორი ჩარჩოები დაუწესო თავს...

კიდევ ერთი ისტორია ჩემს მომავალ მეუღლეს უკავშირდება... მაშინ, როდესაც ჩემს მომავალ მეუღლეს, ნანას სტუდენტობისას (შეყვარებულობის პერიოდში) 2 წელი დაშორებული ვიყავი და ერთხელაც, შევხვდი. მანამდე რთულ მდგომარეობაში ვიყავი, - არ ვიცოდი, მიმიღებდა, თუ არა და იმ პერიოდში რჩევა დედას ვთხოვე, რომელმაც მითხრა, - შენს თავმოყვარეობას გადააბიჯე, წადი და შეხვდი, როგორც ჩანს, შენი ბედია. დედა დამეხმარა. მოკლედ, მე და ნანამ ოჯახი შევქმენით და უკვე 30 წელია, ერთად ვართ.

- მამა და დედა ერთად რომ არ ცხოვრობდნენ, ამას თქვენზე არ უმოქმედია?
- ჩემი მშობლები რომ დაშორდნენ, 3 წლის ვიყავი და ეს მე არ მიგვრძნია. დედაჩემი და მამაჩემი ბოლო წუთამდე საოცარ ურთიერთობას ინარჩუნებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მამას მეორე ოჯახი ჰყავდა, რომელთანაც კარგი ურთიერთობა მქონდა, მყავს ძმა - არჩილი. არჩილთან დედასაც თბილი ურთიერთობა ჰქონდა. ამ ყველაფერმა კი ჩვენს ძმობას ხელი ძალიან შეუწყო. ამიტომაც არის, ჩემი და აჩიკოს ძმობა სამაგალითო. ასევე შესანიშნავი დამოკიდებულება ჰქონდათ დედაჩემსა და ნანას, მის მშობლებს, - ერთ ოჯახად ვცხოვრობდით. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS